საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

„მე ღმერთი მხოლოდ ჩემი სოფლის ეკლესიაში მწამს!“ (გაგურული დღიურები (წერილი მეოთხე)
ლელა ჩხარტიშვილი
აკეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია აღდგენის შემდგო


 

ანეგდოტია ასეთი: გურულს უთქვამს, ძამა აი ევოპელობა რიკოთს  იქით უნდა უხაროდენ, თვარა ჩვენ მიზდღემჩი ევროპიელები ვართო.  ევროპელობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ამერიკაში „პირველი“ ემიგრანტ-მოჯირითეები რომ იყვნენ ჩვენი გურულები, მაგაში აბა ვინ შეგვედავება? თუმცა ევროპელობასაც თავისუფლად შეუძლიათ „მიაწვნენ“.

სიახლეების მოყვარულნი და გადამეტებულად ამყოლნი  არიან  გურულები. ისედაც ჩქარები და სულსწრაფები  სულ  ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებენ  და შესაბამისად მოქმედებენ, სულ წინ უსწრებენ დროს, თანაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მუდმივად განმსჭვალავს მათ ცხოვრებასა და ყოფიერებას. მოგეხსენებათ:

„არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,

არსად ისე არ გადმოხეთქს უკმარობის ნიაღვარი...“ (გალაკტიონი).

ამ „უკმარობის ნიაღვარმა“ წალეკა ერთ დროს გურია. ახალ დროებას უმალ აუწყეს ფეხი და სოციალ-დემოკრატიის აკვნად გადაიქცა ეს, ოდითგანვე  ღვთისმოსაობით გამორჩეული, მხარე, ახალი სიოს ქროლვას აყოლილმა   გურულებმა მიჰყვეს ხელი ტაძრების ნგრევას.

დიახ, სადაც დიდი მადლი სუფევს, იქ ეშმაკისთვისაც  იოლად გამოიძებნა ადგილი.

ამ პატარა სამოთხეში, „სიცოცხლის სამოსახლოდ“ დასახულ კოპწია მხარეში მართლაც დიდი  მადლი ტრიალებს. უფლისადმი განსაკუთრებულ მოწიწებას ბევრი მაგალითი ადასტურებს. ამაზე ფსიქოლოგმა ლევან გურიელიძემ გამიზიარა თავისი მნიშვნელოვანი დაკვირვება:  „აი, დავუშვათ, გურული რომ  რაღაცას იტყვის,  თუკი საუბარი რამე ოჯახისთვის ზიანის მომტან თემას შეეხება, იგივე ავადმყოფობას  ან სხვა არასასიამოვნოს, უმალვე პირჯვარს გადაისახავს (თანაც „ისე სწრაფად, რომ მამაზეციერი ვერაფერს შეამჩნევს“) და „ჯვარი აქაურობასო“ იტყვის. კიდევ ერთ მაგალითს მოვიტან:   საქართველოს ყველა კუთხეში, სუფრაზე როდესაც თამადა ღვინის ჭიქით გადადის თანამესუფრესთან, როგორც წესი, ალავერდს ამბობს.   გურიაში კი - „დეილოცეო“ ამბობენ. გურულებზე ხშირად ხუმრობენ, რადგან პირველ სადღეგრძელოს მშვიდობისას ამბობენ. სინამდვილეში ეს არის ოდინდელი ქართველების სადღეგრძელო შემოკლებული ვარიანტით. საბჭოთა საქართველოში არ შეიძლებოდა ამ სიტყვების თქმა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“ ღმერთი აღარ უნდოდათ, კაცთა შორის სათნოებაზეც  არ იკლავდნენ თავს და მშვიდობას ვინღა დაუჭერდათ?  ამიტომაც მოხერხებულმა გურულებმა კარგად შენიღბეს ეს ღვთიური სათქმელი  და სადღეგრძელო შემოკლებული ფორმით შემოინახეს.  დაე, კიდევ დიდხანს ესვათ  გურულებს სამშვიდობო, საქორწილო, ძეობის და საქართველოს გამთლიანების სადღეგრძელო!

და კიდევ. გურიაში თითქმის  ყველა სოფლის სახელწოდებას ეკლესიური ფონი ჰქონდა:  „ამაღლება“, „მიქელ-გაბრიელი“ (მერე „შრომა“  დაერქვა), „შემოქმედი“ (სახელი დაუტოვეს, რადგან ღმერთს რომ  ერქვა  შემოქმედი, ეს რატომღაც დაავიწყდათ),  „მეწიეთი“ (შეწევნიდან მოდის ეს სახელი),  „გრიგოლეთი“  (წმინდა გრიგოლიდან), „მამათი“ (წმინდა მამების სახელს უკავშირდება), „ჯუმათი“ (ჯუმა - მეგრულად ძმას ნიშნავს და სოფლის ეს სახელწოდება ძმათა კრებულს უკავშირდება), „წყალწმინდა“, „ვაკიჯვარი“, „ბასილეთი“, „ჯვარცმა“... ეს იმ სოფლების სახელებია, რაც შემორჩა და რამდენი კიდევ არ ვიცით.

ცნობილია, აგრეთვე, გურულების განსაკუთრებული სიყვარული ბასილი დიდის მიმართ. ბასილი დიდის ხსენების დღეს (14 იანვარი) აუცილებლად ცხვებოდა ბასილი დიდის კვერები (ხუჭუჭა ჩიჩილაკიც ხომ   ბასილი დიდის წვერებს უკავშირდება). შობის დღეს საგანგებოდ ცხვებოდა შობის ღვეზელი, რომელსაც  მუცლის საკმაზს უწოდებდნენ და განსაკუთრებული მნიშვნელობა  ჰქონდა  (თუმცა შობის აღნიშვნის გურულ ტრადიციაზე, ჩიჩილაკსა და შობის ღვეზელზე შემდგომ წერილებში გვექნება უფრო ვრცლად საუბარი).

გურულებს ღრმა ტანჯვა-წვალებაგამოვლილი რწმენა აქვთ, მაგრამ ერთი რამ არის ხაზგასასმელი. სიხარულის და სიცოცხლის დაუოკებელი სიყვარულის გრძნობას ვერანაირი განსაცდელი ვერ გაუნელებს ცოცხალი და ლაღი ბუნების გურულს. გიორგი კეკელიძე თავის დღიურებში წერს: „გურიას, ალბათ, ისიც განასხვავებს, რომ გაჭირვება, რაღაც თვალსაზრისით, გადაიტანონ იუმორით, რომელიც გურული ცხოვრების თანმდევია, მაგრამ ეს არ არის სასაცილო ამბები ან კურიოზები, ეს უფრო არის საკუთარი თავისთვის იმის დაძალება, რომ ცხოვრებას შეხედო მხიარული თვალით“. თედო სახოკიაც თავის „მოგზაურობანში“  შენიშნავს: „გურიაში ცხოვრება დუღს და გადმოდუღს (ცხადია, მატერიალურ კეთილდღეობას არ გულისხმობს. მოგეხსენებათ, გურია ღარიბი კუთხეა), აქ მძიმე და ჯმუხ ხალხს იშვიათად შეხვდებით. გურული მხნედ ეკიდება ყოველგვარ დაბრკოლებას, ათასგვარ გზებს ეძებს, გასაჭირს მოუაროს, ოღონდ კი ფონს გავიდეს. გულს იმედი გესახებათ, როცა იმათ უყურებთ.“ ისე, ეს ხასიათი აქაური ბუნების დამსახურებაც არის. ამ თვალწარმტაცი  ბუნების მშვენიერებით აღფრთოვანებული თედო სახოკია წერს: „ლურჯმოციალა ცა თავს დაგცქერით, შორიდან სალამსა და მხურვალე კოცნას გიგზავნით. მისი მომღიმარე, ალერსით სავსე თვალები იმასღა გეუბნებათ, რომ ამ ადგილას ძმობისა და სათნოების მეტი არა არის რაო, ბოროტებას აქ ადგილი არა აქვსო. მშვენიერია აქაურობა, ისე მშვენიერი, ისე დიდებული, რომ სიცოცხლე, რაც უნდა ძაღლუმადური იყოს სხვაგან, აქ გიყვარდებათ.“

გურულების მორწმუნეობაზე მგონი ნამეტანი გამიგრძელდა სიტყვა. ახლა კონტრარგუმენტებიც ვთქვათ და დავასახელოთ, გურულებში გავრცელებულ ცრუმორწმუნეობასაც შევეხოთ:

„გურულები საკრალური ხალხია. რაღაც ხანი გურიას სულ სხვაგვარი მისტიციზმი მოედო. უცხოპლანეტელები ნასაკირალის ბუჩქების თავზე, მიცვალებულის ხმის გაგონება ბოხვაურის სასაფლაოდან, კაშპიროვსკი... შიგადაშიგ, რა შუაშია  და, მარკ რივკინიც. გაზეთი ლიბო: რძალი მკვდარი მამამთილის ხელმა ტყეში წაიყვანა, სიდედრმა მგლის ქონით და ეშვით ჯადო-თილისმა დაამზადა. მოკლედ, შიში და ზაფრა. გურულები ბევრ რამეს „იბრძნიან“ - ფულის გაცემას საზეიმო დღეებში, დაჭრილი ფრჩხილების დატოვებას დაუწველად - ეშმაკი წაიღებსო, სკვინჩას ძახილს სახლთან ახლოს, ყაპყაპას ყიყინს, თუ სადმე ახლოს მიცვალებულია.

მისტიური მხარეა გურია. ორ თებერვალს, ჟირჟღილობას, ანთებენ კოცონს, ჯოხზე წამოაცმევენ რეზინის ფეხსაცმელს, შავი და შემაშინებელი ალის დასატყუებლად, და ყვირიან; „ჰეი, კუდიანებო, ჰეი, კუდიანებო, ოღონდ გლახა წეიღე და თლა კაი ნუ იქნება, ოღონდ გლახა წეიღე და თლა კაი ნუ იქნება!“ (გიორგი კეკელიძე).

ცალკე თემაა მსოფლიოს მერვე საოცრებად აღიარებული გურული ქალის წყევლა. გურულები ხუმრობენ: „მსოფლიოს სამი  რამის უნდა ეშინოდეს:

1. მეორედ მოსვლის;

2. ატომური ბომბის;

3. გურული ქალის წყევლის.“

ატომს და მეორედ მოსვლას კიდო რაღაც ეშველება, მარა აი მესამე ნამეტანი საშიშია. წარმოგიდგენთ   „მარგალიტებს“: „კინჩხი და კისერი მეიტეხე!“, „ამოგივიდა კიბეზე ბალახი!“, „ცეცხლი და ნავთი ჭამა შენმა პირმა!“  მსგავსი: „ცეცხლი დალიე და ნავთი დააყოლე!“, „შენ დალიე ქარცეცხლი და მოდუღებული!“, „შენ არ გეიარე ზეით მიწას, სკვარამში და კურმუხეთში წასულხარ!“, „კისერმოჩეჩქვილი მენახე, შენ არ დაგენახოს ამომავალი მზე, მოუსვლელშიც წასულხარ!“, „შენ არ გაგითენოს მამაზეციერმა ხვალინდელი დღეი!“, „შენ წაი მოუსავლეთში!“, „მოი შენ არ მოი!“, „დაგექცა კერია!“ და ა.შ.

ახლა ვთქვათ, მართლა: „ფუი ეშმაკს და  ჯვარი აქაურობას!“ მოდი და ამის მერე დაიჯერე: „ანახეთ გურული ქალები სამყაროს და ომი აღარ დაიწყებაო“?! თუმცა არც მთლად ისე წვიმს, როგორც ჰქუხს. ლექსიც არის ასეთი: „გურული ქალის წყევლაო, ნუ გეგონება ელვაო.“

ახლა კი პირჯვარი გადავიწეროთ და მივადგეთ აკეთის მაცხოვრის ეკლესიას, რომელსაც აქაურები ეკლესია-მაცხოვარს უწოდებენ.

„მე ღმერთი მხოლოდ ჩემი სოფლის ეკლესიაში მწამს

აკეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია აღდგენამდე
!“- სერგო კლდიაშვილის ნათქვამია ეს და მართლაც, ასეა. არა, ღმერთი თუ გწამს, ყველგან გწამს, მაგრამ თუ დედამიწაზე სამოთხე არსებობს, თუ მისი შეგრძნება სხეულით შესაძლებელია, ამ კუთხეში გაზრდილი ადამიანისათვის ასოცირდება მის კერიასთან, მის ეზოსთან, სახლ-კართან, ყანასა და ბოსტანთან, მის ვენახთან, ეზოში მდგარ „ბესეტკასთან“; ბლის, კარალიოკის და თხილის ხეებთან; საქანელასთან; ეზოში კუდის ქიცინით შემოგებებულ ძაღლთან; სამეზობლოსთან; სულზე უტკბეს და გემრიელ ხალხთან (რომელთა დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, უკვე წავიდა, მაგრამ მათი სახლები თუ ნამოსახლარები ჯერ კიდევ იწვევენ იმ თბილ ემოციას, რაც მათში იყო ოდესღაც და რამდენადაც ტკბილი იყო  ის ყველაფერი, იმდენად გასევდიანებს ფიქრი, რომ აღარასდროს განმეორდება ის დრო  და  ხალხი). გურია ასოცირდება იქ მცხოვრები   ადამიანების  სიკეთესთან, სიალალესთან, პირდაპირობასთან, სამართლიანობასთან, ამტანობა-გამტანობასთან... სასიამოვნო ჟრუანტელთან; ბედნიერ, უზრუნველ და ლამაზ ბავშვობასთან; მეგობრულ და ლაღ ურთიერთობებთან; ლაღ სუნთქვასთან; უსაზღვრო  სითბოსთან, სიყვარულთან, ჯანსაღ იუმორთან, სასწაულ ენამოსწრებულ, კვიმატურ ხუმრობებთან, სიხალისესთან, სიცოცხლესთან, სილამაზესთან, უამრავ ტკბილ და სანუკვარ  მოგონებასთან; ბებია-ბაბუებისგან მონიჭებულ  სრულ თავისუფლებასთან (ბავშვობის თამაშობებთან: ლამპრობა, ბირჟა, ჯოკერი, მგელობანა, წრეში ბურთი; სოფლის კინოში ინდური ფილმების ყურებასთან; წყავის ხეზე წიგნების კითხვასთან), მუდამ მოლოდინით ჭაღარამორეულ ბებია-ბაბუებთან; თხილის ფოთლებგადაფენილ კეცის ცხელ  მჭადებთან და ბებიის დაკოჟრილი ხელებით  ამოყვანილ  და მის მიერვე დატეხილ ყველთან, ალისგემოდაკრულ ჩაისთან; ბაბუას მიერ მოწველილ თხის რძესთან, ბოსტნის კიტრთან და ქორფა მწვანილთან, კოხტად გაწყობილ სუფრასთან, ადესითურთ... გურია ასოცირდება მწვანე მინდვრებთან, ერთმანეთზე გადალაგებულ მთა-გორაკებთან, სახლის ეზოდან რომ ჩანს შორი-ახლოს; ხეებზე დაკიდებულ ნისლებთან და ამ ნისლში ჩანთქმულ ნაძვებთან, აქა-იქ შეფენილ ჩაის ბუჩქებთან; ოღრო-ჩოღრო ორღობეებთან, მაღლობებთან და დაბლობებთან, მიწის სუნთან, სუფთა ჰაერთან; ღელესთან, მდინარესთან,  წისქვილთან და კიდევ, არ მინდა გამომრჩეს, სოფლის ერთი ბოლოდან სოფლის თავში გურული ქალის გადაძახილთან: „გუგულიეუუუუუუ,“ კრიმანჭულთან და ყველაფერ იმასთან, რასაც ნამდვილი ცხოვრება ჰქვია. ნამდვილი იმიტომ, რომ აქაურები მხოლოდ აქ გრძნობენ,  რომ ნამდვილად თავის სახლში არიან.

ერთი გურული ემიგრანტი კაცი წერდა: „ჩემი ბავშვობისდროინდელი სოფლის სურნელი ერთ ფლაკონში რომ ჩაატიოს ვინმემ, ალბათ ბოლო ცენტებამდე დავხარჯავდი ყველაფერს მის საყიდლად, რადგან ახლა ოცნებად მექცა, შევიგრძნო ეს ყველაფერი... რაც ადრე ასე ადვილი და ახლო იყო, ახლა შორეულ მოგონებად ქცეულა... დააფასეთ თქვენი კუთხე, სოფელი და სახლ-კარი... არასოდეს გააციოთ კერია... მოვიკითხავ და ვეფერები ჩემს სოფელს. არასოდეს დავივიწყებ გურიას! ის ჩემს გულშია! მალე ჩამოვალ და ერთი ჩია კაცივით ჩავეხუტები მთელს ჩემს კუთხეს, მოვეხვევი სუროსავით და აღარასოდეს გავუშვებ ხელს“...

ღმერთმა ინებოს და ამ მშვენებისთვის აცქერინოს ადამიანებს კიდევ და კიდევ. ყოველი ხე, ყოველი ბუჩქი მღერის და ღმერთს დაუდია აქ ბინა, აკეთის ეკლესია მაცხოვარის კედლებს შორის შთენილა ძველად აქ მოღვაწე ადამიანთა გალობისა და ხმათა გუგუნის ექო. დღეს კი ეს ეკლესია დადუმებულია, რადგან მისი კურთხევა რატომღაც ყოვნდება. თუმცა ეკლესია თითქმის სრულად აღდგენილია. მხოლოდ მცირედი სამუშაოებია დარჩენილი შიგნითა ექსტერიერის მოსაპირკეთებლად და გასარემონტებლად.

 1969 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტი ლადო ჭეიშვილი ამ ეკლესიის შესახებ წერდა:

„გაგურში მცხოვრებ 89 წლის სიმონ ჭეიშვილის გადმოცემით, ეკლესია-მაცხოვარი აგებულია 80 წლის უკან. შვიდი თუ რვა წლის ყოფილა  სიმონი, როდესაც დაუწყიათ ამ შენობის აგება.

ქალაქ ფოთში მყოფი ეპისკოპოსის მოწვევით სოფელ გაგურში დაუწყიათ მისი აგება. მშენებელი ოსტატი ყოფილა ერთი პირი, სოფელ ვანიდან მოწვეული გიგო ქურიძე. დახმარებას უწევდნენ სოფელ გაგურის მცხოვრებნი მთლიანად და ნაწილობრივ სოფ. ქვემო აკეთის მცხოვრებნი. საშენ მასალად გამოყენებულია სოფელ ვანიდან ურმით ჩამოზიდული თლილი ქვები და მდინარე აცაურადან ამოტანილი კირის ქვებისაგან დამწვარი კირი. მშენებლობამ გასტანა სამ წელიწადს.

ჩვენმა წინაპრებმა წვითა და დაგვით, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე, ბორბლებ-შემოუჭედავი ურმით ჩამოზიდული ქვებით ააშენეს ეს შესანიშნავი ძეგლი. მერე კი ზოგიერთმა უგუნურმა, ტვინამღერებულმა ადამიანმა ამ დიდებულ ძეგლს შიგნით დაყენებული ბოძები გამოაცალა და სახურავი მთლიანად დაინგრა. მერე და რისთვის? ბოძებს შიგნით სიმაგრისათვის დატანებული რამდენიმე კილოგრამი ტყვიისათვის.

ოთხმოცი წლის უკან აგებული ეს ძეგლი კიდევ ამაყად დგას და მისი კედლები კიდევ დიდხანს იქნება. იგი მოითხოვს ჩვენგან თვალყურის დევნებას და სათუთ მოპყრობას. სხვა თუ არა ჩვენი წინაპრების მოსაგონებლად მაინც.“

ტაძრის აშენების ისტორიაზე შემდეგ წერილში მოგითხრობთ, მაგრამ აქვე უნდა  გავუსვა ხაზი იმას, რომ თვალში მოსახვედრია ამ ეკლესიის საოცრად  ნარნარი და ტანწერწეტი  ფორმა. ტაძარი იშვიათია იმითაც, რომ სამრეკლო გუმბათში აქვს დატანებული. ტაძრის ფორმის სინარნარე თითქოს შეხამებულია ადგილობრივ მკვიდრთა ტრადიციულად დამახასიათებელ მშვენიერებასა და კეთილ აღნაგობასთან. ფსალმუნის სიტყვებით: „რომელთანი ძენი მათნი, ვითარცა ახალ-ნერგნი განმტკიცებულ არიან სიჭაბუკესა შინა მათსა, ასულნი მათნი განშუენებულ არიან და აღმკულ, ვითარცა მსგავსებაი ტაძრისაი.(ფს. 143).“ სხვათა შორის, ჯერ კიდევ თედო სახოკია, გურულების პორტრეტებს როცა ეძიებდა, მოსწრებულად შენიშნავდა:

„ აქ ყველა ტანადია, სისუსტე და სინაზე აქაური სილამაზისთვის ნიშანდობლივია.

 გურიაში ძალზედ მსუქანის და ტანსხვილის კაცის ნახვა ძალაუნებურად იპყრობს ყურადღებას. უმეტესობა აქაურებისა  ტანთხელი და ტანწვრილია. აქაურ მკვირცხლ ბუნებას არ ეხამება როგორღაც ასეთი სიტლანქე და მძიმობა.“

შემდგომ განავრცობს: „ზიზღის მომგვრელ, მახინჯი სახის ქალსა თუ კაცს აქ ვერ შეხვდებით. გურული ციცები ცეცხლის მფრქვევი შავი თვალებით, მზემოკიდებული, სანდომიანი სახეებით. სულ გინდა, რომ დიდხანს უცქირო.

შავგვრემანი. მარილიანი სახის გურული ქალები.

აქ გიპყრობს სილამაზე სახისა, რომელიც გამჩენს მიუმადლებია აქაურ მკვიდრთათვის. ვინც ქალს ლამაზი სქესი დაარქვა, ალბათ, სახეში გურული ქალი ჰყავდა. თეთრყირმიზი სახე, შავხავერდისებური გამომეტყველი თვალები, რომელშიაც ვნებათაღელვაც იხატება და გულკეთილობაც (აქ იშვიათად შეხვდებით ლამაზს, მაგრამ მაცდურს, მოღალატე თვალებს). მაღალი კეთილშობილური შუბლი, მშვილდივით გადაჭიმული წარბები, მიჯრით მიწყობილი, ბროლივით კბილები, ყურყუმასავით შავი და გრძელი თმა, - აი, საზოგადო სახე აქაურის ბანოვანისა. აქაური ქალები თითქოს იმისთვის იყვნენ გაჩენილნი, რომ სხვას მოეწონოთ, სხვა დატკბეს და მოიხიბლოს მათი ჭვრეტით.

ვაჟებიც ასეთივე ლამაზები არიან. მათ სილამაზესთან ერთად საუცხოოდ შეხამებულია მამაცური, პირდაპირი გამომეტყველება სახისა და ცოცხალი, მოძრავი ხასიათი. სიმწარე, სიხარული მალე მოქმედებს აქაურზე და მისი სახე ერთ წუთში შეიძლება რამდენნაირადმე გამოიცვალოს, იმის და მიხედვით, გარედან რა შთაბეჭდილება მოქმედებს პატრონზე. კეთილშობილება ყველას ეხატება სახეზე. გარდა ამისა, აქაურებს ვერ შეამჩნევთ სახეზე იმ კონტრასტს, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს თავადს, აზნაურსა და გლეხს შუა არის. გლეხიც თავადივით არის. სუფთად და ფაქიზად ჩაცმული. თავადივით პირდაპირ მოლაპარაკე, თამამი, მოსიყვარულე, დაშაქრული სიტყვა-პასუხის პატრონი, უმაღლესად ზრდილი და თავაზიანი. სულ იმის ცდაშია, როგორმე გაამოს, არ გაწყენინოს-რა, წინდაწინვე მიგიხვდეს, რაცა გწადია და  მყისვე აგისრულოს სურვილი. ეს მისთვის ბედნიერებაა, უმაღლესი ნეტარება.“

გაგრძელება შემდეგ ნომერში.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) ხსენების დღე.
დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება დიდმოწამე იაკობ სპარსის (+421)ხსენების დღე.
gaq