„ფილოსოფია სახლის მონატრებაა“ (ნოვალისი). სადაც არ უნდა წავიდეთ, სადაც არ უნდა გადაგვკარგოს წუთისოფელმა და ბედის უცნაურმა ხვანჯებმა, მშობლიური მამული ბუდობს ჩვენში. მისი სივრცე ეტევა სულში. როდესაც სხვანაირად ლამაზ, სხვანაირად მწვანე სამოსში გახვეულ ჩემი გურიის მთებს შევავლებ მზერას, უნებურად ამოტივტივდება სტრიქონები: „ათას სალამურს გააქვს გუგუნი, გუგუნი ერთად ამღერდნენ გურიის მთები, თუ ამ სიმღერით სიკვდილს მარგუნებ, არც სიკვდილისთვის დაგემდურები.“ (ტიციან ტაბიძე). „წინ მეეტლევ, ეგ ცხენები, გააქანე, გააქანე, მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხულის მთები მწვანე, მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკეანე, წამიყვანე!“ აგვისტოში, ზაფხულის ხვატში ვიღებ სამარშუტო ტაქსის ბილეთს და ლანჩხუთიდან სოფელ გაგურის მიმართულებით ვიძვრები. არსად მთელ ქვეყანაზე, მხოლოდ გურიაში შეხვდებით სამარშუტო ტაქსში გაკრულ აბრას: „აქ პოლიტიკაზე არ საუბრობენ.“ ყველასთვის ცნობილია გურულების ცხოველი ინტერესი პოლიტიკის მიმართ, რაც საქართველოს ისტორიაში არც თუ იშვიათად სავალალოდ აისახა. ერთი გურული ყაძახისა არ იყოს: „ბიძია ჩემს გულში რა ხდება, მაი არ ვიცი, თვარა ქვეყანაზე რაც რამ პოლიტიკა ტრიალებს, მაი ქე ვიციო.“ მივუყვები გზას, დილაა და ფანჯრებიდან გავყურებ მშვენიერ გორაკიან პანორამას, ლამაზ ხეივნებს. თვალწინ იშლება გრძნეული ხელით ნახატი პეიზაჟები, სიყვარულით ამოფერილი ლაჟვარდები, ახმიანებული ჭიუხები. მეგებება ახალი დღის შესახვედრად ღიმილით ამოგორებული მზე, ქარის ქროლვით აღელვებული ყანები, მოჭრიალე გურული ოდები, სიძველისგან გადახრილი ნალიები, ფარღალალა „კუხნები“. არსად არის მსგავსი საოცნებო მხარე: მორკალული ეზოები მწკრივად დარგული დაფნის ჯარით, კამკამა ზეცის ქვეშ ფრინველთა გალობა, მიწის სიღრმიდან მოჩუხჩუხე წყაროები, ჩურჩულით რომ გიხმობენ. „მოლიკლიკებს უწყინარი რუ ხეივანში და სიზმარსავით მიიპარება“ (კონსტანტინე გამსახურდია). აქ სულ სხვანაირი ფერი ადევთ ვარდებს. ასეთი სურათის ხილვას რამეს ამჯობინებს კაცი? აქეთ მიმზერენ ღრმა და ჩაუწვდენელი ღელეები, ბავშვობის სარკეები, ბავშვობის დღეებივით სპეტაკი და ანკარა. მიედინებიან უკანმოუხედავად და ტოვებენ სითბოს, სიყვარულს და ბევრ გრძნობას, გამოუთქმელს, დაულევნელს. პატარა ღელეები... სანამ მზის სხივი მთიანად ამოიწვერება ჰორიზონტზე, გულგამოღადრულ მიწას ჩასცქერის შრომის ფერხულში ჩაბმული სახელოებწაკეცილი, გამრჯე და კეთილშობილი გურული გლეხი. სამოსიდან მოუჩანს ძლიერი, ნაშრომი მკლავები... „გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა და შრომასა თვისსა მიმწუხრადმდე“ (ფსალმუნი 103). ძნელია და, ამავე დროს, საინტერესო, არაერთფეროვანი და საზრუნავებით აღსავსე მშრომელი კაცის ცხოვრება, შრომის უსასრულოდ მრავალფეროვანი პროცესი. გლეხკაცის ურთიერთობა შინაურ ცხოველებთან, მუშაობა ტყეში, ველზე, ბაღში, ბოსტანში. ურთიერთობა ოჯახთან, მეზობლებთან, შრომაში თანამდგომელ ადამიანებთან. არსებობისთვის ბრძოლა. ღირსების, თვითკმარობის, დასვენებით ტკბობის გრძნობები. აქ უცხოა ცხოვრებით მოწყენის განცდა, ცხოვრებით დაღლა, სიცოცხლით მოყირჭება. გულგადაღეღილ მიწასთან ურთიერთობამ ასწავლათ სისადავე, ბავშვური აღტაცება. ფუსფუსებენ, რომ ოჯახში და ხალხში თავი არ დახარონ. მხრებში მოხრილ მოხუცებსაც კი ის ჭაბუკური აღტყინება და სახე შემორჩენიათ. ხალისს და ენერგიას მატებთ ის, რომ გრძელდება მათი მოდგმა. ამიტომაც სანუკვარ სოფელს და საყვარელ არე-მარეს უარს ვერ ეუბნებიან. ყინვაში ჭიდან აღებული თბილი წლით პირი დაუბანიათ, სისხამ დილით შიშველი ფეხი ბალახში ცვარით დაუნამავთ, შუა ცეცხლზე მჭადიან კეცთან ქოთნის ლობიოს გემო უგრძვნიათ, ბოსტანში პრასი და ცივი მჭადი სკოლიდან მოსულებს გამოუცდიათ, ქვის ქვეშიდან წყალში მდინარის ცოცხალი თევზი გადმოუსვრიათ. სად არ იარეს, მაგრამ, ვერსად ნახეს მსგავსი საოცნებო მხარე. აქ მინდორი მწვანე თბილი ლეიბია. ეზოს ხეთა ჩრდილს საბნად რომ დაიფარებ. მიწის სუნთქვაც ესმით და სწამთ, რომ როცა მიწაში ჩაეშვებიან, ამ მიწის მადლი ჩაჰყვებათ. ეხუტებიან მიწას, მთელი არსებით შეუცვნიათ და შეუწოვიათ მშობლიური მიწის ძალა. მუდამ მლოცველები იყვნენ ზეცის და მიწის. სხლავდნენ, ხნავდნენ, იღებდნენ, მკიდნენ. და უკეთ ესმით ტკივილი მიწის. უკეთ ესმით გალობის ფასი და გულისთქმა ცის. როდესაც მიწა ფართოდ გაახელს შავ თვალებს, დილიდანვე ირჯებიან. ზოგი ბაღში მუშაობს, ზოგი ზვარში მიდის, ზოგი მწყემსავს, ზოგი თოხნის, ზოგი თიბავს სათიბავს. მზის ჩასვლამდე მუშაობენ და ლუკმას ქვეყნად არავის ამადლიან. სამწუხაროდ, მხოლოდ კლიმატურად ხელსაყრელი პირობები არ კმარა. ჩვენი ქვეყნის წელგაუმართაობის გამო ამ ბარაქიან მიწაზე შესაბამის ნაყოფს ვერ იღებს გლეხი. ჯეროვნად ვერ ფასდება მისი შრომა. თვალი დავხუჭე და წარმოვიდგინე ჩემი გურია, ოდესღაც, ჩემს ბავშვობაში აწოწოლებული, გულიანად დამუშავებული ბაღ-ვენახებით და ბაღჩა-პლანტაციებით, ოდა სახლებით და ჰიდროელექტრონაგებობებით. დოვლათის, სიუხვის, შრომის და მზის ზეიმის იერით წარმართული პეიზაჟები. გამრჯე, კარგის გამგები და ავის მომგერიებელი. სამშობლო მიწის სირბილე და სინაზე, მიწის სიყვარული და სიახლოვე, დედადგილის სურნელი, სიცხე და სიგრილე, სუსხი და სიმწარე. „ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე, რაა მამული?!“ მართლაც რომ... „წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.“ ჩემს წარმოსახვაში, ხედვაში ბევრი რამ შეიცვალა. ირგვლივაც.. ამ ბოლო ოცდაათმა წელმა უკან დაგვწია. იმ ბებოების კალთებს გაჰყვა ჩვენი ბავშვობა. ნასიმინდარში შაშვების „კრიმანჭული“, მოფრიალე ბაბუაწვერების დევნა ქარში. ალერსში, ზრუნვაში ნაზარდი ჩვენი ლამაზი ბავშვობა. „ალბათ, ყოველთვის სანატრელად მემახსოვრება მიწის ის კუთხე, სად ბავშვობა ჩემი დავყავი, სადაც ჰყვაოდა უდარდელი ჩემი ცხოვრება, შემდგომთა დროთა სიბრძნის ჟანგით დაუჟანგავი.“ ბესიკ ხარანაულის სიტყვით: .. ,,ნაფეხურებს უბეში ვერ შეიგროვებ ჩემი სიყვარული ამ მწვანე მინდორზე დაბაკუნობდა, ახლა მე აქ ნაფეხურებზე ვარ დაპატიჟებული.“ სოფლის ფართო აღმართს მივუყვები. ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და ვცდილობ დავაფიქსირო მოლურჯო და თეთრი ბურუსით დაფარული კავკასიონის ქედი, ლაღი ბუნება, ოქროსფრად მოელვარე, ქარის ქროლვით აღელვებული ყანები („თვალი წაიღო სევდამ. როგორ აჟრჟოლებს ყანას“ - გალაკტიონი), ბალახის ტენიანი სურნელი, სიმღერით დაღლილი სიო. ულამაზესი ბუნება, ულამაზესი ხედები, უჯანსაღესი ჰაერი! მეტი რაღა გინდა?! მაგრამ ფოტოაპარატი ვერ იღებს სიცოცხლის სიჭარბით გამოწვეულ ამაღელვებელ სიხარულს. „მზე მთაზე ფეხებს აითრევს, სიცოცხლე ისე სწყურია“ - ნოდარ დუმბაძე. აგერ, ვიღაცის ეზოში ყვავიან ტურფა ვარდები. გეორგინებიც იღიმებიან მორცხვად და სათნოდ. რატომ დაჭკნებიან? მზრუნვლი პატრონი ალერსით კოცნით, ათბობთ. მზესთან ერთად, თბილი ხელების მუხტით არის გამთბარი აქაურობა. ვიღაცა მზიანი ბაღის ჩეროში ჰამაკში ჩაწოლილ ბავშვს ნაზად არწევს და იავნანას უმღერის. ესაა ჩემი გურია, წარმოდგენილი არა მარტო საოცარი ბუნებით, თვალუწვდენელი მთებით, არამედ მისი მაცხოვრებლების შესანიშნავი სახეებით. გრიგოლ რობაქიძე („შეგნება ჯიშისა“) წერს: „ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი. მისი ლანდშაფტი სამმუხოვანი სივრცე - გაშლილი სინთეზია. მოქნილი მთები ბახმაროსაკენ თანდათან ზვიადობით ამართული: თვალუწვდენელი ჭალანი, სამეგრელოსაკენ ძლევამოსილებით გაფენილი. მოშორებით შავი ზღვა, ეს უხვად გამდინარი მუქი ზურმუხტი. გურიაში მოიძებნება ისეთი პუნქტი, საიდანაც ადამიანის მჭვრეტი თვალი ამ სამმუხროვან ლანდშაფტს ერთს ესთეტიკურ სარკმელში გაატარებს მძაფრი სიტკბოებით. განსაცვიფრებელია გურიის ნელი სირბილე: იქ ვერ მონახავთ ერთ მყვირალა ფერს. ვერ იხილავთ ვერცერთ უხეშ ხაზს. იქ ყოველი ნაკვეთი რბილია - ნაზი, მჩატე, მსუბუქი, ნარნარი: თვითონ მთებიც კი გურიაში მკაცრი ნატეხობით არ არის აღმართული, არამედ ხავერდოვანი სირბილით, განსაკუთრებით კეკლუცია ჩაქვის მახლობელი მიდამო. ხოლო ეს სიკეკლუცე უფრო რბილად მოდუმებულია, ვიდრე სიკეკლუცე იმერეთული ხტომით ნაყარი. ძველი მესხეთის ნატეხია გურია, ამის ნიშანი ბევრია. თავდაპირველად „ქართული“, გურული ქართული ლაკონურია რუსთაველის სამშობლოს სიტყვასავით. საქართველოს არცერთ კუთხეში ასე სხარტულად არ ლაპარაკობენ, როგორც გურიაში. გურული სინტაქსი უაღრესად ეპიგრამატულია: მოკლე, მკაფიო, მკვეთილი, ჭლეული, თვითონ რუსთაველიც გურულებმა სხვა ქართველებზე უფრო იციან. „ვეფხისტყაოსნის“ ზოგიერთი სიტყვები, რაც საქართველოს სხვა კუთხეებისათვის გაუგებარია, გურიაში უბრალოდ მუსაიფის ჟამს გვხვდება. ძველ მესხთა შაირობა ცნობილია - თაობიდან თაობაზე გადადის. შაირობა გურულებისათვის ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც საამო გასეირნება. ამაყია გურული, გურიაში ძალზე არის განვითარებული გრძნობა თავის თავისღირსებისა. არისტოკრატობა - „რჩეულობა“ -გურულთა „რასის“მთავარი ნაკადია. ამ მხრივ თავადაზნაურობასა და გლეხობას შორის თითქმის არავითარი განსხვავება არ არის: ყოველ გურულს აქვს თავის გამოჩენა. სიამაყე და გამორჩეულობა რბილ გურულს სასტიკადა ჰხდის. ფირალად გავარდნა გურიაში ჩვეული მოვლენაა - ფირალობას კი უმთავრესად ხასიათი უდევს საფუძვლად. გურულს გარეგნობაც რჩეული უყვარს. ცნობილია გურულის სიღარიბე, მიუხედავად ამისა საქართველოს ვერც ერთ სხვა კუთხეში ვერ მონახავთ გურული „ოდის“ თანა კოხტაობას კეკლუცად მორთული ეზოთი. გურია მემკვიდრეა ნელი და მაგარი წინაპრის. მას მხოლოდ „ემჩატება“ კულტურული სვლა. მისი სიფიცხე მხოლოდ ჟესტია არისტოკრატული ზვიადობის. გურულის გენია პლასტიკური ზოლებით იკვეთება, ხალხთა შორის გურული ესპანელებს ემსგავსება თავისი ქედმაღლური ტემპერამენტით. გურიაში თითქმის ყველა ნიჭიერია, ჩემი მოსაზრებით გურულის ნიჭი ჯერ კიდევ მემკვიდრეობის პოტენციით იშლება, გურიაში თითქმის ერთნაირად ნიჭიერნი არიან ყველანი, მაგრამ როცა გურული მემკვიდრეობას მხოლოდ „გამოიყენებს“ ახალი ძალების ამოძრავებით, მაშინ აუცილებლად აისახება ის მანძილი, რომელიც კულტურის ვითარებით თავს ჰყოფს - „შემოქმედ პიროვნებასა“ და „ფართო მასსას“ შორის. როგორ? - გურია და არისტოკრატია?! გურია და „წარჩინების“ პათოსი?! განა გურიამ არ განამტკიცა საქართველოში სოციალისტური სწავლა, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგებოდა არისტოკრატული წარჩინების მიდრეკილებას?! და მართლაც, სოციალ-დემოკრატია საქართველოში გურულებმა შექმნეს, ჯერ მარტო თაოსანთა გვარები: ინგოროყვა, ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, ოთხი რამიშვილი, ცინცაძეები, ბენია ჩხიკვიშვილი, შარაშიძეები, ხომერიკი, ნინიძე, ჟორჟოლიანი, დოლიძეები, ლალიანი -მამულაშვილი...მემკვიდრენი ძლევამოსილი წინაპრის, რომელნიც ნივთიერი ყოფის უმწეობას განიცდიან. გურულს სხვაზე მეტად ესაჭიროება მდიდარი მატერიალური ყოფა ისტორიულ თანდათანობას ისინი ვერ შეურიგდებიან, ამისათვის მათ აკლიათ უკულტუროს თმენა და „გემოს არცოდნა“ - როდემდე ვიცადოთ?! აი, მათი დამახასიათებელი საკითხი. სწორედ, ასეთ მემკვიდრეებს წარმოადგენენ გურულები, ისინი გამოვიდნენ სოციალისტებიდან, რადგან სულით უაღრესად აზნაურნი არიან და ყოფით ღარიბნი. მიუხედავად იმისა, რომ გურულები სოციალისტური სამოსელით გვეჩვენებიან, მათი ფსიქიკა მაინც აზნაურულია, ყველაფერი შეიძლება ამოშალო გურულში, მაგრამ „წარმატებულობის“ და „ერთგულობის“ გრძნობას მათში ვერავინ ამოშლის. გურულის სიამაყე - „პათოსია მანძილის“, იგულისხმება „ჩემსა“ და „სხვებს“ შორის“ დიახ, ლამაზი, ძლიერი, ნიჭიერი, ენაწყლიანი და მახვილგონიერი ხალხია გურულები, გულკეთილი იუმორით სავსე. ამაში თუნდაც სამარშუტო ტაქსით მგზავრობა დაგარწმუნებთ გურულებთან ერთად. აქ ისეთ ცოცხალ დიალოგებს მოისმენთ, სჯა-ბაასს, საღ განსჯას, გაოცებული დარჩებით. თანაც გაითვალისწინეთ, სადაც ორი გურულია, იქ ათი განსხვავებული აზრია! თუ მეტი არა.. გზადაგზა ტაძრები გვხვდება და გურულები პირჯვარს ისე სწრაფად იწერენ, მამაზეციერი ვერაფრით შეაჩნევს. მათი საუბრიდან ორ სიტყვას თუ მოჰკრავ (წაჰკრავ, გამოჰკრავ) ყურს, კმაყოფილი უნდა დარჩე. ენამახვილ გურულებს გამოთქმაც კი აქვთ ასეთი - ნაღდი გურული რომელია თუ იცითო და აი ის, მისი ლაპარაკის მერე თავი რო აგტკივდებაო. - ეგ რა ნაღდია ძამა, ნაღდი ისაა, ენით ტორნადოს რომ ატრიალებს. თავის ტკივილი რა სუფრასთან მოსატანიაო?! კაცობრიობისთვის საჭირბოროტო საკითხებზე რა მოგახსენოთ და ჩემი თანამგზავრების საუბრის თემა ძირითადად სიცხეები იყო და კიდევ ყველაზე მთავარი პრობლემა - აზიური ფაროსანას გავრცელების გამო წელს ვერც სიმინდის და ვერც თხილის მოსავალი ვერ მოვიდა (სამწუხაროდ, საქმე იმაშია, რომ ეს პრობლემა გლეხის გარდა არავის ანაღვლებს). ჩემმა გურულებმა თხილი კი „მოხიკეს“, მაგრამ რად გინდა რა? გატეხავ და გული არაა შიდ. არადა მთავარი გულიაო,- იტყვიან დანანებით გურულები. დიახ, ბატონებო, მთავარი სწორედ გულია! სხვათაშორის, გულზე გამახსენდა, პირველად სიტყვა გურია ისტორიულ წყაროებში იხსენიება მე-8 საუკუნეში (735-738 წ.). როგორც მემატიანე წერს: „მურვან ყრუმ გაიარა გზა გურიისა.“ თედო სახოკიას მოსაზრებით, გურია შესაძლებელია გულს ნიშნავდეს (მეგრულად გური გულს ნიშნავს). გეოგრაფიულად გურია დასავლეთ საქართველოს შუაგულშია. ასე რომ, გულიანმა გურულებმა ასეთი საუბარი გამართეს: - ხალხო, ნუ მეიკლავთ თხილის ხეკით თავს, შუუშვით ღორები და ღორი მაინც გასუქდებაო. - ღორიც არ ჭამს თვარა, იგიც არ კადრულობს. - ერთი თხილი ქონდა ხალხს და ეგეც მოუსპეს. - ფაროსანა რეიზა ქვია, ფარით დეიარება მაი ოხერი თუ?! - საწამლავი უნდა შუუშხუპუნო და გაფშიკავს ფეხებს. - ნენა, ახლა მაგ ერთი საწამლავის გულიზა ქათამი, ინდაური, ბატი, იხვი, ძროხა და მე თუ მევისპე, რათ მინდა მერე აზიური ფაროსანას მოსპობა თუ აფერი არ დარჩა ჩემს ეზოში? რაღა ფაროსანას მოუსპიხარ და რაღა შიმშილს?! სიცხემ სასტიკად დააჭირა. როგორც გურულები ხუმრობენ, „იმისანა სიცხეა ჭყინტი სიმინდი რო მოვტეხე ძამა, უკვე შემწვარი იყოო“. გურულები თურმე იმითაც კმაყოფილები იყვნენ ამ ზაფხულს, რომ ხანძარი არ გასჩენია გურიის მთებს. - ერთი ნესტიან დასავლეთ საქართველოს ვერ წაგვიბირბილეს ცეცხლი, თორე აღმოსავლეთ საქართველოში ქი გადაბუგეს ყველაფერი ! ! ! - რასაა რომ ჩივი? სამჯერ გადააპურჭყე! ოღონდ მარცხნივ...- ჩეიგდე ბიჯო ენა ჩუმად, ჩუმად არ გაიგონ ..... - ფაროსნები შემოგვისიეს და კიდო რაცხა საეშმაკოს მოიგონებენ. - აქ ისეც ცეცხლი გვიკიდია ყველას, ამ გურულებს. ისე გააძვირეს ყოლიფერი, ვალი არ გვეცეს, ფუ! ნუ შეაძახებ. - ფუი ფუი ჯვარი აქაურობას და ყოლისფერი კაი. ზოგი გვალვას უჩიოდა. - წამუუქირქილოს პაწა არ იქნება ცუდი! - არ შობა და. - თუ არ წამოუქიქინა პატარე სიომ, გაგვშპება სული ამფერ სიცხეში. - მოუბორიე პაწა მოუბორიე. - აქანაც გვინდა პაცა წამოუქირქილოს თუ არადა სიმინდიდან ბატიბუტები ცვივაო. ეს ბოლო ფრაზა ისეთმა ლამაზმა გოგონამ წარმოთქვა, მომერიდა, თორემ ფოტოაპარატით მინდოდა დამეფქსირებინა და ისტორიისთვის შემომენახა მისი უჭკნობი სილამაზე. ისევ გალაკტიონი გამახსენდა: „ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში, როგორც ლერწამ-ქალწულები აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში.“ ნიშანდობლივია ის, რომ აქაურ გოგოებს „ცას“ ეძახიან. ალბათ იმიტომ, რომ ცასავით უნდა იოცნებო, ეფერო.. არ უნდა გააუბრალოო, არ უნდა გააბანალურო, თორემ მობეზრდები. გურული ვაჟებიც ასე უხსნიან ხოლმე სიყვარულს გოგოებს: „შენ ხარ ჩემი ციცქა ცოლიკაურიო.“ ცოლიკაურის სიმძაფრეზე გამახსენდა, არცერთი კუთხის ქალებზე არ მოიპოვება იმდენი ანეგდოტი, რამდენიც გურულებზე. „რაღა გურული ქალი შეგირთავს და რაღა ჭინჭარს ჩახუტებიხარო.“ „გურული ქალი თუ შეგიყვარდათ, დეიიმედეთ თავი ურიგოდ სამოთხეში მოხვედრითო“. „ქარიშხლებს ხომ ქვიათ გურული ქალის სახელები. გადავამოწმე და ყველას გურული გვარი ჰქონიაო.“ - ასე ხუმრობენ გურულები თავიანთ ცოლებზე, თუმცა იმასაც აყოლებენ: „მაი ყოლიფერი მართალია მარა კაი ხასიათზე თუა რავარი ცისარტყელა ეფინება ირგვლივო!“ გურული ქალების დაუვიწყარ პორტრეტებს ჩვენ შევხვდებით შემდეგ წერილებში. ახლა კი წინ, სოფელ გაგურისკენ! მოამზადა ლელა ჩხარტიშვილმა. |