| მთავარი როცა გტკივა, არც დარდი იგვიანებს. კონსტანტინე გამსახურდია ერთგან შენიშნავს – ''არის რაღაც საშინელი მოიარა იმ გარემოებაში, რომ ათასების ტკივილი ერთმა უნდა იგრძნოს, ერთმა უნდა გადაიტანოს, ერთია მუდამ ჯვარზე გამსვლელი – ასეთი იყო მოსე, ასეთი იყო ქრისტე, ასეთი იყო ბუდა''.... მათ გზას სხვანიც გაჰყვებიან. მათი ტკივილი სხვებშიც ატკივდება და სხვებსაც გააკრავს ჯვარზე იესოს მსგავსად. ერის რჩეულობა ტკივილიანი მისიაა. ეს ადამიანები პატიოსანი თვლებივით ელვარებენ და მარადნი არიან; ასე იშვა ბარათაშვილის სევდიანი შეკითხვები ცხოვრებასთან და სულიერი ობლობის გაუსაძლისი დაღი. არც გურამიშვილის ტკივილ–მარტოობა იქნება იოლი და გაცოცხლდება ქრისტეს ხატი – ''ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!'' მათი ყოფაც უფლისმიერ გამძლეობასა და შემაგრებას მოითხოვს. მთელ ეპოქებს ერთი-ორი ადამიანი დაიტევს და მოხაზავს გონებაში. მრავალი აუზვავდებიან იმ ერთს – ჯვარზე გამსვლელს. მოკვლა იქნება ასეთთა მიმართ გამოტანილი განაჩენი, თუ ხორციელი არა, სულიერი მოკვდინება–განადგურება მაინც. მომრავლდებიან მარტოგმირები. დამახინჯებული გარემოებისგან განცალკევებული ილია – ქვეყნის მესვეური და ღმერთკაცი იტყვის – “ეხლანდელ დროს რაღაც ხიფათი შეემთხვა და ადამიანის ლოღიკამ გზა შეიშალა... სულ ყველაფერი აირივ–დაირივა... ქვენაგრძნობანი ზენაგრძნობათა ადგილას გამეფდნენ... თითქო ჭკუისა და გულის აღებ–მიცემობაში აღარ იშოვება საწყაო ცოდვისა და მადლისა, ტყუილისა და მართლისა”. სათქმელი ითქმება, მაგრამ უკუღმართობა არ გასწორდება. თითქოსდა, მართლაც, ყველაფერს – შეგნებას, სამართლიანობას გასვლია ყავლი... გაკადნიერებულთა შეჩერება ძნელი აღმოჩნდება, ბრძენკაცის შემსმენელი კი ისეთივე ცოტა იქნება, როგორც მიწაზე მოარული უფლის დროს – “ვისაც ყური აქვს ისმინოსო”, ყური და გული კი დახშული იყო საგანგებოდ! იმძლავრებს სევდა, ტკივილი და უსამანო მარტოობა. მოწინავენი ყოფნა–არყოფნის ზღურბლთან შესდგებიან და სათქმელს მაინც იტყვიან, საკუთარი სიცოცხლის გაწირვითაც დაამოწმებენ. სათაურში გამოტანილი ფრაზის უტყუარი მისამართი გახდება გალაკტიონი, რომელიც აღმოჩნდება შხამიან ისართა სამიზნე. მთავარს გამოდევნებულს არ შეაშინებს არაფერი და ლომის ბუხუნით დასძახებს: მე სამშობლოში სამშობლოს ვეძებ, მე დღეს სამშობლო არ გამაჩნია. ეს ძიება კი სიკვდილისაკენ გაუხსნის კარს. ხელნაკრავს უბიძგებენ ამ კარისკენ ქონდრისკაცები. ტერენტი გრანელი საგიჟეთში მოემწყვდევა სულდამსხვრეული, საუფლო ზმანებებს გამოდევნებული. გარეთაც მხოლოდ საგიჟეთი იქნება მაშინ და დიდი განსხვავება აღარ იქნება სულითცდომილთა გვერდით სად იქნები – კონკრეტულ საგიჟეთსა თუ მორალგადაცდომილ შეშლილებთან. მიხ. ჯავახიშვილის ღირსეული კალამი თავის განაჩენს გამოიტანს, ხევისთაობას როგორც მოვლენას ასე შეაფასებს: ''ადამიანს ჩაუნერგეთ რწმენა თავის თავის არარაობისა და შემდეგ თვალყური ადევნეთ: ეს ადამიანი სულიერად მოიშლება, მოიღუნება, მოტყდება და დაავადდება. ამ სენს ჰქვია ნებისყოფის აბულია. ფსიქოპათოლოგია კარგად იცნობს ამ სენს – ზოგჯერ მასობრივსა და მუდამ სახიფათოს. ამავე კანონს ემორჩილება ხალხიც ან მისი რომელიმე ნაწილი... იგივე ითქმის სოციალურ ფსიქიკაზეც.'' მწერალმა ბასრად თქვა ის, რითაც დაამუნათეს მაშინ ერი. ასპიტის ყურს არ გამოეპარა ნათქვამი. ღმერთს კი მხოლოდ ცაში არ ებრძოდნენ და ოდენ ტაძარ–გუმბათების შერყევით არ მთავრდებოდა საქმე, სულშიც უნდა მოესპოთ ეს ტაძარ–გუმბათები, ღვთისადმი კაცნიც უნდა აელაგმათ. შავი ბედი მიხეილის მიმართაც მოხაზავს მკაცრ განაჩენს. მიუხვდნენ – “რა ნესტარით იყო ნაჩხვლეტი”. მაინც მოასწრო სხვათა გაფრთხილება და ხაზგასმით მიანიშნა – “საქართველო ისეთ დღეშია, რომ ერთი პატარა ბანკი იყიდის და გაყიდის ჩვენს მიწა–წყალს, ხალხსა და სინდისს”. მეორე ასევე მტკივნეული თქმა: “რამდენჯერაც განგებამ ოქროს აკვანი ამოდგა ბაზალეთიდან, იმდენჯერ წითელი ხიშტით უკან ჩააგდეს”. ნათქვამს კარგად აუღეს ალღო და მხეცის სიშლეგით დაერივნენ მის ავტორს. საიდუმლო მემუარებში დაწერილიც აღარ დარჩა საიდუმლოდ... კარგა ხანს დარჩება გაუზიარებელი ამ მარტოგმირთა ხვედრი და მდგომარეობა. ხალხის მესვეურებს “ხალხის მტრად” მონათლავენ და უბირებსაც დააჯერებენ, რომ მათი კეთილდღეობისთვის ხდება ეს ყოველივე. დიდხანს გასტანს გაუთლელ ადამიანთა სიშლეგე. სუსტად თუ ძალუმად გამოვლენილი ტკივილი მაინც ტკივილია. საზოგადოების ხრწნა და დაცემა წააქცევს საქართველოს. ერთი პოეტი კი მრავლის სათქმელს იტყვის და გამოხატავს- ''ამ ეპოქაში მე არ ვცხოვრობდი, ამ ეპოქაში ვიბრძოდი მხოლოდ.'' მაგრამ ასეთი ხმალგადამტვრეული მებრძოლები ერთეულები იქნებიან. სხვები კი მოირგებენ უცხოთა ჩაჩქანს, დროსთანაც კარგად შეხმატკბილდებიან და მზიან არსებობასაც ჭუჭყში გაცვლიან, ქვეყანას ადინდება უცხოთა მტვერი. დინებას აღმა ახლა სხვა გმირები აჰყვებიან, მაგრამ მათი ''სიმრავლეც'' ორ კაცს არ გასცდება და ერთად შესისხლხორცდება, შეწყვილდება – ზვიადი და მერაბი – ერთი უღლის ორი ხარი, ორივე წაქცეულ–ყელგამოჭრილი თავისუფლების ღვთაებრივი მზის ძიება–ხილვაში. მათ ათასები გაჰყვებიან და ჩამორჩებიან კიდეც. ზვიადის მკვლელობა მთელი ერის უძლურებაა და იდეური განიარაღება იყო. ერს გაუტეხეს მკვრივი ნაჭუჭი და უძლურება ბანგივით შეატყუეს. ბევრმა დაიხია სიკეთის წინაშე უკან. ამუშავდა გამთანგავი ყოფის წისქვილი და ჩამოიმარცვლა შავი, სადაგი დღეები. ეს იმიტომ, რომ სიკვდილს მარტო შევატოვეთ გმირები, გავირინდეთ ჩვენს ხუხულებში... ჩამოდგა უბადრუკი, საჯახირო ცხოვრება. ბევრმაც სხვაგან დაიწყო იმ მთავარის ძიება, გაიქცა მორალურსაზღვრებმორღვეული ქვეყნიდან, გაჩანაგებასა და შიმშილში რომ არ დაედო წილი, მაგრამ ეს მარტომყოფობა უფრო ძლიერდება სხვაგან. ამაზე დაწერს ნუგზარ შატაიძე მოთხრობას – “კაპიკი გაკაპიკებულა ანუ ევროპაში რა მინდოდა”. სათაური სრულ კავშირ–მინიშნებაშია მოთხრობასთან, სადაც კარგადაა ნაჩვენები უცხოელისა და ქართველის თვისობრივი განსხვავება–სხვადასხვაობა. ერთ სევდიან ამბავს ჰყვება მწერალი – “გერმანიაში მყოფ ქართველ ბიჭებს, კვირა დღეს, ბუნებაში ქეიფი გადაუწყვეტიათ. უყიდიათ ცხვარი, ღვინო, ყველი, კიტრი, პომიდორი... დაუნთიათ ცეცხლი, დაუთლიათ შამფურები, გაუტყავებიათ ცხვარი და თავზე დასდგომიან სპეცნაზელები, წაუსხამთ პოლიციის განყოფილებაში – ეს ბიჭები სექტანტები არიან და სატანურ რიტუალს ასრულებდნენო”. ვერ გაიგეს, რომ ეს იყო ხარკის მოხდა საყვარელი გარემოს მონატრებისა. ამ ქართულ ოაზისში მოუსწრეს ბიჭებს. აილაგმა წუთითმოპოვებული სილაღე და თავისუფლება, ქართველი სხვაგან კიდევ უფრო მარტოდ რჩება... ასევე გულდამძიმებული გვიამბობს მწერალი ერთ უცნაურ და უხერხულ ამბავს; ვერონაში ''სიყვარულის მექა'' უნახავს. აი, ის, რამაც მის სულსა და ფსიქიკაზე ძალუმად იმოქმედა – ჯულიეტას ქანდაკება, მარჯვენა ძუძუ ისე აქვს გაპრიალებული, რომ მზესავით უნათებს. ჯერ ვერ მიხვდნენ რა სიმბოლური დანიშნულება უნდა ჰქონოდა ამას. სურათის გადაღებისთვის ყოფილა ასე – ათი ევრო ჯდება ეს, სამაგიეროდ ყველას შეუძლია წაიტრაბახოს, რომ ამ რომანტიული ქალწულის მკერდი ხელთ ეპყრა. ვიღაც ''გადამღრძვალი ბერიკაცი ბილწი ღიმილით'' იღებდა ფოტოს, და დიდი გაოგნებით ნათქვამი ტკივილი – “ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს შეურაცხყოფა მომაყენეს, თითქოს საშინელი სილა გააწნეს წიგნის კითხვაში გალეულ ჩემს ბავშვობას, ახალგაზრდობას და სიჭარმაგეს. ამის მერე იქნებ სიცოცხლეც აღარ ღირდა”.. ის სხვა კატეგორიიდან ხედავს ამას. სულიერების ძაფის გაწყვეტას უწიგნურობას აბრალებს. ხომ არის ისეთი რამ, რაც ხელშეუხებელი უნდა დარჩეს! ილიას მოკვლას ეხება ავტორი და შემთხვევითი არაა ეს. დიდი განსხვავება არ უნდა იყოს სიდიადეს აშკარად ესვრი ტყვიას თუ ნელ–ნელა გამოუთხრი ძირს და ავბედითად წააქცევ. ასეთი გაქელვისაგან კი შენ შენსასაც იცავ და სხვისასაც პატრონობ. არ გსურს მსგავსი ამღვრევა შენს ქვეყანაშიც იხილო და სიხარბემ გულს გადააჭარბოს. იგი ეთიშება ბილწ გარშემომყოფთ. ძნელია, როცა სიდიადე ხდება ფულადქცევის საშუალება, მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ ეს სანახაობა მრავალს უნახავს, თუმცა მსგავსად არა მგონია ვინმე შეძრულიყო და ასე შეეფასებინოს ის. აქ ქართული გულის პატიოსნება მეტყველებს... ასეთ ღირებულებებთან მარტო დარჩენა თუ მარტომცველობა, კენტიკაცობა ღირს! ისღა აიმედებს მწერალს, რომ კაპიკი კაპიკია და საკაპიკეს ვერ გასცდება. ერთხელ ახალგაზრდებს ვკითხე: რომელი მხარეა მთავარი მათთვის – მატერიალური თუ სულიერი. ერთხმად მიპასუხეს, რომ მატერიალური, მაშინ ვიკითხე – სიყვარული რომელ მათგანს განეკუთვნება, შეგიძლიათ მითხრათ? პასუხად იყო დარცხვენილი ჩაფიქრება... მაგონდება ვან–გოგის – ასევე მარტობით გათანგულ–შემოზღუდული შემოქმედის სიმბოლური თქმა – “ქრისტემ უწმინდესი ცხოვრება განვლო და მხატვრებს შორის უდიდესი მხატვარი იყო, რადგან უარყო მარმარილოც, თიხაცა და საღებავებიც და ქმნიდა მხოლოდ სისხლით და ხორცით”. ყოველი დიდი ცდა, ასევე სისხლის და ხორცის გაღებითაა შესაძლებელი, ასეთი არსებობაა წილდებული უფალთან, როცა ეძიებ მთავარს, სისხლიც ბობოქრობს, თუნდაც შესდგეს შენს ძარღვებში, არ გეშინია, მხოლოდ ამ სისხლის გაქვავება–გაყინვას უფრთხი და ის მხოლოდ ხორცის მექანიზმად არ გჭირდება, სულსაც აკვებინებ და ყოველ ცუდ მოვლენაზე წვეთ–წვეთად კარგავ მას; მხვერპლადაც იღებ როცა საჭიროა, მთავარის დათმობას ხომ მისი გაღება სჯობს ისევ და ისევ... მარტოობაში აღმოჩენილ სამყაროსაც ვერაფერი შეედრება. მარტოობა პროტესტის გამოხატულებაცაა! თითოეული ასეთი ტკივილი ერთით მეტი ნაბიჯია სიკვდილისაკენ, ხან კი ნახტომიც! სააუგო წახდომისგან ეს თუ გვიფარავს. მათი გულია სხვათა მოქნეულს რომ მახვილივით უხვდება წინ ფარადქცეული ზნეობით! ''მარტოობის ორდენის კავალრობა'' – ეს არის მომავალი ერთიანობა მრავალთან, მათი მარტოგზა დიდ გზას უერთდება. საქართველოც ხომ მარტოქვეყანაა – უფლის ნაპატრონები ვენახია, რომელსაც ყველა საწამლავი მხოლოდ შაბიამნად გამოადგება, რათა უფრო კარგი მტევნები მოისხას! ერთხელ თელავის თეატრის რეჟისორმა – ნოდარ დეისაძემ საინტერესო რამ გვიამბო. ბებია მუშაობდა თელავის თეატრში და სოხუმში შევხვდით ნოდარს, ვაჟკაცური გამბედაობა იყო კომუნისტური რეჟიმის ზეობის ხანაში ამის გამხელა. ბევრი ანტისაბჭოთა მოსაზრება გაგვიზიარა და უცებ ეს ამბავიც მოაყოლა – ზუგდიდში ''მთვარის მოტაცება'' დაუდგამს, პრემიერაზე მწერალიც მიუწვევია. გამართულა ბანკეტი, რომელსაც ''საგანგებო პირებიც'' ესწრებოდნენ მაღალი ეშელონებიდან. დიდმა კონსტანტინემ მოულოდნელად შესვა თურმე საქართველოს თავისუფლების სადღეგრძელო. გაფითრდნენ კომუნისტი მუშაკები. ერთი გენერალი უშნოდ წამომართულა, მწერალს კი ირონიით უთქვამს – ''ერთმა გენერალმა რა უნდა მიყოს, თავის დროზე ბერიასი არ მეშინოდაო.'' შემდეგ ასეთი გულისტკივილი მოუყოლებია ამ სადღეგრძელოსთვის: ''მე ერთხანს მჟავანაძის კაცს მეძახდნენ, სინამდვილეში მასთან გამუდმებით თითქმის სულ ერთი და იმავე სათხოვარით შევდიოდი – თუ სხვაგან არსად, ჩემივე ეზოში, ჩემივე სახსრებით მაინც მომცენ უფლება დავდგა აღმაშენებლის ძეგლი. რუსთ ხელმწიფეაო უარზე, ვინ ეკითხებაო მას...'' ასე ბედავდა კონსტანტინე იმას, რასაც მრავალი უფრთხოდა. ის რაინდის სიფიცხით მოქმედებდა და ხიფათს არად აგდებდა. ეს მონათხრობი ღრმა შთაბეჭდილებად; (თვითონ ბებია რეპრესირებული ოჯახიდან იყო, მამამისი – ვასილ ავგაროზიშვილი, ცნობილი მომღერლის და მოამაგის - მიხა ავგაროზიშვილის ვაჟი, 24–ში დახვრიტეს ქაქუცას თანამებრძოლობის გამო). მსურს აქვე მცირე ანალიზი “დიდოსტატის მარჯვენასაც” დავუთმო. ჩემი აზრით, ის პოლიტიკური აქტია (თუნდაც იმ მნიშვნელოვანი ასპექტებით, რაც მკვლევარებს აღუნიშნავთ – ლაზების თანამონაწილეობა, ეკლესიის მშენებლობაზე წერო ათეისტურ ხანაში, ''ერთმორწმუნე'' ბერძენი კი რუსის ალეგორიაა). აქ კიდევ საინტერესოა ხელოვნების ორი გზა – არსაკიძე. ნათელთან ზიარებული, ფარსმანი – შავი სულის, ამიტომაც ვერ ააგო სვეტიცხოველი. სიბნელე სიდიადეს ვერ შექმნის, დღეს სწორედ ფარსმანის სულისკვეთების ხელოვნებაა მოძალებულ–აღზევებული, როგორც ერთგან მიწერია – ''ხელოვნებაში ტახტი იდგა თვით ფარსმან სპარსმა.'' ნამდვილი ხელოვანის მარტმყოფობისა და განწირულობის უსაშველო პრობლემა დგას აქ. ასეთი დრო თავისთავადაა კრიზისული, დამარცხებული. საინტერესოა მეფე გიორგის გარემოცვა, რაც სისტემის მხილებას წარმოადგენს მწერლის მხრიდან. გიორგი ხილულ მტერს აშკარად სძლევს, ლაგმავს, მაგრამ თავის გარემოცვაშია, პირველ რიგში, სნებოვანება. დავაკვირდეთ – მწერლის ეპოქა დასმენების ეპოქაა! ვინ არიან ხელისუფალის ირგვლივ რომანში – ეზოსმოძღვარი, ჭორიკანა, მოენე, ფარსმანი – უჯიშო, ღვარძლიანი, საეჭვო წარსულის ავსული, ზოგიც კეისრისადმი ქედმოხრილნი – აი, მის გარშემო მოფუსფუსეთა არაჯანსაღი სახე. ასეთი ხელისუფლება საფრთხეს ვერ აიცდენს. მარტოსულია გიორგი და უჩვეულოდაც იღუპება, არა სასახლეში, არა საკუთარ სარეცელზე... მთელი რომანი კლასიკური სურათია იმ განწირულობის, მიუსაფრობის, რაც მთელი ეპოქის დამღაა! ეს არის ისეთი დროის გამოსახვა, როცა მოშლილია სიყვარულიც, დარღვეულია ადამიანობაც, იდევნება პატიოსნება. მომავალიც (ბაგრატი) სხვა ძალის აღზევებას ემსახურება. მწერლის დროის სიმახინჯე აისახა. აქ ყველა გმირი ტკივილის მატარებელია და ტრაგიკული. ასეთ ''ფარსმანებსა'' და ''ეზოსმოძღვრებს'' როდი უნდა ჰქონდეთ გასაქანი ნორმალურ, ზნეობრივ სახელმწიფოში?! ეს დაკნინებაა სახელმწიფოებრივი არსისა და მნიშვნელობის, მისი სიძლიერისა. საეჭვონი წყვეტენ სხვათა ბედს, მათია ხელმწიფის კარის უფლებები. როგორ შეიძლება ასეთნი იყვნენ აღზევებულნი და ყოველგვარ საქმეს ძირი არ გამოეთხაროს...ზნეობრივი გაბედულებით წერდა მწერალი. დამოკლეს მახვილქვეშ ყოფნას უდრიდა ეს. თავადაც მუდამ ალესილი ჰქონდა სიმართლის სატევარი. ამ დიდმა ადამიანებმა ყველაფერი საქართველოსთან ერთად გადაიტანეს. გენიოსები მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ აღმოჩნდნენ ამ ბედში. არც ევროპას აკლდა სულიერების კრიზისი. ღირებულებების და ზნეობის ერთგულება ყველგან მარტოობის მანტიას წამოასხამს რჩეულებს. შეუგუებლობის ტვირთი ყველგან ერთნაირად მძიმედ მოქმედებს. სხვაა ძე დროისა და სხვა – ძე მარადისა... მატერიალური სატყუარა არ ჭრის გენიოსებზე! ცხადია, ''როდესაც კაცი დათვია, იმას, ჩვეულებრივ, დიდი ქონება აქვს'', (ჩარლზ დიკენსი). ხშირად ზნეობრივი სიმდიდრე მატერიალურ სიმწირეს განაპირობებს. სიხარბეს არა აქვს სამანი, გონება და ზნეობა კი მისი მტრები არიან! გენიოსებს ბუნების ძალა სხვა ამტანობას უბოძებს! ხელოვანის ტრაგედიასა და მარტოსულობაზე გამოკვეთილად წერს თომას მანი, (საყვარელი მწერალი კონსტანტინე გამსახურდიასი), შემოქმედი შეურიგებელია მათ მიმართ, ვინც ზნეობით ვაჭრობს, ვინც ღირსებისაგან თავისუფალია. მისი ერთ–ერთი პერსონაჟი მოექცა ბიწიერ დროში, სადაც ''შიმშილი ხელოვნებისა'' ყველაფერს ატყვია. უნებურად ის წააწყდება უხამსად გამოსახულ სიწმინდეს. ამხედრდა ამ მკრეხელობის გამო და მიეჭრა მაღაზიის მეპატრონეს, რომელსაც მკვახედ შეუძახებს – ''მე სახელმწიფოებრივი არც თანამდებობა გამაჩნია და არც ჩინი. კანონის ძალა მე არ მიჭერს მხარს... მხოლოდ ჩემმა სინდისმა მომიყვანა აქ.'' აქვეა ის ვინც უნდა იყოს ასეთ ადგილას – “წვერცანცარა უცხოელი”, “მცირეხელფასიანი” ქვეშევრდომი. ამ ბილწ ადამიანებს არ აღელვებთ ''მშვენიერების ურცხვად წარყვნა.'' გამაოგნებელია პასუხი – სახელმწიფომ შეისყიდაო. ამან კიდევ უფრო ააღელვა მოსული, რომ სახელმწიფოსგანაა წახალისებული ეს სიმდარე, ბოლოს დასძენს – ''ასე ცოდვისკენ ვუბიძგებთ ახალგაზრდებს, რომლებიც ისედაც შორს არიან ტანჯვისაგან და უფრო შორს ხსნისაგან! შემეცნება უმძიმესი ტვირთია ამა ქვეყნისა, მაგრამ განმასპეტაკებელიც არის... წყეულიმც იყავით! ამ ქვეყნის ტანჯვა–ვარამის მიჩქმალვას ჭრელი ფერებით ხომ არ აპირებთ?... ვიცი მარტო ვარ და არავინ გამომესარჩლება, მაგრამ არ გავჩუმდები... სამკალი მომწიფებულია და მომკელის ცელს ელის. ჩვენი დროის უსინდისობამ ყველა ჯებირი წალეკა.'' უხმეს ძალღონის კაცს, გამოჩნდა ''უცნაური რაღაც, ადამიანის მაგვარი ხორცის ზვინი,'' რომელმაც კინწისკვრით გააძევა ზნეობის ქომაგი. ასეა ხშირად დაჯაბნილი კაიკაცობა და სიმართლე. დამარცხებული ჭეშმარიტება კი საკრალური ხილვითაა განსპეტაკებული, სადაც უკვე თავად უფალი მონაწილეობს ქვეყნიურ სიმდაბლეთა დასჯაში. ცხოვრება ყველგან ერთნაირად ატარებს დაღს, რათა ადამიანებსაც დაასვას დამღა მტკიცე ხელით. განსხვავებს ის არის, ამის შედეგად ვინ მახინჯდება და ვინ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ადის... ნაიარევი სული სხვის იარებსაც კარგადა გრძნობს... ცხოვრება არასოდეს პასუხობს ადამიანთა სურვილებს, მით უმეტეს შემოქმედისას. ის ძალზე არაპოეტურია იმისთვის, რომ ძალიან შევიყვაროთ. ყველა გენიოსი თვითდადგენილ საზღვრებში ცხოვობს!... თომას მანი ირონიულად ერთ–ერთ პერსონაჟზე ასეთ რამეს ამბობს – ''უჰ. ამას ნამდვილად ლიტერატურა არ უზის გვამში.'' საინტერესო მინიშნებაა!... საერთოა, მართლაც, ხელოვანთა უიღბლობა. ჩვენს ყოფაში კი ამ ყველაფერს – მიწიერ გაუსაძლისობას, გამორჩეულობის პრობლემას, ეროვნული სატკივარიც ემატებოდა. ხელოვანი ხომ იდეოლოგიცაა, ამიტომაც ჩაანაცვლეს მას ფსევდოხელოვნება, რის გამოც მივიღეთ ფსევდოიდეოლოგიაც. ასე შემოიჭრა შეცვლილი გარემო, შეცვლილი ადამიანით. საერთო ღირებულების მქონეთა ტკივილი ერთია! სიჭკვიანე გარკვეულ ზღუდეს უქმნის ადამიანს. ეს ზნეობრივი გმირები მრავალ რამეს ხდიან ასატანს... გონება ყველაფერს უკეთებს კონტროლს, მისი აუწონავი არაფერია! ჩვენც ამ ზნეობრივ ორიენტირებს უნდა გავყვეთ. მხედველობიდან არ უნდა გავუშვათ მთავარი, რასაც ადამიანის ღირსება ჰქვია!.. მათგან გამათრახებული დრო დღეს წელშია გასწორებული, რადგან გაიშვიათდა სრულქმნილთა რიცხვი. შემოქმედებითი წარმატებაც მხოლოდ ''შოუებზე'' დავიდა, ''მარტოობის ორდენის კავალრებს'' კი კვლავ უხმობს დამშრალი ზნეობრივი სამყარო, რათა განიწმინდოს დედამიწის სნეულება მათი კალმით, რათა არ გამარტივდეს სული და არ დარჩეს ცარიელი სივრცე ჭეშმარიტი აზროვნებისა და მშვენიერების წილ! მათ მიერ შემოკრული ზარები დღეს ობლად დუმან! მწარედ ნაღალატევი, განძარცული ადამიანობა დღესდღეობით კიდევ უფრო ითხოვს შველას!ანტისულიერება ყველგან იმკვიდრებს თავს. გმირთა, გენიოსთა შინაგანი მოთხოვნილება აღარ ჩნდება. ტლანქი გართობა გვეძალება, მაგრამ ასე იაფად ვერ მოიპოვებენ მომავლის რეალობას. აღსდგება ჯიში, გამთელდება ძარღვი, გაიფხიზლებს გონება, გაიბრძოლებს გული... დარდი მარტოხელა და უნაპირო ისევ გაგვახედებს გენიოსთა სანახებიდან,. ამაოდ როდი ცდილობენ ღვთაებრივი პირისახიდან ჭუჭყი ჩამორეცხონ კაცობრიობას. მათი ნაიარევი სული ჩვენშიაც გააჩენს ტკივილს და შობს ადამიანურ სასწაულს – თავგანწირვას. სულშემუსვრილობაც მოიშორებს ტანჯვის საფანელს. გაქრება ყველა დარდის ნიშანი და ადამიანი დაუბრუნდება ღმერთს, მანამდე კი სული ისევ თავკაცთა სიბრძნეს შეხიზნებია და მათი გამძლეობის იმედით ცოცხლობს. ეს პატიოსანი სამყარო ჩვენც გვაერთიანებს, გვაქცევს თავის თავში, ვისაც ღირსება არც ოქროზე დაგვიწონია და არც ლაფში გაგვისვრია, ვინც ამ შეშლილ დროშიც ვუერთდებით სხვა განდეგილებს!. ადამიანს უსაზღვროებიდან ღმერთი იცავს, მიწაზე – გენიოსები; მათ განამტკიცეს ის საზღვრები, რომლის იქითაც აღარ უნდა წახვიდე! ( 2010 წ. გამოქვეყნდა. იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით). |