|
სარდიონ ალექსი-მესხიშვილი
სარდიონ დიმიტრის ძე ალექსი-მესხიშვილი (დ. 1814, სოფ. რუისპირი, ახლანდელი თელავის რაიონი ― გ. 1863, დაკრძალულია ახალ შუამთის ეკლესიაში), ქართველი კრიტიკოსი, მთარგმნელი, სამხედრო ექიმი. მსახიობ ლადო მესხიშვილის მამა. 1832-1836 წლებში სწავლობდა სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის მოსკოვის განყოფილებაში, რომელიც დაამთავრა ექიმისა და ვეტერინარის წოდებით. 1840 წლიდან მუშაობდა ექიმად თელავში, სიღნაღსა და თბილისში. 1848 წელს წარდგენილი დისერტაციის საფუძველზე მიენიჭა შტაბ-დოქტორის წოდება. ალექსი-მესხიშვილის კრიტიკული წერილები და თარგმანები (როჟე დე ბოვარის, ჟ. ფ. მარმონტელის, ეჟენ სიუს თხზულებებისა) იბეჭდებოდა გაზეთ "კავკაზსა" და ჟურნალ "ცისკარში". ეკამათებოდა თერგდალეულებს, იცავდა "მამათა" პოზიციებს. 1861 წელს "ცისკარში" გამოქვეყნებულ ალექსი-მესხიშვილის წერილს ("უსტარი ანტიკრიტიკული"). აქ იგი იცავდა სამი სტილის თეორიას და იმ ასო-ნიშნებს, რომელთა ხმარებაზე ი. ჭავჭავაძემ უარი თქვა (უ, ჱ, ჲ, ჳ, ჴ). ამავე წერილში მან პასუხი გასცა ი. ჭავჭავაძეს ფრანგულიდან ჟ. ფ. მარმონტელის "მეუდაბნოენის" საკუთარი თარგმანის გამო (დაიბეჭდა 1852 წლის № 1 და 2 "ცისკარში") და დამრიგებლური ტონით გაახსენა კარამზინის დამსახურება რუსულ ლიტერატურაში. ი. ჭავჭავაძემ საპასუხო წერილი "სარდიონ მეხიევის კრიტიკის გამო" წარადგინა "ცისკრის" რედაქციაში, მაგრამ ი. კერესელიძემ იგი აღარ დაბეჭდა. |
|