საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

პრესა და ანალიტიკა > პუბლიცისტიკა

დავუბრუნოთ ალექსანდრე ბატონიშვილის ნეშტი საქართველოს!
გიორგი ერიშვილი

ერთმორწმუნე დამპყრობთა წინააღმდეგ მებრძოლი მარტოკაცი

 

ალექსანდრე ბატონიშვილი მეჩვიდმეტე შვილი იყო მეფე ერეკლე მეორისა. იქნებ საქართველოს ბედი უფრო სხვანაირად წარმართულიყო, იგი რომ ნაბოლარად კი არა, მემკვიდრე უფლისწულად მოევლინა განგებას.

ქვეყნის მიერ თავისუფლების დაკარგვის შემდგომ, დამოუკიდებლობის აღდგენის იდეა წარმოადგენდა ალექსანდრე ბატონიშვილის ცხოვრების ერთადერთ მიზანს და მისი პოლიტიკური გამჭრიახობა და სახელმწიფოებრივი სიბრძნე დაბეჯითებით იძლევა იმ თვალსაზრისში განმტკიცების საშუალებას, რომ მას რეალურად შესწევდა ძალა თავისი სამშობლოს გადარჩენისა მოყვრულად მოსული მტრის ვერაგული ანექსიისაგან.

ბატონიშვილის მთელი ცხოვრება აღბეჭდილია შეურიგებელი ბრძოლით მოძალადე ჩრდილოელი დამპყრობლის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში მას მხარში ედგა მთელი ქართველი ერი, უკეთ, მისი უდიდესი ნაწილი, ყველა, ვისაც ვერ წარმოედგინა თავისი სამშობლოს არსებობა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარეშე.

დღე და ღამე ცხენსა და უნაგირზე გაკრული მთელ საქართველოს გარშემო უვლიდა, კუთხიდან კუთხეში გადადიოდა, ჰკრებდა და ბრძოლის ჟინით აღანთებდა თავგანწირულთა რაზმებს. ყველგან მეგობრები და თანამგრძნობნი ეგულებოდა. თვითონ იბრძოდა თავდაუზოგავად: სხვადასხვა დროს ორმოცამდე ჭრილობა ჰქონდა მიღებული.

ბატონიშვილი არწმუნებდა ხალხს, რომ პოლიტიკური დათმობა კი არ ააყვავებდა საქართველოს, პირიქით, დაამდაბლებდა; საარსებო წყაროს წაართმევდა, დათრგუნავდა. უხსნიდა, რომ მსგავსი შეურაცხყოფა, რასაც ამ პერიოდში განიცდიდნენ, მათ ერს თვით შაჰ-აბასის და აღა მამედ-ხანის ეპოქაშიც არ განუცდია. ,,სპარსელები ყოველთვის ჩვენი მტრები ყოფილან, მაგრამ არასოდეს არ გვახსოვს, რომ ჩვენი სამეფო სკიპტრა მათ ჩვენთვის წაერთმიოთ!.. ბევრი ტანჯვა-ვაება გადაგვიტანია, მაგრამ ასეთი არაფერი მოგვსწრებია! საქართველოს რუსეთთან შეერთება არც სამართლიანია, არც ზნეობრივი. ეს არც სამართლიანად მომხდარა, არც აუცილებლობით'' – გულდამძიმებული წერდა თანამზრახველებს. სხვა მიმართვაში იგი კიდევ უფრო გადაჭრით აფასებდა შექმნილ ვითარებას:

,,განვლილმა დრომ დაგვანახა, რომ ჩვენი და რუსეთის ერთად ცხოვრება არ მოხერხდება – სხვადასხვა ხასიათის და ზნე-ჩვეულებების ხალხი ვართ. არაფერი წმინდა მათთვის არ არსებობს. დიდი და პატარა ტყუის. ხალხს ატყავებს, სიტყვის გატეხვა არაფრად უღირთ. მაგათთან შედარებით ყიზილბაშები ანგელოზები არიან. ჩვენ ხომ არ მივსულვართ მათთან, ისინი მოგვიცვივდნენ და მოსვენებას არ გვაძლევენ. ჩვენ ცოლ-შვილსა და ოჯახებს ვიცავთ, მშობლიურ მიწას და სახლ-კარს. ამათთან ბრუნდისა და მართლის გარჩევა არ არსებობს''.

ასობით ბარათსა და პროკლამაციებს გზავნის სხვადასხვა მხარეში. მარტო ერთ გლეხს რამდენიმე თვეში ორმოცზე მეტი წერილი დაუწერია და დაურიგებია საჯავახიანოში. კორესპონდენციებს იგი ატანდა ისეთ თანამოაზრეებს, რომლებიც თავიანთი მჭევრმეტყველებით, რჩევითა და ჩაგონებით, ბატონიშვილის წერილებზე ნაკლებ შთაბეჭდილებას როდი ახდენდა ხალხზე. ეს წერილები ნერგავდა ოკუპანტების მიმართ სიძულვილს, აღვიძებდა პატრიოტებისადმი ნდობასა და სიყვარულს; გმირებად სახავდა თავისუფლებისათვის მებრძოლებს, ადიდებდა მათ თავდადებას.

ერთგულ მამულიშვილებს ქართველი უფლისწული ყოველთვის ჯვარზე აფიცებდა, ცხოველმყოფელ ჯვარზე, რომელსაც განუშორებლად თან ატარებდა. მის ხურჯინში მუდამ იდო ბიბლია და ფსალმუნნი, საიდანაც სულიერ ძალებს იკრებდა. თავის მოლაშქრეებთან ერთად ლოცულობდა: ,,ძლიერებაო, ჯვარო ვაზისაო, დაგვიცევ და დაგვიფარე ჩვენ!'' საომრად თავშეყრილ ხალხს ქრისტიანული მცნების ერთგულად დაცვისაკენ მოუწოდებდა: ,,უნდა აღვკვეთოთ ბოროტება, დავდგეთ სახარების მცნების ბრძანებაზედ, ტიბიკონსა ზედა!''

მაგრამ ურყევი ქრისტიანული რწმენა, უფროს ძმასავით, გიორგი XIII-სავით არ უშლიდა ხელს იმავე ქრისტიანულ აღმსარებლობაში თავშეფარებული ჩრდილოელი ერის ვერაგობა და ქვეგამხედურობა არ დაენახა, რომელიც მფარველისა და დამცველის სახით მის ქვეყანას დამონებას უქადდა. თავის განწყობილებებს ბატონიშვილი არც მალავდა და პირდაპირ მიახლიდა რუსებს უკმეხად: ,,აი, ჩვენმა ყურმოჭრილმა მონობამ თქვენს წინაშე სადამდე მიგვიყვანა. ყველა მეზობელი სახელმწიფოების სასაცილო გავხდით. და ეს სულ თქვენის მთავრობის ბრალია. იმის ბრალია კიდევ, რომ თქვენცა და ჩვენც ერთი სარწმუნოებისანი ვართ. ეს თქვენი ამგვარი მოქმედება ამტკიცებს თქვენს ქრისტიანულ სიყვარულს? სადღაა იგი? არსად! თქვენის წყალობით, იგი აღმოიფხვრა ხალხის გულში!''

ამიტომაც იყო, რომ ყველა ხერხითა და საშუალებით იბრძოდა დიდმპყრობლური ვნებით შეპყრობილი იმპერიის წინააღმდეგ: თავკაცობდა მთიულეთის აჯანყებას, ქმნიდა ანტირუსულ კოალიციას ამიერკავკასიაში, მეთაურობდა ერევნის ომს, ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებდა ნაპოლეონის ელჩებთან, რუსეთის წინააღმდეგ აგულიანებდა სპარსეთსა და თურქეთს...

გასაკვირი არ არის, რომ რუსებიც სასტიკად იყვნენ გადამტერებულნი ბატონიშვილ ალექსანდრეზე. ციციანოვი, მაგალითად, ნაბოლარა უფლისწულს ,,საქართველოს ბოროტ გენიას'' უწოდებდა. რუსები ყოველ ღონეს ხმარობდნენ მის ხელში ჩასაგდებად და მთავარმართებლები უნიათობისთვის ხან მაზრის მოხელეებს ურისხდებოდნენ: ,,თვალით არ დამენახოთ, ვიდრე ბატონიშვილი ალექსანდრეს მომხრეებს სუყველას არ დაიჭერთ და არ მომგვრით'', ხან სპარსელებს ამუნათებდნენ: ,,მეამბოხე ბატონიშვილს ბინა აღარ მისცეთ და დაუყოვნებლივ გაბაწრული მომგვარეთ, თორემ ჩვენს შორის მშვიდობა არ იქნებაო'', ხანაც თურქეთის მთავრობას უცხადებდნენ პროტესტს რუსეთის ელჩი ალექსანდრე ბატონიშვილის მიღების გამო!

იმპერიის ერთგული მსახურნი, ზოგჯერ მუქარითა და ზოგჯერ კიდევ ტკბილი სიტყვით ცდილობდნენ მის მიმხრობასა და გადაბირებას. ერთის მხრივ, თუ რტიშჩევი ემუქრებოდა: ,,მე ბრძანებას გავცემ, რაც შეიძლება გდევნონ, მოსვენება არ მოგცენ, სიცოცხლე გაგიმწარონ'' და  ციციანოვმა სამჯერ გაზარდა იმ თანხის რაოდენობა (ასი ათასი ოქრო), რომლითაც მისი სიცოცხლე იყო შეფასებული, მეორე მხრივ გენერალი ლაზარევი მლიქვნელურად ურჩევდა, დაბრუნებულიყო სამშობლოში და იმპერია სანაცვლოდ დიდ პატივს მიაგებდა მას.

მაგრამ ალექსანდრე ბატონიშვილი კარგად იცნობდა რუსების პირუმტკიცობას და მლიქვნელობასაცა და მუქარასაც ერთნაირად ამაყი უარით პასუხობდა: ,,როდესაც თქვენ ტკბილი სიტყვებით მიხვევთ თვალს და მიტყუებთ თქვენსკენ, ნაბრძანები გაქვთ ყველგან, რომ, საცა მნახვენ, შემიპყრონ და დამაპატიმრონ''; ,,მე მხოლოდ ერთის ღმერთის მეშინია და ამაზე ვსასოებ, მეტი ჩემი შემშინებელი ჯერ არავინ გამოჩენილა!''

როდესაც  ვერც ტკბილი სიტყვა და ვერც მუქარა ვერ სჭრიდა, ცბიერი სიუზერენი ცდილობდა ქართველი კაცისთვის ყველაზე უფრო მტკივნეულ საგანს შეხებოდა და ბატონიშვილს თავისი ხალხის მტრობასაც კი უგონებდნენ. რტიშჩევის ბრალდებაზე, ხალხი მხარს არ გიჭერს და შენ ძალად აშფოთებ მათ და ცუდუბრალოდ ღუპავო, თავისი სიმართლის ღირსებით პასუხობდა: ,,ეს საითგანღა მომიგონე, ხალხი ყურს აღარ გიგდებსო? მაშ ის ამოდენა ხალხი საიდან მოგროვდა ჩემი დროშის ქვეშ? საიდან და რის გამო აღდგა ამდენი ხალხი? თუ თქვენ ხალხის სიყვარულს და მოთხოვნას არაფრად აგდებთ?''

ის, რომ ზემოთქმული ლიტონი სიტყვები არ იყო და მართლაც მთელი ერი იდგა ბატონიშვილი ალექსანდრეს გვერდით, დასტურდება რტიშჩევთან გაგზავნილი ერთი დოკუმენტით:

,,მთელი ერი ჩვენს წინააღმდეგ არის აღმდგარი. ალექსანდრე ბატონიშვილს ყველგან ბინა აქვს და ამიტომ ხელში ვერ მოვიგდე. გთხოვთ ახალი ჯარები მომაშველოთ'' – და აქ საგულისხმო ის გახლავთ, რომ ამ წერილს წერდა არა ვინმე გადამთიელი, არამედ მოღალატე ქართველი გენერალი ორბელიანი, რომელიც ფაქტიურად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იბრძოდა. და განა მარტო ეს ერთი ორბელიანი: როდესაც მთელი ერის პატრიოტი მამულიშვილები ალექსანდრე ბატონიშვილის მოლაშქრეთა რიგებში ირაზმებოდნენ, დამპყრობელთა ეპოლეტებზე და ჯინჯილებზე გაყიდულ ქართველ დიდებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი სამოწყალოდ ბოძებულ სალაფავებზე ცვლიდა თავისი ქვეყნის თავისუფლებას.

და სრულიად ბუნებრივია, რომ არცერთი მარცხის შეგნება არ იყო ისეთი განცდის საგანი ბატონიშვილისათვის როგორც იმ თავის თანამემამულეთაგან, რომელთაგან ზოგი ჩრდილოეთიდან ამომავალი მზის ბრჭყვიალს დაებრმავებინა, ზოგიც მის მიმართ აღძრულ შურსა თუ ბოროტებას და ერთი ადამიანის სიძულვილის ფასად საკუთარ მამულს სწირავდნენ ვერაგ დამპყრობელს. ამ მხრივ განსაკუთრებით ნიშანდობლივია ათას რვაასი წლის შვიდ ნოემბერს განცდილი მარცხი ნიახურას ველზე, ზეინის კოშკთან, როდესაც რუსეთის ორმა პოლკმა, ლაზარევისამ და გულიაკოვისამ სამი ათას ქართველ მეომართან ერთად, რომელთაც სარდლობდნენ ბატონიშვილები – იოანე და ბაგრატი, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს ალექსანდრე ბატონიშვილის ჯარს.

დიახ, სწორედ ასე მოხდა: ალექსანდრე ბატონიშვილს ებრძოდნენ თავისი სახლეულის წევრები და მათთან ერთად დიდგვაროვანნი თუ უგვარონი, რომლებიც თავისივე ხელით ჭედდნენ საკუთარ ბორკილებს. ის სამი ათასი ქართველი რომ თავისიანებს ამოდგომოდა მხარში, სულ სხვა შედეგი ექნებოდა ბრძოლას. ბრძოლის შედეგად დამარცხებულმა ბატონიშვილმა, დამარცხებულმა, მაგრამ გულგაუტეხელმა, ყარაბახში, თავის ერთგულ მეგობართან, იბრეიმ ხანთან დაიდო ბინა.

საგულისხმო მაგალითია - ქართველთაგან ნაღალატევი ბატონიშვილი ყარაბაღს აფარებს თავს, თავის უღალატო ყონაღთან. სხვადასხვა დროს, თვისტომთაგან და ერთმორწმუნე მეზობლისგან დევნილს, ასევე შეუფარებია თავი სპარსეთისათვის, ოსმალეთისათვის, მაგრამ ყველაზე საიმედო დასაყრდენად და მოკავშირედ მას ყოველთვის ჩრდილოეთ კავკასიის მოძმე ხალხები ეგულებოდა.

ბატონიშვილმა იცოდა, რომ მთელი კავკასიის განთავისუფლების გარეშე საქართველო ვერ მიაღწევდა თავისუფლებას და პირუკუ – ქართველებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ყველა კავკასიელი ხალხის წინაშე. იგი სამართლიანად თვლიდა, რომ საკუთარი თავისუფლების დაკარგვით ,,ჩვენ არა მარტო ჩვენს თავს, მთელ კავკასიას ვართმევთ თავისუფლებას''.

სამშობლოდან გადახვეწილი, იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა კავკასიის სხვადასხვა კუთხეში: ავარელებში, ჩეჩნებში, ლეკებში და როგორც იგი იყო მათი მოიმედე, ისევე ყველგან მისი მიედი ჰქონდათ რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში. მთელი ჩრდილოეთი კავკასია მზად იყო მის ერთ დაძახილზე ფეხზე დამდგარიყო. როდესაც ყაბარდოში არეულობა დაიწყო, მისმა წინამძღოლებმა, ჩერქეზებმა მოსწერეს: ,,ხალხმა ღირს ვცანით, მივყვეთ ერთადერთს ქვეყნის დამცველ კანონიერ ხელმწიფეს და გემსახუროთ თქვენ''.

1812 წელს, ნაპოლეონის შემოჭრის დროისათვის რუსეთში ბატონიშვილმა აჯანყების მოწოდებები დაგზავნა ჩეჩნეთში, ყაბარდოში, დაღესტანში და საყოველთაო განმათავისუფლებელი ლაშქრობისაკენ მოუწოდა მათ ერთიანი ძალისხმევით: ,,უკვე დადგა დრო, როცა ჩვენ ერთად უნდა გამოვიდეთ ჩვენი საერთო მტრის, რუსების წინააღმდეგ... ღმერთმა ქნას, ამ უკუღმართობას ბოლო მოღებოდეს. მათთან ბრძოლა საჭიროა, როგორც ამ სოფელს, ისე საიქიოს'' – სწერდა ალექსანდრე ბატონიშვილი თავის კავკასიელ ძმადნაფიცებს.

ხოლო იმ დროს, როდესაც მთელი ჩრდილოეთ კავკასია ქართველი უფლისწულის მზეს ფიცულობდა, მისი ქართველი თანამემამულენი აგრძელებდნენ მისსა და ერთდროულად საკუთარი ქვეყნის ღალატს. ბატონიშვილი პასუხად დიდსულოვნად მოუწოდებდა შეენანებინათ და მიტევების პირობას აძლევდა: ,,არ მოვდივარ თქვენს წინაშე ძალითა და ხმლით, არც მტრობით იმათ წინაშე, ვინც ცოტა თუ ბევრად დანაშაულობა ჩაიდინეს ჩვენი მაღალი სახლობის წინაშე''.

მაგრამ დროთა განმავლობაში ასეთი წერილების აუცილებლობა შეწყდა. რუსთა მმართველობამ ისეთი დაღი დააჩინა ქართველებს, რომ არათუ მოღალატე დიდგვაროვანი თავად-აზნაურობა, არამედ მისი უერთგულესი ადამიანებიც კი უიმედობაში ჩაჰყარა საქართველოს დამოუკიდებლად არსებობასთან დაკავშირებით, იმდენად, რომ, როდესაც ალექსანდრეს 1826 წელს, სურდა კახეთი ასაჯანყებლად განეზრახებინა, ის კახეთი, რომელიც 10-15 წლის წინ ბატონიშვილის ერთი ხელის დაქნევაზე მასთან ჩნდებოდა ხოლმე, ადგილიდანაც ვერ დაძრა. კახელებს უკვე აღარაფრის იმედი აღარა ჰქონდათ და მხოლოდ იმაზეღა იყვნენ გაფაციცებულნი, რუსეთის ჩრდილქვეშ უშფოთველად დაევანებინათ.

მაგრამ უმადურობა იქნებოდა იმის არ აღნიშვნაც, რომ, როდესაც 1832 წელს კიდევ ერთხელ აღზევდა ქართული სული, როდესაც მოეწყო ცნობილი შეთმულება რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, შეთქმულებს მეფედ სწორედ ალექსანდრე ბატონიშვილი ჰყავდათ დასახული.

 

ბედის უკუღმართობით  ალექსანდრე ბატონიშვილის ნეშტი  დაკრძალულია სამშობლოდან შორს,  თეირანის სომხურ ეკლესიაში.

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვების შემდეგ, ქართველებს ეძლეოდათ საშუალება, ერისთვის დამაშვრალი უფლისწულის ცხედარი მიებარებინათ მშობლიური მიწისათვის. ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილის  თვალსაზრისს გამოხატავდა გურამ შარაძის მოწოდება: „თავისუფალი საქართველო, სამუდამოდ ჩამოშორებული რუსეთს, მიაბარებს დიდებულ მამულიშვილს საკუთარ მიწას, სადაც განისვენებენ დიდი მეფენი: - ბაგრატი, დავითი, გიორგი, თამარ, ერეკლე!" ვფიქრობთ, დადგა დრო ჩვენი წინაპრების ნანატრი ოცნების ახდენისა!“

ამ ოცნების ხორცშესასხმელად პროფესორი მაგალი თოდუა საკუთარი მოკვლევის  შედეგებს ამცნობდა თანამემამულეებს პრაქტიკული ნაბიჯების გასაიოლებლად: „მე მოვიხადე ჩემი მოვალეობა, მოვნახე  ალექსანდრე ბატონიშვილის საფლავი შაჰ აბდულ აზიმის ალაყაფთან მდებარე სომხურ ეკლესიაში. მაგრამ ეკლესიის ეზო, სადაც მარხია „შირ-ე გურჯი“, ეკლესიის პატრონთ გაურემონტებიათ და ცემენტის ფილებით დაუფარავთ. კარო მინასიანს, სომხური გიმნაზიის მასწავლებელს, უნდა ვუმადლოდე, რომ იმ წამებული ქართველის საფლავი ვიცი: იგი მარხია ეკლესიის ეზოში, მისი დასავლეთის კარების წინ, ოთხ ნაბიჯზე, მარჯვნივ.“ („მამული“,№1, 1990წ.)

სულ ახლახან, ერთ-ერთ ქართულ საიტზე (http://www.fereidani.ge/131_bucha/131_bucha.html) გაჩნდა იუზერის - ბუჭა ზაზუნიშვილის ცნობა, რომელსაც განთავსებული ჰქონდა თეირანის სომხური ეკლესიის  ფოტოსურათები  და იუწყებოდა:   „რადგან ალექსანდრე ბატონიშვილი მართლმადიდებელი იყო, სომხური წესის მიხედვით მისი ეკლესიაში დაკრძალვა არ შეიძლებოდა. მის გვერდით კი სხვა ევროპელი ქრისტიანები და კათოლიკეები განისვენებენ...“

ხოლო სანამ იმ „სხვა ევროპელ ქრისტიანთა  და კათოლიკეთა“ საფლავებს შორის საბოლოოდ  დაკარგულა საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი უკანასკნელი უფლისწულის საფლავი, დროა იზრუნოს ქართველმა ერმა  მისი ცხედრის საკუთარი გვირგვინოსანი წინაპრების გვერდზე, სვეტიცხოვლის ტაძარში გადმოსასვენებლად!

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი დომენტიანე – მელიტინელი ეპისკოპოსი (+601)
10 (23) იანვარს აღინიშნება ღირსი დომენტიანეს – მელიტინელი ეპისკოპოსის (+601) ხსენების დღე.
წმიდა გრიგოლ ნოსელი და დაჲ მისი თეოზვა დიაკონი
10 (23) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდათა შორის მამისა ჩვენისა გრიგოლისი, ნოსელი ეპისკოპოსი (+395) და დისა მისისა თეოზვა დიაკონისა (+385) .
gaq