მეფე მთავართა, მფლობი ჯავართა, სოფლისა წყალთა დამამშვენალი. დაბალ ფარჩის სკამზე ზის თამარ დედოფალი და სარკეში თავ-მომწონედ იხედება. მის გარშემო ერთის ამბით დაფუსფუსებენ მისი მხევალნი: ახალგაზრდა ალვად მოწეულ ტანისა და ტევრად დაყრილ ოქროს ფერი დალალ-კავებიანი მეგრელი ქალები, მათთან რამდენიმე გულკეთილი, ჩატუკნული, წაბლისფერ ნაწნავებიანი და ღრმა, მშვლის დაფიქრებული შავ-ტბა თვალ-წარბიანი ქართლელი გოგო, სწრაფი, ვერცხლის წყალსავით დაუდგრომელი, მხიარული და სიტყვა-მახვილიანი რამდენიმე გურული ქალი და ერთიც სომხის დედაკაცი სოსანა, - დედოფლის სამკაულთა და მთელი მისი სიმდიდრის მფარველი ქალი. დღეს ღვთის-მშობლის სადღესასწაულო დღეა და დედოფალიც ემზადება ძველს გელათში გასამგზავრებლად, რათა თაყვანი სცეს ღვთისმშობლის ხატს. მის წინ ფარჩა მოსილ მაგიდაზე გაბნეულია მრავალი ძვირფასი სამკაული. და ნარნარი თლილი ხელით დედოფალი თან თვალს არ აშორებს ოქროთი დაფერილ ვერცხლის ჩარჩოში ჩასმულ სარკეს, თან კიდევ სამეფო თავსახურზე იზომავს ხან ერთს, ხან მეორე მარგალიტის მძივს. - არა, ეს არა... ეს არ მიხდება.. დღეს მას ჰსურს განსაკუთრებით მორთული იყოს, მეტად ტურფა, კეკლუცი. მის გარშემო კი, ვით მიყუჩებულ საფუტკრეში, ისმის წყნარი, ნაზი და მასთან პირფერობით სავსე ქალების ხმა. - დედოფალო, ამ მარგალიტთ არ ძალუძთ შეამკონ ის, რაც ყველა შედარებაზე და საქებურზე უაღრესია... - დედოფალო, ეგ ძვირფასი ალმასები უმალ ფერს ჰკარგავენ და იფერფლებიან როგორც უბრალო კენჭები, რა წამს შენს ბრწყინვალე სახებას უახლოვდებიან. - მათი ცეცხლი უმალ ნელდება, ვით გაღაჟღაჟებული ნაკვერჩხალი ნაცრის ქვეშ, როდესაც შენს თვალთა კრთოლვას შევადარებთ, დედოფალო. - წითლად მოელვარე ლალნი, სისხლისფერი ბროწეულები და მარჯანი ვით შეუძლებელ შენს ძოწეულ ტუჩთ მეტოქეობას, დედოფალო! უყურეთ, ქალებო, ყველა ეს ძვირფასი ქვები სირცხვილით და შურით უფერულ ხის ნაჭრებად ღა გადაიქცენ... - შეხედეთ, დედოფალო თამარ, რარიგ ნეტარებით ბრწყინავს ეს სარკე, რომელსაც ხშირადა ხვდება წილად ბედნიერება, რომ შენი ღვთაებრივი სახის მოხაზულობა თავის პირიდან გამოაკრთოლოს. - მაგრამ ეს სარკე უმალ მოიღრუბლება და მჭმუნვარება პირს შეუკრთობს რა წამს თამარი გვერდით მისდებს მას. - კმარა! თქვენ მეტად მაბეზრებთ თავს ამდენი ყბედობით! - ჩურჩულებს თავდავიწყებით მღიმარი დედოფლის ბაგე. ყოველთვის, როდესაც მორჩება სახელმწიფო საქმეთ, რომელთაც ღრმა აზროვნების ნიშნად ნაოჭით შეუმოსეს მშვენიერი სამეფო შუბლი, ბრძენ დედოფალში იღვიძებს ქალი, რომელსაც არ ძალუძს იმ აღტაცების დაჯაბვნა, რომელიც გამოწვეულია მისი სიტურფით, ამ ერთად-ერთ წმინდა ქალური ამპარტავნობით. იგი დიდხანს იყურება სარკეში, დიდხანს ისინჯავს ძვირფას ოქრომკედის ქსოვილებს თუ სამკაულებს და თანაც არც ერთი სიტყვა არ ეპარება პირმოთნე მხევალთა პირიდან. მან იცის, ღრმად დარწმუნებულია მათ პირფერობაში, მაგრამ მაინც მოსწონს ყველა ეს, თითქმის იმდენად, რამდენადაც მისი სიტურფით ამეტყველებული შოთა რუსთაველის მომხიბვლელი ჩანგი, ვით მისდამი გაუბედავ სიყვარულით აღგზნებული, საღვთაებრიო ლექსთა ბგერა მისი სასახლის მგოსნისა. და დედოფალიც, სარკიდან თვალმოუშორებლივ, მიმართავს წყნარად: - სოსანა, მომეცი სხვა რამე... უფრო მსხვილ თვლებიანი ყელსაბამი. დღეს მე მსურს ჩემს ხალხს ვასიამოვნო არა თუ საქმით, არამედ ჩემივე ხილვით, ჩემივე სიტურფით, ჩემი ძვირფასი სამოსელით და სამკაულით... დედაბერიც წყნარად, სრულ ბატონსავით გასწევს ახალგაზრდა მხევალთ, რომელნიც ჭრელ-ყვავილთა რკალისავით გარს შემორტყოდენ დედოფალს და განუწყვეტლივ ყურში ჩასჩურჩულებდნენ ახალ-ახალ მლიქვნელ ქებათა-ქებას მისი სიკეკლუცის შესახებ, და მივა მასთან. სოსანას ხელში მარგალიტის სამკაულთა მძივები ნაპერწკლებსავით ციაგებენ და ისე მოკრთიან, ვით ცისკრის პირად მოელვარე ვარსკვლავთ კანდელნი. - აი, დედოფალო თამარ, აბა გასინჯე ეს ფარღულიც. ეს პირდაპირ ინდოეთიდან მოტანილ ვარდისფერ მარგალიტის მძივიდან გახლავს ასხმული და ორი მსხვილი იაგუნდითაა გამონასკული. ვფიქრობ, ეს უფრო მოგიხდება: დღეს სახეზე ჩვეულებრივზე უფრო ფერმკრთალადა ხარ... ან აი ეს მარჯნის მძივი, ან კიდევ ეს ძვირფასი ქვის მძივი. შეხედე, დედოფალო. თვითეული მარცვალი ისე მოკრთის, თითქოს განთიადის პირს ამომავალ მზის სხივთა ისარი. ეს შენს ფერნაკლულევანებას შეავსებს, დედოფალო, თავის საკუთარ სხივებს შენს სახეზე ააელვარებს. - მართლა, სოსანა? და დედოფალიც სახესთან მიიტანს ვარდისფერ მარგალიტის მძივს სწორედ იმ დროს, როდესაც ერთი მისი მხევალთაგანი ჩურჩულით მოახსენებს მას ვიღაც მათხოვარა დედაკაცის შესახებ, რომელიც სამეფო ციხე-დარბაზის კართან მოსულიყო და დედოფლის ხელიდან ელოდა მოწყალეობის მიღებას... თამარს სახეზე სიამოვნების ღიმის სხივმა შეუთამაშა და თვალები აღევსო თანაგრძნობისა და სათნოების ნელთბილი ტალღით. - მათხოვარა? მომიცადოს... მე თითონ... აი, ამ წუთსვე ვნახავ... უთხარით, რომ.. მაგრამ სარკიდან კი თვალი ვერ მოუშორებია. ხოლო ვარდისფერ მარგალიტის მძივი მის სამეფო სახეს ერთი ასად აციაგებს. - მაშ, ეს უფრო მიხდება, განა, სოსანა? და თან თავისუფლად ორკეცად ყელზე შემოიხვევს მსხვილ, ვარდისფერ მარგალიტის მძივს, ხოლო გულთან იაგუნდის თვალით გამოჰკრავს. და თან უყურებს, უყურებს სარკეს, თვალი ვეღარ მოუშორებია ჯადოსნურ ძალით გამომკრთალ თავისი კეკლუც სახებისთვის. აგერ ის ხედავს, ვით შეემოსა მომკრთალ შუქით წითლად ლოყები, თუ მისი აღგზნებული თვალები ვით უცხადებენ მეტოქეობას იაგუნდთა ელვარებას, ჰხედავს თამარი ყველა ამას და თან გულიც უტოკავს, სიამოვნებით ღელავს. - ჰო, სოსანა, შენ მართალი ხარ! ესა სჯობიან!.. მთელი სავანე, რომელიც მხევალთა ყოფნით და სარკმლებიდან ზღვად შემოლივლივებულ მზის სხივებისგან დახშულიყო, რაღაც აუწერელს იდუმალებას მოეცვა. და ამ სიწყნარეს ახლა არღვევდა დედოფლის ფარჩის სამოსელის ისეთივე წყნარი შარა-შური, ვით მხევალთა ცბიერი და იდუმალებით სავსე ჩურჩული. უეცრივ, თითქოს ვიღაცამ რაღაც გაახსენაო, თამარი წამოდგა, მას მოაგონდა რაღაც მივიწყებული... შეუსრულებელი... მის გონებაში უეცრივ მგოსან შოთას ლექსთა ნაკადმა რაღაც სიმძლავრით ამოსჩქეფა და დედოფალს ელვის სისწრაფით გაახსენა: ,,რასაცა გასცემ - შენია, რასაც არ - დაკარგულია“! ამავე დროს იმავე მხევლის ხმამ დაარღვია მდუმარება: - დედოფალო, კართან მათხოვარა გიცდის... და თამარიც სწრაფად კარებისაკენ გაემართა. გასწია მუქი, მოწითალო ხალიჩა და კარი გამოაღო, რომ უცნობისთვის მოეწოდებია და მის სურვილისამებრ მოწყალება საკუთარი ხელით გადაეცა. - სადა ხარ? მოდი საცოდავო! და თამარიც შეჩერდა. მის წინ, კარებთან, ოთახის ნახევარ სიბნელეში მან გაარჩია ნაცრისფერ კვართში გამოწყობილი, უცნობი ქალი, რომელსაც თავი ძველის-ძველ შალით მოებურნა. ხოლო კვართის ზემო კალთების ქვემოდან დედოფალმა შენიშნა მისკენ მოშტერებული წყვილი ზღვა, უფსკრულსავით ღრმა, მწუხარებით სავსე და შემოდგომის ღამესავით ჩაბნელებული თვალი. თამარს გააჟრჟოლა. - ნაცნობი თვალები! მაგრამ სად მინახავს სად!?. ხელ-ახლად დააცქერდა უცნობს და გატეხილი ხმითა ჰკითხა: - საიდან მოხვალ, საცოდავო! გშიან? შენს თვალებში იმდენს მწუხარებასა და ტანჯვასა ვხედავ... მათხოვარამ ორიოდ ნაბიჯი გადასდგა მისკენ და ხელ-ახლად შეჩერდა, ისევ უსიტყვოდ, უძრავად თითქოს კლდიდან გამოკვეთილი ქანდაკი, ოღონდ თვალს არ აშორებდა დედოფალს, ვით ელვის ისრებს, ხოლო იმავე მწუხარებით, იმავე ტანჯულ მეტყველებით. და თამარმაც ვეღარ გაუძლო მის ყურებას. მოუთმენლად, თითქმის მრისხანებით მან თავი ვეღარ შეიკავა და განრისხებით ჰკითხა მათხოვარს. - ვინა ხარ მეთქი? საიდან მოხვალ? ან რატომ სდუმხარ? იქნებ მუნჯი ხარ? მომყე... და თან ხელი გაუწოდა უცნობ მათხოვარას, რომ თავის დარბაზში შეეყვანა. მაგრამ გაწოდებული ხელი ჰაერშივე დარჩა. მათხოვარა უჩინარ იქნა. ზარდაცემულ დედოფლის თვალ-წინ, ვითარცა კვამლი, ვით მოჩვენება შორს ბურუსშივე ჩაიკარგა, თითქოს ჩასდნა ნაცრისფერი უცნობი სახე. მკვნესარე გულით შეძრწუნებული დედოფალი მივარდა თავის მხევალთ და ათრთოლებული ეკითხება: - რა იქნა მათხოვარა? სად გადიკარგა? მოსძებნეთ ჩქარა! თვით კი მიიჭრა ორ-კარიან სარკმელთან, რომელიც ფერად მინებით იყო შემკული, გამოაღო და გადაჰხედა ძირს, სადაც ტურფა ბაღნარს კოშკის ჩრდილი სქლად დასდებოდა. სარკმლის გამოღებაზე მზის სხივები ტალღასავით შემოაწვენ და დედოფალი თითქოს თვის ზვირთებში შეაცურეს. - სად არის მათხოვარა? არავის დაგინახავთ, ქალებო, საით წავიდა? ისმოდა დედოფლის გარშემო მის მხევალთა ხმა, რომელიც დარბაზიდან დარბაზში გადავიდა, შემდეგ ბაღს გადასწვდა და მთელ სამეფო ციხე-დარბაზის ყოველ კუთხეს ელვასავით მოედო. მოხუცი სოსანა კი გულდამშვიდებით თავის საქმეს შესდგომოდა და ნელ-ნელ, წყნარად, ძვირფას სამკაულთ ალაგებდა დაჭედილ სალარო ყუთში და უხმოდ, თითქოს ღამურას გაეფრინოს, ისიც სწრაფად შედი-გადიოდა დარბაზში. დედოფალი კი ისევ იმ მდგომარეობაში იყო სარკმელთან და მოუთმენლად გაჰყურებდა მწვანე, დაჩრდილულ ბაღის ბილიკებს, საიდანაც ელოდა უცნობ მათხოვარა დედაკაცის გამოჩენას. გადააბრუნეს ბაღი, სასახლის კარი, თვითოეული კუნჭული სათითაოდ გადმოაქოთეს, მაგრამ ამაოდ, მათხოვარა ვერავინ იპოვნა, მისი ასავალ-დასავალი ვერავინ გაიგო... ორი მხევალი გაემართა მონასტრის გზით, მაგრამ მათხოვარა ვერც იქა ნახეს. სათითაოდ, ხან წყვილ-წყვილად, ხან კიდევ ჯგუფობით ბრუნდებოდნენ აღელვებული დედოფლის მსახურნი, მხევალნი და დედოფლის სასტიკ, მდუმარე, მაგრამ მასთან მრავალ-მნიშვნელოვან კითხვით გამომეტყველ სახეს ვეღარ გაუძლეს და ათრთოლებით უპასუხეს: - არსად არა სჩანს, დედოფალო, ვერსად ვიპოვეთ მათხოვარა... - გზა-გზა გელათისკენ ბევრი მათხოვარა ვნახეთ, მაგრამ ის კი არ გვიცვნია. თითქოს ცას ეყოს მისთვის პირი, ისე გაჰქრა, დედოფალო, ყოველი კვალი. თამარი იდგა სარკმელთან ფერმიხდილი, უზომო ჯავრით დაზიდული, აღელვებული. სევდის ღრუბელმა მოიცვა მისი ბრწყინვალე, კეკლუცი სახე. სულის სიმშვიდე შეემოსა მწუხრის მანდილით. თითქოს მოშხამული ფუტკარი ჩასჯდომოდეს გულს, ესე ჰქენჯნიდა მას სინდისი. უეცრივ აუწერელმა მღელვარებამ მოიცვა. მაგრამ ვიდრე გონს მოვიდოდა, შორიდან გაისმა ყრუ გუგუნით დაძრული ხმა გელათის მონასტრის ზარისა... *** ზღვა ფიქრს მიცემული და უზომო ჯავრით დაზიდული თამარი მიეშურებოდა ძველს გელათისაკენ. თან კარის-კაცნი მისდევდნენ მას. გზას ხეივანსავით წყება-წყებად მისდევდა წაბლისა და ვაშლის ხეები და მცირეოდენ ნიავის დაქროლვაზე, თითქოს დედოფლის დასახვედრად, მთელ გზას ხალიჩის მსგავსად აჭრელებდენ თეთრსა და ვარდისფერ ყვავილებით. ჰაერი გაზაფხულის პირით სუნთქავდა და ტკბილად შეზავებულიყო პირველ ყვავილთა სურნელოვნებით თუ ნორჩ ფოთლებიდან ანაკმევი ფისის გუნდრუკით. ხასხასა მწვანე ბალახში ნაზი ღიმილით ციაგობდა ჰალილას ლაჟვარდოვანი გულ-მკერდი და ისე თრთოდა, ვით უმანკო ბავშვის თვალები. აქა-იქ გვირილათაც თავი ვარსკვლავთა მსგავსად წამოეყოთ, ხოლო სადღესასწაულოდ გამოწყობილი და ძოწეულით მხარ-ბეჭ დამშვენებული ყაყაჩონი ამაყად ეტრფიალებოდნენ ცელქად მონავარდე ნიავს და სრულ უფლებას აძლევდნენ გაღეღილ გულ-მკერდში და სულში ჩასძრომოდათ მათ ეს ბუნების ანცი არშიყი. გელათის გარშემო შემორტყმული სამონასტრო ბაღები გაზაფხულის ფრთით დილის ნისლის ტალღებში ჰსცურავდენ. მაგრამ ახალგაზრდა დედოფალს არ შეუნიშნია დღეს ეს ღვთაებრივი სიკეკლუცე, ბუნების დიდებული მეჯლისი. მას არ ესმოდა გზა და გზა თავისი ერის მისალმება, არც თუ მლოცველთა იდუმალი ჩურჩული, არც თავის მხევალთა პირ-მოთნე ქებათა-ქება, არცა ფრინველთა ჟრიამული და არც ჭრიჭინათა ჭრიალ-წკრიალი, აქა-იქ ცვარ ნამ მონაპკურ ბალახში რო ისვენებდენ. და როდესაც დაბალი კარით შევიდა ნახევრად მობინდულ ტაძრის თაღების ქვეშ და ანთებულ სანთლებით გაჩაღებულ საკურთხევლისკენ გზა გაუწიეს მლოცველებმა, იგი მიუახლოვდა ღვთისმშობლის ხატს, აღაპყრა თვალნი და ჰხედავს, რომ ოქროს შესამოსიდან ძველი, შეშავებული ხატი უყურებს მას ღრმა, ზღვასავით უძირო, მწუხარე შავი თვალებით, ვით შემოდგომის ღამე. და მეტყველება ამ ხატისა ერთსა და იმავე დროს აღსავსე იყო უზომი სიწყნარითა და მორჩილებით, მოწყალებითა და სისასტიკით, სიმკაცრითა და ლმობიერებით, თითქოს სურს ყოველისფერი აპატიოს მას. მაგრამ საოცარი ის იყო, რომ ჟამთა ვითარებით შერუჯულ ხატს აღარ აჩნდა რა არც ცხვირი, პირი, არც სად ლოყა, შუბლიც კი შეფცქვნილიყო, თვით შარავანდედიც არსად სჩანდა, გარდა ამ ღრმა, მწუხარებით აღსავსე ზღვა შავი თვალებისა. ვით შემოდგომის ღამე, რომელნიც წამწამთ ისრების ქვეშ განუწყვეტლივ არ შორდებოდენ დედოფალსა და თითქოს რაღაცას ჰკითხავდენ, თითქოს კიდეც პასუხს სთხოვდენ, რათა მის თვალთაც მიეცათ მისი ძლიერი, მუნჯი მეტყველებისთვის გარდამწყვეტი გამოძახილი. და შეკრთა თამარი. მან იცნო ეს თვალები... ათრთოლებულ მიწიერ დედოფლის ტუჩებმა ოდნავ გასაგონი ხმით ძლივ-ძლივობით წაიჩურჩულეს: - ო, ზეციურო დედოფალო, მწუხარევ ქვეყნის ტკივილებით, გლახაკთა გამკითხავო და მწირთა მფარველო, მაპატიე, შემინდე მომაკვდავ დედაკაცს... მე არ აღვასრულე ჩემი უდიდებულესი მოვალეობა რაღაც ამაო და ურგები ქვეყნიური მედიდურობის გამო. ოჰ, ზეციურო დედოფალო, მწუხარევ მთელი მსოფლიოს ვიშით, მომიტევე მეც!!. იგი დაემხო ხატის წინ და თვალ მილულული გონების თვალით შეჰყურებდა უძირო უფსკრულს მწუხარე ღვთისმშობლის თვალებს და მუნ ეძებდა ნავთსაყუდარს, შესთხოვდა ცოდვათ გამოსყიდვას და ელოდა თავის ცოდვათა პატიებას. ტაძრის მობინდულ თაღებს ქვეშ იდუმალებას დაესადგურებინა, ოღონდ საკურთხევლის წინ ძველ ხატების წინ დანთებული სანთლები ათასში ერთხელ ლაწუნობდენ და ერთიც, გუმბათის თაღ ქვეშ გატეხილ სარკმელით შემოფრენილი მტრედი დაფრინავდა წარამარად. თამარი ლოცულობდა. როდესაც თავი მაღლა ასწია და ხელახლად შეჰხედა ღვთისმშობლის სახეს, იგი მზის სხივთა შარავანდედით ოქროს ფერად ნათელსა ჰფენდა. ზეციურ დედოფლის თვალებში მიწიერმა დედოფალმა ამოიკითხა უზომო სიყვარული, ნაზი ალერსი და უწყინარი პატიება. მზის სხივები გამარჯვებულსავით ტალღებად მოჰგორავდენ სარკმლებიდან და ნათლის ზვირთებში ატივტივებდენ ტაძრის თაღ-კედლებს. თამარიც აღივსებოდა სიხარულით და აღფრთოვანებით ჩურჩულებდა: - ბრწყინვალე, დიდებულო დედოფალო, შენ მე მისმინე, შენ მე მომიტევე ცოდვანი ჩემნი!.. ამ სიტყვებზე მან სწრაფად შეიხსნა იაგუნდის საღილე, ყელიდან გადმოიგდო ძვირფასი მარგალიტის სამკაული და აღტყინებული სიხარულით ღვთისმშობლის გვირგვინს მოახვია. და თვითონაც ბრწყინვალე სიხარულით აღსავსე თამარი უზომო ბედნიერებით შეჰყურებდა ბრწყინვალე მარიამის სახეს. წირვა დაიწყო. და ძველი გელათიც შუადღის მზის სხივებში მღიმარ სახით მოლივლივებდა... წიგნიდან ,,თამარ მეფის დღესასწაული“
თბილისი ელექტრო-მბეჭდავი ,,შრომა“, მუხრანის ქ. № 12. 1916 |