,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“ წიგნი I ბაგრატ III-დან გიორგი V ბრწყინვალემდე წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად. მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს. ა. საქართველოს დიპლომატიური კორპუსი და უცხოელთა მიღების წესები რასაკვირველია, ტექნიკური ტერმინი ,,დიპლომატიური კორპუსი“ და მის ქვეშ მოაზრებული ცნება მე-11 - მე-13 საუკუნეებისათვის ერთგვარად მოდერნიზებულია. ცხადია, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობის მიუხედავად, საქართველოში არ შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო საურთიერთობო წარმომადგენლობის სამსახურის მწყობრი სისტემა. ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა როდი წარმოადგენდა გამონაკლისს; დიპლომატიური კორპუსის სრულყოფა, მისი ძირითადი ინსტიტუტების (მუდმივი წარმომადგენლობა, დიპლომატიური აგენტები, დიპ. კურიერები, პროფესიონალი დიპლომატები - ელჩები და ა.შ.), ჩამოყალიბება ევროპაში დასრულდა მე-16 საუკუნეში. მაგრამ, როგორც ეს უკვე აღნიშნული გვქონდა, ევროპული კლასიკური დიპლომატია დაემყარა მსოფლიო-ისტორიულ გამოცდილებას, წინამორბედი ,,საურთიერთობო ხელოვნების“ ანალიზიდან გამომდინარე ზოგიერთ განზოგადებას, არსებულ ტრადიციას. კლასიკიური დიპლომატიის დამსახურება სწორედ ამ ტრადიციულის საერთო სისტემად ფორმირება იყო. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოშიც საკმაოდ მაღალ დონეზე იყო აყვანილი ე.წ. ,,წინამორბედი“ ინსტიტუტებისა და ,,საურთიერთობო ტრადიციის“ რეალური ხარისხი. სწორედ ამას ვგულისხმობდით, როდესაც აღვნიშნავდით, რომ ქართული დიპლომატია აშკარად ახლოს იდგა ,,რენესანსული სიმაღლის“ კარიბჭესთან. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს ,,საურთიერთობო ტრადიციებიდან“: ავიღოთ უცხო ქვეყნების ელჩების სტატუსი - მათი უშიშროების გარანტია და მომსახურება. ცნობილია, რომ ზემოთმოყვანილი ტრადიცია ერთ-ერთი უძველესია. ჯერ კიდევ იუდეველებთან, ბერძნებთან, რომაელებთან, ძველი აღმოსავლეთის ცივილიზებულ ხალხებთან ელჩები ღმერთების დაცვაში იმყოფებოდნენ, რაც გარანტირებულს ხდიდა მათ ხელუხლებლობას. შუა საუკუნეების პერიოდში, სამწუხაროდ, ხშირად ირღვეოდა ეს პრინციპი. არაიშვიათად ადგილი ჰქონდა ,,პირველყოფილი დიპლომატიის“ ექსცესების გამოვლინებას - ,,კარგი მიღება“ მეგობრობა-შეთანხმების გარეგნული ფორმა გახდა, ,,ცივი მიღება“ - მოპასუხე მხარის ქედმაღლურ დაცინვას ნიშნავდა, ე.ი. უარს შეთანხმებაზე, ელჩების შეურაცხყოფა კი - აშკარა ომს. კლასიკური დიპლომატიის ჩამოყალიბების შემდეგ ძალაში დარჩა ,,კარგი და ცუდი ტონი“, მაგრამ წინაანტიკური და ანტიკური ეპოქის საკრალური მოვლენის მსგავსად, აუცილებელი გახდა ელჩების ,,პატივისცემის მინიმუმი“. ყველაზე მარცხიანი მოლაპარაკების დროსაც კი ეს ,,პატივისცემის მინიმუმი“, განიხილებოდა არა მეორე მხარის, არამედ საკუთარი სახელმწიფოს ღირსების საქმედ, რაც დიპლომატიური წარმომადგენლების მდგომარეობას ყველა სიტუაციაში ხდიდა მყარს. შეიძლება თამამად ითქვას, საქართველოში მე-11 - მე-13 საუკუნეებში ელჩთა სტატუსი კლასიკური ევროპული დიპლომატიის დონეზე იდგა. იგი არ ემყარებოდა არც საკრალურ-რელიგიურ და არც ,,პირველყოფლურ სტუმრის ხელშეუხებლობის“ ტრადიციას. ეს წესი განიხილებოდა, როგორც სახელმწიფოს ღირსების საქმე. მხოლოდ ერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც თითქოს დაირღვა ,,ელჩის პიროვნული ხელშეუხებლობა“. ბასიანის ომის წინა ხანს იკონიის სულტანმა მკაცრი, კატეგორიული მოთხოვნით, საქართველოში მოციქული გამოგზავნა: ,,...წარმოავლინა მოციქული მეფეს წინაშე და წარმოსცა წიგნი, რომელსა წერილი იყო სახე ესევითარი: ,,ღმრთისა ოდენ უქუენესისა და ყოველთა კიდეთა მპყრობელისა! ყოველი დიაცი რეგვენია, და შენ გიბრძანებია ქართველთათვის აღებად ხრმალი მუსულმანთა ხოცად. ეს არც რომელ ხრმალი დიდისა მოციქულისა მოჰმედისა, მისისა ერის თავისა, ბოძებულთა. აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი, რათა აღვხოცო ყოველი მამაკაცი მაგ ქვეყნისა, და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინამომეგებოს, თაყუანისცეს ჩათრსა ჩემსა, სასოება იგი თქვენი ჯვარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მოჰმადი აღიაროს“... (ქართლის ცხოვრება, ტ. II, გვ. 93)... ,,...და ვითარ მოვიდა მოციქული და შეიყვანეს მეფეს თანა თამარსა წინაშე, წიგნი მისცა და წარდგა, იწყო არასაკადრებელთა სიტყუათა თქმად: ,,უკეთუ მეფემან თქვენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად: და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა“... რა მოჰყვა ასეთ კადნიერებას? ,,ვითარ ამპარტავნად იტყოდა სიტყვათა ამათ, წარმოდგა ზაქარია ამირსპასალარი და უხეთქნა ხელითა პირსა, და ვითარცა მკვდარი დაეცა და იდვა, აზიდნეს და ამართეს და ცნობად მოვიდა, რქუა ზაქარია: ,,თუ მოციქული არა იყავ, პირველად ენისა აღმოკვეთა იყო შენი სამართალი და მერმეღა თავისა, კადნიერად კადრებისათვის. აწ არა არს სიტყვა ესე წიგნი მიართვი ნუქრადინს და არქუ: ჩვენ მზად ვართ წყობად და წინამოგებებად, სამართალი ღრმოსა იყავნ“ (იქვე, გვ. 94)... ,,და მერმე შემოსეს და ნიჭი უბოძეს“ (იქვე, გვ. 94)... როგორც ვხედავთ, თუ გამოვრიცხავთ ,,კადნიერად კადრებას“ და შესაფერ პასუხს, ელჩის მიღება-გაცილების მთელი ეტიკეტი აქაც დაცულია! ტრადიციის დარღვევა, გადახვევა საერთო წესიდან გამოიწვია სულტნის მოციქულის გაუთვალისწინებელმა თავხედობამ. აღსანიშნავია, რომ იკონიის ელჩის საქციელი, რომელიც მიუღებლად მოულოდნელი იყო ქართული დარბაზისათვის, ფაქტობრივად წარმოადგენდა აღმოსავლური დიპლომატიის ძველ ფანდს, ძალის დემონსტრირებას, გამიზნულს მსმენელთა დაშინებისათვის. ალბათ სწორედ ასე გაიგო სამხედრო მინისტრმაც, მის მიერ მოციქულის მიმართ ,,ნახეთქნი ხელი“ ასევე ძალის დემონსტრირება იყო, ოღონდ საპასუხო. გარდა ოფიციალური ელჩების უშიშროების გარანტირებისა, საქართველოში მიღებული იყო მათი უზრუნველყოფა მომსახურებით - ბინით, კვებით, გაცილებით და ა.შ. ელჩებს, როგორც წესი, ბინას აძლევდნენ ,,სამეფო პალატებში“. განსაკუთრებით საპატიო პირებისთვის გათვალისწინებული იყო რთული ცერემონიალი: აღლუმი, ,,მუშაირი“ (პოეტთა და მუსიკოსთა იმპროვიზირებული გამოსვლები, სპორტული სანახაობანი, ნადიმები, ნადირობა და ა.შ.). აღლუმი იმართებოდა სპეციალური განრიგით, მასში მონაწილეობდნენ: ,,მონა-სპა“ (გვარდია), ,,როქის სპა“ (დაქირავებული რეგულარული შენაერთები), ყივჩაღნი ახალნი, ალანები, ჰერ-კახნი, მესხნი და თორელნი, შავშ კლარჯ-ტაოელნი, სომხითარნი, აფხაზნი, ქართველნი (ქართლელნი), სვან-მეგრელ-გურიელნი თანა რაჭა-თაკვერ-მარგველელთურთ, ბოლოს კარვის კარის ხელისუფალნი და შინაურნი“... აღლუმს წინ უსწრებდა საპატიო ელჩის მიგებება, რასაკვირველია ეს ,,მიგებებაც“ და ,,მიმგებელთა“ ხარისხიც დამოკიდებული იყო თვით სტუმრის სიმაღლეზე. ამის შემდეგ ეწყობოდა აუდიენცია (დარბაზობა!), რასაც თან სდევდა ნადიმი, პურობა, შემდეგ ,,ზმა მგოსანთა და მუშაითთა“ (,,აზმანი“, გვ. 67). სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობდა უმაღლესი არისტოკრატია, მაგ. აღაართან შარვან-შაჰისა და ამირ-მირმანის ,,სტუმრობის“ დროს (როდესაც იკვრებოდა პოლიტიკური კავშირი აბუ-ბაქარის წინააღმდეგ) ჩოგბურთში მონაწილეობდნენ თვით ამირ-მირმანი, ჰერეთის ერისთავი გრიგოლი, ზაქარია და ივანე მხარგრძელები (იქვე, გვ. 67). ასეთი ცერემონიალის ხანგრძლივობის მინიმუმი იყო ერთი მსგეფსი (,,შვიდეული“) ე.ი. ერთი კვირა. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი მიღება გამიზნული იყო მხოლოდ უმაღლესი რანგის ელჩებისათვის (,,სტუმრებისათვის“). ქართული წყაროების მონაცემებით, ასე თუ ისე, შეგვიძლია დაახლოებით აღვადგინოთ (თუმცა ხშირად არაპირდაპირი გზით!) რა წესით ხვდებოდნენ ელჩებს საქართველოში. სამწუხაროდ, თითქმის არაფერი გვაქვს შემონახული ქართველთა წარგზავნილების პატივის შესახებ უცხო ქვეყნებში. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ საკუთარი სახელმწიფო პრინციპებიდან გამომდინარე ტრადიციების მიუხედავად, საქართველოში სხვა ქვეყნებს პატივს მიაგებდნენ იმის გათვალისწინებითაც, თუ როგორ ექცეოდნენ ქართველებს ჩამოსულთა სამშობლოში. შევეხოთ საკითხს - ვინ ახორციელებდა პრაქტიკულად დიპლომატიას? მეფე, მწიგნობართუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი, მანდატურთუხუცესი, ამირსპასალარი, ათაბაგი განსაზღვრავდნენ საერთო პრინციპებს, რომელთა უშუალოდ შესრულებისათვის საჭირო იყო მცოდნე ადამიანთა მთელი დასი. შუა საუკუნეების ევროპაში დიპლომატია საეკლესიო პრეროგატივას შეადგენდა. საქართველოში ამ მხრივ თავისებური პარიტეტია საერო და საეკლესიო პირებს შორის. პრაქტიკოს ელჩებად (წინასწარი მოლაპარაკება, ძალთა მოსინჯვა, საკითხის შემზადება, პოზიციის გარკვევა) ხდებოდა უმთავრესად სასულიერო პირების - ბერების და ვაჭრების მიერ. ადრეულ შუა საუკუნეებში და საძიებელ პერიოდში (XI-XII ს.ს.) აშკარად იგრძნობა ბერების უპირატესობა დიპლომატიურ სარბიელზე, ჩანან ვაჭრებიც, მაგრამ უფრო ხშირად სავარაუდოა მათი გამოსვლა ინფორმატორთა როლში, გვიანი შუა საუკუნეებისათვის კი ვხედავთ პირიქით პროცესს - ვაჭართა აქტივობას ქართველი ბერების პასიურობის ხარჯზე. არსებული წყაროები არ გვაძლევს საშუალებას თვალი გავადევნოთ მოლაპარაკება-შეთანხმების მთელ პროცედურას საწყისი იდეიდან ხელშეკრულების რატიფიკაციამდე. სწორედ ამიტომაც არაა ნათლად გამოკვეთილი შუამავალთა როლი და ადგილი. ძნელი დასადგენია პრაქტიკოს დიპლომატთა მრავალრიცხოვანი ფენის რაობა. არ ჩანს პროფესიონალ-შუამავალთა წრე. სწორედ ამიტომაც არ შემონახულა საერთო ცნება, რომელიც საერთაშორისო მედიატორის ფუნქციას უნდა გამოხატავდეს. წყაროებს დაცული აქვთ ,,დესპანი“, ,,ელჩი“, ,,მოციქული“, ,,წარგზავნილ-წარმოგზავნილი“, ,,საქმის მეცნიერი კაცი“, ,,მეცნიერი კაცი“ და ა.შ. მაგრამ არ ჩანს ეს ტერმინები როდის აღნიშნავს პროფესიულ ,,ხელობას“ და როდის გამოდის განსაზღვრების ფუნქციით. არის ერთადერთი უტყუარი დიპლომატიური ცნება ,,ომირა“, ,,ომარი“, რაც ნიშნავს სხვა ქვეყანაში ხანგრძლივად აკრედიტირებულ ელჩს. მაგრამ ეს ცნება დასტურდება არა წყაროებში, არამედ მხოლოდ სულხან-საბა ორბელიანთან. ცხადია ერთი, რადგან დიპლომატიის ცენტრალური უწყება არ ჩამოყალიბდა, ალბათ ვერ მოესწრო დიპლომატიური კორპუსის გაფორმებაც (მხედველობაში გვაქვს დიპლომატიური კორპუსი კლასიკური გაგებით - საგარეო ურთიერთობების ,,მოქმედი“ პროფესიონალური აპარატით). რასაკვირველია, ისეთი აქტიური სახელმწიფო, როგორიც იყო საქართველო XI-XII საუკუნეებში, აუცილებლად მოითხოვდა პროფესიონალ მზვერავ დიპლომატთა ფართო შტატს, ,,ამხილველ-გამომხილველთა“ მთელ ჯგუფს, მაგრამ მათი დოკუმენტური დაჭერა ჯერჯერობით არ ხერხდება. ისტორიის უსამართლობამ ბურუსით დაფარა პროფესიონალთა ,,შემოქმედება“ და დიპლომატიაც ფეოდალური წრეების პრეროგატივად წარმოგვიდგინა. ,,ქართლის ცხოვრების“ თხზულებებში დაცულია მსხვილი ერისთავების, სპასალარების, სამეფო სახლის წევრების დიპლომატიური მისიის შესახებ საკმაოდ ხშირი ცნობები, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს შემთხვევითი მოვლენა კი არაა, აიხსნება დამკვიდრებული ტრადიციით; უცხოეთში სახელმწიფო გარიგების დასადებად იგზავნებოდნენ მხოლოდ უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენლები... უკიდურეს შემთხვევაში დიპლომატიური მისიით მიდიოდა თვით სიუზერენი - საქართველოს მეფე. ბ. დიპლომატიური აგენტებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის შესახებ დიპლომატიის, როგორც საურთიერთობო ხელოვნების, ერთ-ერთი მთავარი ნიშანი იყო დიპლომატიური აგენტების პროფესიონალიზმის დასრულება და მუდმივი წარმომადგენლობის გაჩენა... საინტერესოა, იყო თუ არა საქართველოში დიპლომატიისათვის ე.წ. ,,შტატის აგენტების“ (ე.ი. პროფესიონალი აგენტების) ინსტიტუტისა და მუდმივი წარმომადგენლობების დამკვიდრების ცდა? საერთოდ მუდმივი წარმომადგენლობის წარმოშობის შესახებ არსებობს 4 თეორია: 1. მუდმივი წარმომადგენლობის პროტოტიპს ხედავენ რომის მოკავშირეთაგან წარგზავნილ წარმომადგენლებში. 2. სხვები მუდმივი დიპლომატიური აგენტურისა და წარმომადგენლობის წარმოქმნას უკავშირებენ ე.წ. ,,აპოკრიზიარიებს“ და persona-პატრიარქებთან. 413 წლამდე, ეკლესიის გაყოფამდე, რომაელ ეპისკოპოსებს ჰყავდათ მუდმივი წარმომადგენლები ბიზანტიის სამეფო კარზე, საშუალო საუკუნეებში კი ასეთივე კავშირი ჰქონდათ დასავლეთ ევროპის მეფეებთან (საფრანგეთში უკვე ქლოდვიგის ეპოქიდან). ესენი იყვნენ ე.წ. პაპის ლეგატები. მათ ორმაგი როლი ჰქონდათ. ასრულებდნენ სასულიერო ცენტრის წარმომადგენლისა და საერთაშორისო შუამავლის ფუნქციებს. 3. დიპლომატიური აგენტები და მუდმივი წარმომადგენლობა გამოჰყავთ კონსულთა ინსტიტუტიდან. ამას ამტკიცებენ ვენეციის ბაილაგის წარმოშობით კონსტანტინეპოლში. 4. მეოთხე თეორია თვლის, რომ დიპლომატიური აგენტები და მუდმივი წარმომადგენლობა წარმოიშვა იტალიური რესპუბლიკების იმ საჭიროებიდან, რომ უცხო ქვეყნებთან მუდამ ჰქონოდა საჭირო კონტაქტი (განვითარდა ჯერ ვენეციაში, შემდეგ გენუაში, პიზაში, ფლორენციაში, XV ს.). მოგვიანებით ესპანეთსა და საფრანგეთში (მე-16 ს.), მე-16 - მე-18 საუკუნეებში კი მთელ ევროპაში გავრცელდა. რასაკვირველია, საქართველოში მე-11 - მე-13 საუკუნეებში კლასიკური ფორმით, არც მუდმივი წარმომადგენლობა და არც დიპლომატიური აგენტურა არ არსებობდა. მაგრამ მაინც ხერხდებოდა მეზობელ ქვეყნებთან ინტენსიური (უფრო სწორად ხანგრძლივი ვადით ინტენსიური, უწყვეტი), კონტაქტის დამყარება. დიპლომატიური აგენტურის, მუდმივი წარმომადგენლობის, მუდმივი საკონსულო სამსახურის როლს საქართველოში ასრულებდნენ შემდეგი ინსტიტუტები: 1. მცირე და წინა აზიაში, მახლობელ აღმოსავლეთში მოქმედი ქართული სამონასტრო ცენტრები. ამას ადასტურებს ამ მონასტერთა ფუნქცია. ,,შუა საუკუნეების უცხოეთის ქართული მონასტრები ჩვენი სახელმწიფოსათვის წარმოადგენდნენ თავისებურ დიპლომატიურ კორპუსს“ (შ. ბადრიძე ,,ჯვაროსნები და საქართველო“)... ამ მონასტრების ბერები (ძმობა) აგროვებდნენ ფართო ინფორმაციას თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ინფორმაციის დიდი ნაწილი იკრიბებოდა ადგილზე თვით ქართველი ბერების მიერ... ეს შედარებით სანდო ინფორმაცია მოიცავდა ძალზე დიდი რეგიონის პოლიტიკური ვითარების აღნუსხვას... ინფორმაციის ნაწილს ქართველი ბერები იღებდნენ თავიანთი მეზობელი სხვა არაქართული მონასტრებისაგან, განსაკუთრებით იერუსალიმში. ქართული მონასტრების დიპლომატიურ საქმიანობაზე მიგვითითებს თორნიკეს საშუამავლო მისია ბიზანტია-ტაოს შორის ბარდა სკლიაროსის აჯანყების დროს... გიორგი მთაწმინდელის რამდენგზისი ,,მიმოსვლა“, რომელიც ქართული ეკლესიისა და საზოგადოების ზნეობრივი გაჯანსაღება-განწმენდის სურვილის გარდა, უდავოდ ატარებდა ინფორმაციის ჩამოტანისა და ბიზანტიასთან ურთიერთობის მოგვარების მიზანდასახულობასაც. ძალზე დამაფიქრებელია პეტრიწონის მონასტრის წინამძღოლის მოლაპარაკება გერმანიის იმპერატორ ფრიდრიხ ბარბაროსასთან, რომელიც უდავოდ ატარებდა ანტიბიზანტიურ ხასიათს. ჩვენი აზრით, პალესტინის ქართულმა მონასტრებმა დიდი როლი შეასრულეს საქართველოს სამეფოს დაახლოებაში ტამპლიერების ორდენთან (,,ტაძრეულებთან“), ჯვაროსნულ სახელმწიფოებთან, ეგვიპტესთან და ა.შ. ვფიქრობთ, უცხოეთის ქართულმა მონასტრებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი 1203-1204 წლებში ბიზანტიის წინააღმდეგ საქართველო-ჯვაროსნების შეკავშირებაში, რასაც ლათინთა (პროდასავლური) და ტრაპიზონის (პროქართული) იმპერიების შექმნა მოჰყვა. 2. საკონსულო სამსახურის თავისებურ გამოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ქართველი ვაჭრების (ებრაული წარმოშობის ქართველი ვაჭრების) მძლავრი ფაქტორები ჩრდ. კავკასიაში (გავიხსენოთ ზანქან ზორაბაბელის დიპლომატიური მისია), დამასკოში, ბეირუთში, ალექსანდრიაში, ქაიროში, კონსტანტინეპოლში, რომში, ყირიმში, მალტაზე, კრეტაზე და ა.შ. 3. დინასტიური ქორწინების შედეგად გაჩენილი ურთიერთ-გაცვლითი მიკროკოლონიები. მე-11 - მე-13 საუკუნეებში ქართული ტრადიციით, სამეფო გვარის ყველა ჩამომავალი დინასტიური ქორწინებით უკავშირდება სხვა ქვეყნებს... ამ საუკუნეებში, ბაგრატ III-დან მოყოლებული, ვიდრე ლაშა გიორგის მიერ ამ ტრადიციის უხეშად დარღვევამდე, არცერთი შემთხვევა არა გვაქვს, როდესაც მეფის ჩამომავალი ქორწინებით დაუკავშირდა საქართველოს რომელიმე დიდებულს (რაც ჩვეულებრივი მოვლენაა მე-13 საუკუნიდან 1801 წლის აქტამდე). ამ პერიოდში ვაჟი უფლისწულები ქორწინდებიან: სომეხ ბაგრატიონების ან აწრწუნების, ალან-ოსთა მეფეების, ხაზარ-ყივჩაღთა მბრძანებლების, ბიზანტიის იმპერატორთა ასულებზე, X-XI საუკუნეებში უპირატესობა ენიჭებათ სომეხ ბაგრატიონებს, XI-XII საუკუნიდან ჩრდ. კავკასიელებს... ამავე პერიოდში ქართველი პრინცესები თხოვდებიან: შირვანში, რუსეთში (ერთხელ), ოსეთში, ხლათში, იკონიაში, არზრუმში, ბიზანტიაში და ა.შ. ასეთი ქორწინების დროს ორივე ქვეყანაში იქმნებოდა მიკროკოლონია. მაგ. ქართველი მეფის ქალიშვილს მიჰყვებოდა სპეც. ამალა (გადია, მოხელე, მოძღვარი და ა.შ.). ეს ამალა ქართველი დედოფლის სხვა ქვეყანაში ზეობის დროს ფუნქციონირებდა, როგორც ორიგინალური, თავისებური მუდმივი წარმომადგენლობა. ანალოგიურ ფუნქციას ასრულებდნენ: 4. მძევლები და მათი ამალა. 5. ხანგრძლივი ვადით წასული ან ჩამოსული ,,სტუმრები“, ქართველები მოხერხებულად იყენებდნენ უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეებსაც. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთმოყვანილ ინსტიტუტებს არ შეიძლება მიენიჭოთ გადამწყვეტი როლი. მუდმივი წარმომადგენლობის სპეციფიკა მოითხოვს მყარ პოზიციას, რაც გააჩნდა მხოლოდ უცხოეთში არსებულ ქართულ მონასტრებს. დანარჩენები: დინასტიური ქორწინება, მძევლები, ,,სტუმრები“, - დროებითია, მონასტრების მოქმედების არეალიც შეზღუდული იყო. ამიტომაც საქართველოს სამეფო კარი იძულებული იყო ხანგრძლივი ვადით მიევლინა საგანგებო ელჩები მეზობელ ქვეყნებში. მე-11 საუკუნეში საშუამავლო დიპლომატური მისიის აუცილებლობა მკვეთრად გამოიხატა ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობაში. დასაწყისში ამ ურთიერთობას აგვარებდა ზაქარია ვალაშკერტელი, მოციქული-მედიატორი ბასილ II ,,ბულგართმჟლეტსა“ და გიორგი I-ს შორის. თავიდან ამ ორ ქვეყანას შორის არ აეწყო ურთიერთობა, ტაოს მემკვიდრეობა არც ერთი მეომარი მხარისთვის იოლად დასათმობი არ იყო. ეს მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლა დამთავრდა კომპრომისით, თუმცა ბიზანტიის ერთგვარი უპირატესობით. გიორგი I-ის მცირეწლოვანი ვაჟი ბაგრატი (შემდეგში მეფე ბაგრატ IV) კონსტანტინეპოლში იქნა გაგზავნილი მძევლად სამი წლით (თავის მხრივ ბასილ II-მ ,,ტაოს მემკვიდრეობის“ ხარჯზე ერთგვარი ტერიტორიული დამთმობლობა გამოიჩინა). ქართველი უფლისწულის სამწლიანი ,,მძევლობა“ კონსტანტინეპოლში უდავოდ ხელსაყრელი აღმოჩნდა ორი მხარისათვის. ბუნებრივია, ამას ხელი შეუწყო არა მხოლოდ თვით ,,მძევლობის“ არსმა (ე.ი. გიორგი I-საგან ბიზანტიის უფლებების ხელყოფის საშიშროების გაქრობამ 3 წლით მაინც), არამედ ,,მძევლის“ ამალის აქტიურმა საქმიანობამ ბიზანტიის დედაქალაქში. ბუნებრივია, ასეთ მოვლენებს ხელი უნდა შეეწყოთ დიპლომატიური აგენტების გამრავლებისათვის და მუდმივი წარმომადგენლობის დამყარების საჭიროების აღიარებამდე... მე-11 საუკუნის I მესამედში უაღრესად გაააქტიურა საგარეო ურთიერთობა საქართველოს ეკლესიამ. მელქისედეკ კათალიკოსის ორგზისმა სტუმობამ ბიზანტიაში ბევრი რამ შესძინა ქართულ ეკლესიას. იმპერატორის ნაბოძებით შესყიდული იქნა რამდენიმე სოფელი და აგარაკი ტაოს, შავშეთს, კლარჯეთს, კოლას და ჯავახეთს. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო თავისებური სამოქალაქო ომი სამხრეთ საქართველოში. ,,მასვე ჟამსა წარვიდეს აზნაურნი ტაოელნი საბერძნეთს: ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოსი ივანე და მის თანა სიმრავლე აზნაურთა ტაოელთა...“ (,,მატიანე ქართლისა“ გვ. 291). ,,...მას ჟამსა წავიდა ჩინჩახი ფალელი საბერძნეთს, მისცა ციხე გარყლობისა, მიერთო ბერძენთ, და არჯევან პოლოლასძემან მისცა ბერძენთა ციხე წერეფისა“ (გვ. 292)... მაგრამ საქმე ამით არ გათავებულა, ,,რამეთუ მას ჟამსა, გაგზავნა პარკიმონაზონმან იოანე ბანელი ხარტულარი (ხახულარი?), წარიყვანა თანა ვალანგი ლაშქრითა დიდითა, და მისცა თანა დემეტრე კლარჯი, ძე სუმბატისი, რეცა შესატყუვნებლად ქვეყნისა კაცთათვის, და ამით მიიქცნენ მრავალნი კაცნი მის ქვეყნისანი წურილისა ერისგან (,,მატიანე ქართლისა“ გვ. 292). ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს თავისებური სამოქალაქო ომი, ბიზანტიის ინტერვენციით გამძაფრებული, შეფასებულია, როგორც ,,წვრილი ერის“ სოციალური გამოსვლა (ნ. ბერძენიშვილი, ვ. გაბაშვილი, ვ. კოპალიანი და ა.შ.). ჩვენი აზრით, 1029 წელს სამხრეთ საქართველოში მიმდინარე ბრძოლები ძირითადად არ ატარებდა გლეხთა სოციალური პროტესტის ხასიათს. დავაკვირდეთ: ორივე მებრძოლი მხარე ეთნაირი სოციალური შემადგენლობისაა... ქართულ პოზიციაზე დგანან: ეპისკოპოსები საბა მტბევარი, ეზრა ანჩელი, ,,სიმრავლე აზნაურთა“, ბიზანტიურ პოზიციას კი იცავენ დემეტრე კლარჯი (მეფობის პრეტენდენტი), ,,სიმრავლე აზნაურთა“, ეპისკოპოსი იოანე ბანელი (და ხახუთარი?) და ა.შ. აქ რომ სოციალურ დაპირისპირებასთან გვქონდეს საქმე, მაშინ მებრძოლი მხარეებიც სოციალური ნიშნის მიხედვით იქნებოდნენ განლაგებული. ყოველ შემთხვევაში, ეროვნულ-ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ესოდენ გააფთრებული ბრძოლა ,,წვრილი ერისა“ თუ კლასობრივი პრინციპით აიხსნება, კლასობრივი ხომ არღვევს ეროვნულს!), მაშინ გაუგებარია რა აერთიანებდათ თავისუფლებისათვის მებრძოლ გლეხებს ეპისკოპოსთა და აზნაურთა სიმრავლესთან? წვრილი ერის გამოსვლა მარტო ტბეთის ან ანჩის საეპისკოპოსო კათედრების წინააღმდეგ ხომ არ მიიმართებოდა, იგი კლასობრივი ბრძოლის ბასრ, დაუნდობელ მახვილს წარმართავდა ბანელი, ოშკელი და ხახულელი ეპისკოპოსების დასამხობადაც! ჩვენ ვფიქრობთ, რომ მე-11 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ტაო-კლარჯეთში მიმდინარეობდა რელიგიური ხასიათის ბრძოლები. როგორც ჩანს, დავით კურაპალატის ყოფილ სამფლობელოში ორი სახის ანტაგონიზმი არსებობდა: 1. დიოფიზიტურ-მონოფიზიტური - X-XI საუკუნის მიჯნაზე; მონოფიზიტობამ სასტიკი მარცხი განიცადა, იგი ,,აღმოიფხვრა“ მთლიანად. ეს ადვილი გამარჯვება არ იყო, იგი მიღწეული იყო ბერძნულ-ქართული ეკლესიების მჭიდრო თანამშრომლობით. 2. ქართულ-ბერძნული საეკლესიო წინააღმდეგობა, სანამ არსებობდა მონოფიზიტიზმის საფრთხე (VIII-X ს.ს.), ქართულ-ბერძნული თანამშრომლობა წარმატების საიმედო გარანტია იყო. ამ თამამშრომლობას ჰქონდა პოლიტიკური მხარეც... არაბთა წინააღმდეგ ტაო-კლარჯეთის ბრძოლას იდეოლოგიური შემაგრება სჭირდებოდა. ამ მომენტებმა (მონოფიზიტიზმის საფრთხე, არაბთა წინააღმდეგ ქრისტიანულ ძალთა კონსოლიდაციის საჭიროება), განაპირობა ქართულ-ბერძნული კომპრომისი... X საუკუნის ბოლოდან ეს კომპრომისი დაირღვა. მან ამოწურა ფუნქცია. ახალ ვითარებაში ერთმანეთს დაუპირისპირდა ეროვნულ ქართული სახელმწიფოს და ბიზანტიის ჰეგემონისტური ინტერესები. ასეთმა ვითარებამ ქართულ-ბერძნული კომპრომისი რელიგიურ სფეროში ანტაგონიზმად აქცია. გამოიკვეთა ორი ბანაკი: დიოფიზიტ-ელინური (იოანე ბანელი) და დიოფიზიტ-იბერიული (ეზრა ანჩელი, საბა მტბევარი). პირველი მოითხოვდა მსოფლიო დიოფიზიტური ეკლესიის შექმნას კონსტანტინეპოლის ჰეგემონობით (შესაძლებელია ბერძნული ენის საფუძველზეც - ჩვენ გვაქვს რამდენიმე მაგალითი უფრო შემდგომი ხანისა, საიდანაც მტკიცდება, რომ კლარჯეთში უცხო არ იყო ბერძნულ ენაზე ღვთისმსახურება). მეორენი (საბა მტბევარი, ეზრა ანჩელი) ეროვნულ ქართულ ნიადაგზე წარმოიდგენდნენ დიოფიზიტებს... რასაკვირველია, რელიგიური ბრძოლა გამძაფრებული იყო პოლიტიკური (ბიზანტიის შეტევა), სოციალური (შავშელი და კლარჯი გლეხების, ,,წვრილი ერის“ მოთხოვნები), აგრეთვე აზნაურული სეპარატიზმის (დემეტრე სუმბატის ძე კლარჯის პოზიცია) მიზეზებითაც. ამიტომაც ,,... და მათ ჟამთა ქუეყანათა ამათ შინა იქმნეს ბრძოლანი და შუღლნი და მიდამონი მრავალნი. და ვითარ დიდად იღელვებოდა ქვეყანა ესე...“ აი, სწორედ ამ სიტუაციაში გააქტიურდა კათალიკოსი მელქისედეკი, ვის ინტერესებს იცავდა ეს უმაღლესი სასულიერო პირი? ჩაითვლება თუ არა უმაღლესი რანგის საქართველოს სახელმწიფო დესპანად (ე.ი. დიპლომატიურ აგენტად?)? ფორმალურად არაა გამორიცხული, რომ მელქისედეკი ბასილა რომან იმპერატორებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა მთელი ქვეყნის სახელით. მაგრამ თუ დავაკვირდებით მისი ორგზისი ვიზიტის შედეგებს, დავრწმუნდებით, რომ იგი უმთავრესად ძალზე ადვილად აგვარებდა საკათალიკოსოს საქმეებს... კერძოდ, მელქისედეკმა ორგზის ელჩობის შედეგად მიიღო: დიდძალი ფული, მრავალი სოფელი და აგარაკი სწორედ იმ ტერიტორიებზე, რომლებზედაც ვრცელდებოდა ბიზანტიური იურისდიქცია. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართული ეკლესიის მესაჭე პრობიზანტიურ, კომპრომისულ ნიადაგზე იდგა. ჩანს, იგი ცნობდა კონსტანტინეპოლის პატრიარქის (ან შესაძლოა უშალოდ იმპერატორის) უზენაესობას დიოფიზიტურ სამყაროზე, მაგრამ მომხრე იყო რეგიონალური (ამ შემთხვევაში ქართული) ავტოკეფალიისა. მელქისედეკმა თავისებური ,,უნიონისტური“ პოლიტიკით დაითანხმა ბიზანტია ეცნოთ მცხეთის კათალიკოსის უფლებები ქართული სახელმწიფოს გარეთ-მდებარე ქართულ პროვინციებზეც. სწორედ ეს პირობა უნდა ყოფილიყო მელქისედეკის პრობიზანტიურობის ძირითადი საფუძველი. მაშასადამე, შეიძლება დავასკვნათ: მე-11 საუკუნის I მესამედში საქართველოს სახელმწიფოებრივი და საეკლესიო საგარეო პოლიტიკა ერთმანეთს არ დაემთხვა. სწორედ ამიტომ იყო, რომ მელქისედეკ კათალიკოსის მისთვის წარმატებულ ვიზიტებს არ მოჰყოლია სანატრელი მშვიდობა ქვეყნისათვის. ,,შემდგომად ამისსა, წელსა მესამესა, წავიდა დედოფალი მარიამი დედა ბაგრატ აფხაზთა მეფისა, საბერძნეთად ძიებად მშვიდობისა და ერთობისა“ (,,მატიანე ქართლისა“, გვ. 294). მარიამი ძალზე წააგავს ისეთ ოფიციალურ წარმომადგენელს, როგორსაც შემდგომში დიპლომატიაში გამოხატავდნენ ცნებებით: ,,სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი“, ,,აკრედიტირებული ელჩი“ და ა.შ. იგი ხანგრძლივად დარჩა კონსტანტინეპოლში. მჭიდრო კონტაქტი დაამყარა საიმპერატორო კართან, ბიზანტიელ დიდებულებთან. სწორედ მისი დამსახურებაა ბაგრატ IV-ის ,,მორიგება“ ბიზანტიასთან. მანვე მოაწყო ბაგრატ IV-ის გამგზავრება კონსტანტინეპოლში (,,სადაც დაჰყო მუნ სამი წელიწადი“), და დინასტიური ქორწინება (ბაგრატ IV-ის ასული მართა გაათხოვეს ბიზანტიაში). მარიამ დედოფალი, სენექერიმ სომეხთა მეფის ასული, მარჯვედ იყენებდა პირად კონტაქტებს, იმპერატორის კარზე დიდი გავლენის მქონე ქართველ და სომეხ დიდებულებს, საკუთარ დიპლომატიურ ნიჭს და ხელს უწყობდა ბაგრატ IV-ის წარმატებებს. თუ მარიამმა მთლიანად ვერ აღმოფხვრა ქართულ-ბიზანტიური ანტაგონიზმი, ეს აიხსნებოდა თვით ამ ანტაგონიზმის სირთულით და ბიზანტიის კარის არასტაბილურობით. მარიამმა (და შემდეგში მართამ) შექმნა პირველი ქართული ,,მუდმივი წარმომადგენლობა“ ბიზანტიაში. ჩვენ გვაქვს ყოველგვარი საფუძველი ვამტკიცოთ, რომ ასეთი წარმომადგენლობა ბიზანტიაში ძალზე დიდხანს, თითქმის ბოლომდე არსებობდა სხვადასხვა ფორმით. მარიამმა ,,საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის“ სტატუსი გაავრცელა მთელი მახლობელი აღმოსავლეთის მიმართ. ამ საქმეში დიპლომატ ქალს ჰყავს თანამდგომ-თანაშემწე, მრჩეველ-დამრიგებელთა დიდი შტატი... ერთ-ერთი ასეთი თანამდგომი და მრჩეველია ცნობილი გიორგი მთაწმინდელი, XI საუკუნის გამოჩენილი დიპლომატი. ,,...ამისსა შემდგომად მარიამ დედოფალი, დედა ბაგრატისი მეფისა, ქალაქით სამეუფოდ ქალაქად ანტიოქიად წარვიდა და მივიდა: რამეთუ ეგულებოდა წარსვლად წმინდად ქალაქად იერუსალემად, ლოცვად და თაყუანისცემად წმინდათა მათ და განმაცხოველებელთა ადგილთა, და აქუნდა სამეფო ბრძანება თავადსა თანა და პატრიარქსა ანტიოქიისასა, რათა ყოვლითა დიდებითა და პატივითა წარგზავნონ, ხოლო პატრიარქმან და მთავარმან განიზრახეს და გაიგონეს, თანაზრახვითა მამისა გიორგისითა, რამეთუ ,,არა კეთილად არს აღმოსავალისა მეფეთა დედა რათამცა სარკინოზეთს წარვიდა, ვინათგან ცოდვათა ჩუენთაგან იგინი უფლებენ ქუეყანასა მას“. და ესრეთ პირითა თუისისა მოძღურისა გიორგისითა მოახსენეს დედოფალსა და წარსვლისაგან დააცხვრეს. ხოლო იგი დაღაცათუ შეწუხდა, არამედ ნებასა ღმრთისასა ვერ წინააღუდგა. მაშინ ევედრა წმინდა გიორგი ბერსა მთაწმინდელსა, რათა შეიწყალოს სული მისი, ვითარცა შეუწყალებიაცა, და იღუაწოს ცხოვრებისათუის მისისა, ვინათგან თუით ვერ ღირს იქმნა შესვლად წმინდათა მათ და თაყუანისსაცემლათა ადგილთა, გარნა რათა საფასე იგი, რომელი საგზლად აღეკაზმა, წარიღოს იგი იერუსალემად და გლახაკთა და დავრდომილთა განუყოს წმინდისა, მის ქალაქისათა და მონასტერთა მათ წმინდათა, რომელნი შინ არიან გარემოს მისა“. აქ თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ სრულიად გარკვეული ტექსტი ჩვენი აზრით მაინც ბევრ რამეს ფარავს... მარიამი წმინდა ადგილებში წასვლის საბაბით, ჩანს, ეძებდა მოკავშირეს, ან შესაძლებელია, სულტანთან კავშირის მოწესრიგებას... უნდა გაირკვეს, რა როლი აქვს ბიზანტიას მარიამის ელჩობაში, რატომ უკავია ანტიოქიას განსხვავებული (უფრო ფრთხილი) პოზიცია... რატომ შეიცვალა გიორგი მთაწმინდელის თავდაპირველი განზრახვა? მარიამის განზრახვას მოჰყვა ბაგრატის დაკავშირება სულტანთან, რომელიც აღმოჩნდა დროებითი. მარიამ დედოფლის დიპლომატიურ მოღვაწეობას ჩვენ დავუბრუნდებით ქვევით. ამჯერად ჩვენთვის მთავარია ის გარემოება, რომ ამ ჭეშმარტიად პატრიოტმა ქალმა საფუძველი ჩაუყარა მუდმივ წარმომადგენლობას კონსტანტინეპოლში. ეს წარმომადგენლობა ფუნქციონირებს შემდგომშიც და ფაქტობრივად არეგულირებს ქართველი ელჩების, მზვერავების (,,ამხილველ-განმხილველების“), რეზიდენტების (,,სანდო კაცთა“), კონსულების (,,სარწმუნო კაცთა“) საქმიანობას ძალზე დიდი მასშტაბით (ბიზანტია, მახ. აღმოსავლეთი). ასეთივე მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოს ჰქონდა პალესტინაში, რომელიც არეგულირებდა ურთიერთობას ჯვაროსანთა პოლიტიკურ ერთეულებთან და ეგვიპტესთან. დასაშვებია, რომ მუდმივი წარმომადგენლები ისხდნენ ყმადნაფიც ქვეყნებში (კონტროლიორ-ზედამხედველის ფუნქციით) და ტრაპიზონში. მაჰმად. ქვეყნებში მუდმივი ოფიციალურად გაფორმებული წარმომადგენლობა ნაკლებადაა მოსალოდნელი ამ ქვეყნების არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის გამო. მუდმივ წარმომადგენლობებს ინტენსიური კავშირი ჰქონდათ საქართველოსთან. ამ კავშირის მეშვეობით ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა, დირექტივების მიწოდება. დაფინანსება ხდებოდა საერთაშორისო საკრედიტო სახლების მეშვეობით. კავშირი ხორციელდებოდა როგორც საზღვაო (ტრაპიზონი, ბიზანტია, კვიპროსი, პალესტინა, ეგვიპტე, რუსეთი), ასევე სახმელეთო გზით (ჩრდ. კავკასია, მახ. აღმოსავლეთი, შუა აზია და ირანი და ა.შ.). მალემსრბოლთა მიმოსვლა ხდებოდა ,,ჰუნეთა ცვლით“ (გიორგი რუსის ჩაყვანის მაგალითი), სპეციალური შეტყობინებანი (ოფიციალური) იგზავნებოდა საგანგებოდ შერჩეული ,,სადიასპანო ცხენით“ (მოხსენიებულია ჯერ კიდევ ,,შუშანიკის წამებაში“, იხ. ,,შუშანიკის წამება“, გვ. 5). ბუნებრივია, მუდმივი წარმომადგენლობა არ იყო ცალმხრივი. ანალოგიური აგენტურა (საელჩო და არა დაზვერვითი მხოლოდ) სავარაუდოა ჰყავდათ ყმადნაფიც ქვეყნებს, ბიზანტიას, ტრაპიზონს, თბილისში იჯდა რომის პაპის მუდმივი წარმომადგენელი, ლეგატი, მოგვიანებით კარდინალიც კი! დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ,,იბერია“ თბილისი 1994 |