საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

საქართველო და სომხეთი XII – XVIII საუკუნეებში
ალექსანდრე აბდალაძე

დავით აღმაშენებელი წარმატებით იბრძოდა თურქ-სელჩუკთა ბატონობისაგან სომხეთის გასათავისუფლებლად. ეს საქართველოსათვის აუცილებელი იყო, რადგან თუ თურქ-სელჩუკები სომხეთში იქნებოდნენ მოკალათებულნი, ისინი გამუდმებით საფრთხეს შეუქმნიდნენ ჩვენს ქვეყანასაც. ამ დიდ ბრძოლაში აღმაშენებელს სომხების, ყოველ შემთხვევაში, მათი ერთი ნაწილის მხარდაჭერაც მოუპოვებია.

დავით მეფის თანამედროვის, ზემო შუამდინარეთში, ქალაქ ედესაში (ურჰაში) მცხოვრები სომეხი მემატიანის, მათეოს ურჰაეცის სიტყვით, “დავით მეფე იყო წმინდა და მხნე, გამოირჩეოდა ღვთისმსახურებით და სამართლიანობით; ის აღმოჩნდა მიმღები და მოყვარე სომეხთა ტომისა. მასთან შემოკრბა სომეხთა ჯარის ნარჩენები. დავითმა ქართველთა ქვეყანაში ააშენა ქალაქი სომეხთათვის, რომელშიც მრავალი ეკლესია-მონასტერი დააფუძნა. იმ ქალაქს სახელად გორა (გორი - ა. ა.) უწოდა; დიდი სიხარული, სიამოვნება [მიანიჭა] მისდამი დაქვემდებარებულ სომეხთა მთელ ნათესავს,” ე. ი. სომეხ ერს.

აღმაშენებლის მიერ სომეხთა დედაქალაქის, ანისის დაკავებასთან დაკავშირებით (1124წ.), მათეოს ურჰაეცისვე თანახმად, “გახარებული იყო სომეხთა მთელი სახლი”, ე.ი. ყოველი სომხეთი.1 ანისის გათავისუფლება დამპყრობთა თარეშისაგან ანისელი სომხების თავკაცებმა თხოვეს აღმაშენებელს. ასეთ ვითარებაში სომხური ეკლესიის საჭეთმპყრობელთაც იმედი გასჩენიათ, რომ საქართველოს დახმარებით სრულიად სომეხთა საკათოლიკოსოს კვლავ სომხეთში დააბრუნებდნენ. 2. დავით მეფის მემატიანის სიტყვით, აღმაშენებელთან “მოვიდეს მეწიგნენი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემაი ქალაქისა და ციხეთაი ბოჟანას წყაროთა ზედა მდგომსა. და მყის წიგნები წუევისაი მიმოდაისრბოლა და მესამესა დღესა სამეოცი ათასი მხედარი წინაშე უდგა. წარემართა და მესამესა დღესა აღიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად და სოფელნი და ქუეყანანი (მხარეები -  ა. ა.) მიმდგომნი ანისისანი… ანისის მცველად დაუტევნა აზნაურნი მესხნი და წარმოვიდა  ქართლად.”

 

 1. მათეოს ურჰაეცი, ჟამთააღმწერლობა, 1898, გვ. 356, 359, სომხურ ენაზე.

 

2 .იხ. ა. აბდალაძე, სომხურ ხელნაწერთა X_XIII საუკუნეების ანდერძ-მინაწერების ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 2005, გვ. 35-36.

 

***

აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებაში მოიპოვება ჩანართიც, სადაც ნათქვამია: დავით მეფემო “დაიპყრნა არფასლანიანნი და ამოსწყუიტნა იგინი, რომელთა დიდი საყდარი ანისისა მისგითად მოეკაზმათ და ქრისტიანეთა სისხლითა იგი საყდარი და ქალაქი მოერწყო. იმუქფა ღმრთის მოყუარემან დავით აღმაშენებელმან, მოლათა და დარიშმანთა სისხლითა ახლადვე მან მორწყო და საყდარი იგი ახლად მონათლა, რომელი აღეშენა ბერძენთა ასულსა დედუფალსა კატრონიტეს (სომეხთა მეფის მეუღლეს - ა. ა.) და იქივე ესაფლავა.

მაშინ მივიდა თვით მეფე დავით და კათალიკოზი, ეპისკოპოზნი და ერთობილი ლაშქარნი საფლავსა ზედა, და ახლად წესი აღუგეს. და თვით მეფემან სამ გზის საფლავსა ჩასძახა: „გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, რომელ იხსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან.”1

“ქართლის ცხოვრების” ძველი სომხური თარგმანის ჩანართის მიხედვით, აღმაშენებელი თურმე კეთილგანწყობას იჩენდა სომხებისადმი და მათი რჯულის, მონოფიზიტობის (გრიგორიანობის) მიმართაც: “ხოლო თვით უყვარდა სომეხთა ტომი, ეკლესიები და ერთი ვინმე რიტორი, [მონასტრის] წინამძღვარი ჰახბატს, სახელად სარკავაგი; აღუარებდა მას თავის შეცოდებებს, დაუდრეკდა პატიოსან თავს და მისგან მოიღებდა კურთხევას. იჯდა მასთან და ეხვეოდა ქედზე. ხოლო ის ეუბნებოდა: დახსნილი ვარ და სუნი მიდის მე ჩემი სიბერით, გამეშორე, რომ არ შეგემთხვიოს შრომა.”

მეფე კი ეამბორებოდა და ეუბნებოდა: “ნუმც მომკლებია ეს სუნი, მამაო პატიოსანო.” და უბოძა მას სოფელი მონასტრის ახლოს მის სამსახურებლად. მეფის დალოცვის დროს ამას ამბობდა, როცა ხელს ადებდა თავზე: “ვპოვე დავით მონა ჩემი და წმიდა ზეთი ვცხე მას” (და ასე შემდეგ) მეათე მუხლამდის. უხაროდა მეფეს და აქებდა სომეხთა მშვენივრად [შესრულებულ] თარგმანებას. და მართლაც ვნახეთ, რომ შესრულდა ფსალმუნის სიტყვა მეფეზე. მრავალი იმ სიტყვათაგანი აუხდა მას”…2

 აღმაშენებელი პოლიტიკური მოსაზრებებით იჩენდა სიფრთხილეს, კეთილგანწყობილებას სომხური ეკლესის მიმართ, რათა ამით სომხეთის საქართველოსთან შემოერთება გაადვილებულიყო, მაჰმადიან დამპყრობლებს ვერ მოეხერხებინათ სომხების, სომხური ეკლესიის დაპირის პირება საქართველოსადმი.

 

1 ცხორებაი მეფეთ-მეფისა დავითისი, 1992, გვ. 196-197.

 

2 ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, ილია აბულაძის გამოცემა, თბ., 1953, გვ. 255.

 

***

ლეონტი მროველის არმენოფილური მატიანეც ამ მიზნით დაიწერა და საქართველოს სამეფო კარის თანხმობით “ქართლის ცხოვრებაშიც” შეიტანეს. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით კათოლიკე მისიონერები ამბობდნენ: საქართველო ყოველი მხრიდანო “გარემოცულია ისეთი მაჰმადიანი საშინელი მტრებისაგან, რომ თვით დედამიწასაც უმძიმს მათი ყოფნა”.1

თუ საქართველო სომხეთს არ შემოიერთებდა, მტრები სომხეთს გამოიყენებდნენ ბაზად, საყრდენად ჩვენი ქვეყნის დაპყრობის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი თავგამოდებით ესარჩლება, ამართლებს დიდი მეფის ყოველ ნაბიჯს, იგი არ თანაუგრძნობდა დავითის ლმობიერ დამოკიდებულებას, კეთილმოსურნეობას სომხებისა და სომხური ეკლესის მიმართ: “შემოკრბა ოდესმე წინაშე მეფისა ნათესავი გულარძნილი (ვერაგი - ა. ა.), ყოვლად ბოროტთა სომეხთა ეპისკოპოსები და მონასტერთა მათთა წინამძღურები მრავალი, რომელნი ფრიად აზმნობდეს თავთა თვისთა მიწევნად თავსა ყოვლისა სწავლულებისა და მეცნიერებისასა. და მოახსენეს, რაითამცა ყო ბრძანებითა მისითა კრებაი, და ყვესმცა სიტყვის-გებაი და გამოძიებაი სჯულისაი; და უკუეთუ იძლივნენ, იქმნენ თანაერთხმა სჯულითა, და თვისი შეაჩუენონ; ხოლო უკუეთუ სძლონ, ესე ოდენ მიემადლოს: “რაითა არღარა გუხედვიდეთო მწვალებელად და არცა შეგუაჩუენებდეთ… მოუწოდა მეფემანცა იოვანეს, კათალიკოსსა ქართლისასა და მისქუეშეთა ეპისკოპოსთა და მეუდაბნოეთა და არსენის იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენათასა და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა და სხუათა მეცნიერთა და ბრძენთა კაცთა”…2

ქართველ-სომეხთა ამ კრებას სომხების მართლმადიდებლობაზე, ქართულ რჯულზე მოქცევა არ მოჰყოლია შედეგად. არადა, აღმაშენებელს ჰქონია ამგვარი მიზანი. მან “მოისურვა სომეხთა და ქართველთა შეერთებაც… გამართა კრება და გამოიძიებდნენ დილიდან საღამომდის, მაგრამ ვერ დაეთანხმნენ ერთიმეორეს”.

1 მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, თბ., 1902, გვ 266.

 

2 ცხორებაი მეფეთ-მეფისა დავითისი, 1992, გვ. 213-214; უნდა ითქვას, რომ ქართველ- სომეხთა ამ საეკლესიო პაექრობაში სომხების მხრიდან არსენ იყალთოელის შესადარი დიდი სწავლული არ მონაწილეობდა. ამიტომ უეჭველია, რომ ქართული ეკლესიის თავკაცებმა კამათში დაამარცხეს სომეხი ვართაპეტები (მოძღვარნი, სასულიერო პირები).

 

***

 მაშინ დავით მეფემ “დააწყნარა ორივე მხარე და გაუშვა კრება.”1  აშკარაა, რომ აღმაშენებელი ერიდება სომხების, კერძოდ, სომხური ეკლესიის წარმომადგენლების გაღიზიანებას; მისი ღრმა რწმენით, სომეხთა მართლმადიდებლობაზე, ქართულ რჯულზე მოსაქცევად საჭიროა დრო და უაღრესად ფრთხილი ღონისძიებანი საქართველოს მხრიდან.

ეს აუცილებელი იყო, რათა სომხეთის საქართველოსთან შემოერთების, შემომტკიცების საქმეს ზედმეტი გართულებები, დაბრკოლებები არ შექმნოდა. აღმაშენებლის დროსაც სომეხთა ერთი ნაწილი არ მალავდა თავის დაპირისპირებას ქართველების მიმართ. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს ცნობილი სომეხი საეკლესიო მოღვაწის, დავით მეფის თანამედროვის, დავით ალავიკის ძის ე.წ. “კანონთა კრებულში” ერთი ასეთი “კანონის” შეტანა: მონოფიზიტ (გრიგორიან) სომეხთაგანო “არავინ ჭამდეს ქართველის მიერ დაკლული ცხოველის ხორცს შიმშილისაგან იძულებულის გარდა”.2

სომხური ეკლესიის რწმენით, ჭეშმარიტი რჯულის აღმსარებელნი სომხები იყვნენ, ხოლო განსხვავებული მიმდინარეობის ქრისტიანები ისეთივე წყეული ყოფილან, როგორც ქართველები. სომეხი მემატიანის, უხტანესის სიტყვით, “ქართველები სომხებთან ერთობას გამოეყვნენ წყეული კირონის (კირიონის -  ა. ა.) მიერ, აგრეთვე ბერძნები და იტალია მათთან ერთად”.  3.

 ისლამური სამყაროს თავკაცებმა მიიჩნიეს, რომ დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ მათ გაუადვილდებოდათ ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, კერძოდ, სომხეთის ჩამოშორება საქართველოსაგან.

მართლაც, მაჰმადიანმა ხელისუფლებმა ანისის დიდებულებს დაპირებები აღუთქვეს 4 და საქართველოს მეფე დემეტრე I იძულებული გახდა ანისი, ყმადნაფიცობის, ვასალობის პირობით, 1126 წელს ისლამური დინასტიის წარმომადგენლისთვის გადაეცა. ეს უკანასკნელი და მისი მემკვიდრენი ყოველი ღონით ცდილობდნენ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგოდ ემოქმედათ.

1 ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, გვ. 254-255.

 

2 ლ. მელიქსეთ-ბეგი, “ჩრდილო მხარეთა სომეხთა მოძღვარნი” და მათი ვინაობა თბ., 1928, გვ. 165-168.

 

3 უხტანესი, ისტორია გამოყოფისა… თბ., 1975, გვ. 205.

 

4 სომეხი ხალხის ისტორია, მრავალტომეული, ტ. III, ერევანი, 1976, გვ. 481, სომხურ ენაზე.

 

***

 მათ ანისის გარემომცველ მხარეში, შირაკში XII საუკუნეში დაასახლეს თურქები, მაჰმადიანურ საამიროთა დამნაშავე ელემენტები.1 ანისის მუსლიმი ხელისუფალნი სომხების გადაბირებასაც ახერხებდნენ. ამას შედეგად მოყვა ის, რომ როგორც მათეოს ურჰაეცის “ჟამთააღმწერლობის” გამგრძელებელი გრიგორ ხუცესი გვაუწყებს, 1161 წელს, როდესაც საქართველოს მეფემ, გიორგი III-მ აიღო ანისი, “დახოცა ათასი სული ქრისტიანი და უცხოთესლნი.”

 ეტყობა, ეს სომეხი ქრისტიანები გადაიბირეს მაჰმადიანებმა და საქართველოს დაუპირისპირეს, მაშინ, როდესაც ქართველები ჩვენი ისტორიის ოქროს ხანაში და შემდგომაც მუდამ ამირანის ხმალს იქნევდნენ, ამირანის ომს იხდიდნენ არა მარტო საქართველოს ინტერესებისათვის, არამედ სომეხთა გადასარჩენადაც, სომხეთში მათ დასამაგრებლადაც. რომ დაგვცლოდა, კარგი იქნებოდა სომხეთში, ლტოლვილი სომხების ნაცვლად, ქართველები დასახლებულიყვნენ, რათა სომხეთი არ გამხდარიყო მაჰმადიანური ქვეყანა XIII საუკუნის შემდეგ.

სომეხი მემატიანენი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ სომეხი ბაგრატუნიები ლორე-ტაშირიდან, თითქოს, საქართველოს მეფეებს განუდევნიათ. ცნობილი სომეხი მწერალი და მოღვაწე მხითარ გოში (გარდაიცვალა 1213 წელს) მოგვითხრობს: “როდესაც გარდაიცვალა მეფე დემეტრე (აღმაშენებლის ძე - ა. ა.), მის ნაცვლად გამეფდა მისი შვილი დავითი, კაცი კეთილგონიერი, განსაკუთრებით იმ სომეხი იშხანების (მთავრების - ა. ა.) მიმართ, რომლებიც მის ხელთ იმყოფებოდნენ… იმდენად კეთილგულოვნება გამოიჩინა, რომ გაგზავნა [კაცი] და იხმო მეფე კვირიკე, მეფე დავით ბაგრატუნის შვილი და დაპირდა მას, რომ დაუბრუნდება მის სამკვიდრებელს (ლორე-ტაშირს - ა. ა.), რომელიც თავის წინაპრებს ჩამოერთვათ მისთვის.”

 დავით დემეტრეს ძეს, თითქოს, ისიც მოუწადინებია, რომ მოეწვია კრება და გაერკვია, ქართველთა სარწმუნოება იყო ჭეშმარიტი, თუ სომეხთა რჯული, მონოფიზიტობა, გრიგორიანობა.2  XIII საუკუნის სომეხი მემატიანეების, კირაკოს განძაკეცისა და ვარდან არეველცის ცნობებითაც, ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილში, ლორე-ტაშირში მოკალათებული სომეხი მეფეები, ბაგრატუნიები, ანუ კვირიკიანები ქართველებს შეუვიწროებიათ და ამის შედეგად მიუტოვებიათ მათ თავიანთი სამეფო.

1 იქვე, გვ. 482.

 

2 ლ. დავლიანიძე, მხითარ გოშის “ალბანეთის ქრონიკა,” კრებულში: ქართული წაყროთმცოდნეობა, II, თბ., 1968, გვ. 46-47.

 

***

 სინამდვილეში, კვირიკიანების სამეფო თურქ-სელჩუკებმა მიიტაცეს.1 აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით, 1118 წელს “წარმოემართა მეფე (დავითი – ა. ა.) ღანუხით წარსლვად რახსის პირსა და ზატიკი (აღდგომის დღესასწაული – ა. ა) გარდაიხადა ნახიდურს. მუნ მოართუეს ამბავი ბეშქენ ჯაყელისა ჯავახეთს თურქთაგან მოკლვისაი; და ამისთვის უშლიდეს დიდებულნი მას ჟამსა წარსლვად; და ყოვლად არა მოისმინა, არამედ დაესხა თურქთა, რახსის (მდ. არაქსის – ა. ა.) პირსა მდგომთა, მოსრა სიმრავლე მათი და წარმოიღო ტყუე და ალაფი ურიცხვი.

ამასვე წელსა აღიღო… ციხე-ქალაქი ლორე და მაშინვე ივლისსა აღიხუნა აგარანი მეორესა დღესა ცისკარს.2” აშკარაა, რომ აღმაშენებელი ფართო ფრონტით უტევს თურქ-სელჩუკებს, მიერეკება მათ ამიერკავკასიიდან. სელჩუკები ჯავახეთში შემოჭრილან, მაგრამ დავით მეფემ ამის გამო არ გადადო დაგეგმილი ლაშქრობა არაქსის ნაპირებზე. ასეთ ვითარებაში აღმაშენებელი სომხებს დაუწყებდა კინკლაობას? ცხადია, მან ლორედან თურქ-სელჩუკები გარეკა და არა ბაგრატუნიები, სომეხი კვირიკიანი მეფეები.

 ეტყობა, სომხებს გაუჩნდათ პრეტენზია იმისა, რომ დავით აღმაშენებელს სომეხი კვირიკიანი მეფეებისთვის დაებრუნებინა ლორე-ტაშირი, საიდანაც ისინი თურქ-სელჩუკებმა განდევნეს. აღმაშენებელმა მთელი კავკასია გააერთიანა და ქართულ მიწა-წყალზე, ლორე-ტაშირ ში, თავის დროზე უსამართლოდ შექმნილ სომხურ სამეფოს ვეღარ აღადგენდა.

თამარ მეფის პირველი ისტორიკოსი, “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის” უცნობი ავტორი გვაუწყებს, რომ თამარის ხელმწიფობის დროს კვლავ გამართულა ქართველ-სომეხთა საეკლესიო კრება, პაექრობა. გაჩაღებულ საღვთისმეტყველო კამათში ქართველებს გაუმარჯვიათ და სომხებისთვის მოუთხოვიათ, მიეღოთ მართლმადიდებლობა. ქართველებმა გამარჯვების შემდეგო “მხიარულითა პირითა მოვლეს ყოველი ბანაკი. სომეხნი, ვითარცა მყუარი (ბაყაყი – ა. ა.) უტბო, ეგრეთ დგეს უხმოდ, ქუეყანად (მიწაზე – ა. ა.) მხედველნი… ხოლო თუ ვითარი სიხარული, სასოება და მადლობა ღმრთისა მოიწია ქართველთა ზედა, თხრობა შეუძლებელ არს.

 

1 იხ. რ. ი. მათევოსიანი, ტაშირ-ძორაგეტი, ერევანი, 1982, გვ. 105, სომხურ ენაზე.

 

2 ცხორებაი მეფეთ-მეფისა დავითისი, 1992, გვ. 181.

 

***

 და შე-რა-ვიდეს, დიდი სერი (ნადიმი – ა. ა.) შემზადეს მეფემან და კათალიკოსმან. ხოლო სომეხნი სირცხვილეულნი წარვიდეს მხარგრძელთა კარვად.1 ივანე მსახურთუხუცესი ეტყოდა ძმასა თვისსა, ამირსპასალარსა ზაქარიას… ”ქართველთა მართალი სარწმუნოება უპყრიეს. რაღა არს მყენებელ ჩუენდა, რომე მართალი სარწმუნოება არა შევიწყნაროთ და არა ნათელ-ვიღოთ ქართველისა კათალიკოსისა მიერ?” ხოლო იგი მიუგებდა: “უწყი, ძმაო, რამეთუ მართალი სჯული არს ქართველთა,” მაგრამ, მიუხედავად ამისაო, “მე არა შევერთვი ქართველთა!” და ესმა ივანეს და რქუა: “მიკვირს სიბრძნისა შენისაგან, რომელ უმჯობესსა არა არჩევ, მე არა შევერთვი განზრახვასა შენსა, ნათელ-ვიღებ სარწმუნოებასა ზედა ქართველთასა”… მოვიდა და ნათელ-იღო სარწმუნოებასა ზედა ჩუენსა იოანეს მიერ კათალიკოსისა. და მრავალი სიმრავლე სომეხთა მოვიდა ნათლისღებად. და იქმნა სიხარული”2

… ზაქარია მხარგრძელის გარდაცვალების შესახებ საუბრისას იგივე მემატიანე აღნიშნავს: ზაქარია “იყო სარწმუნოებითა სომეხი, არამედ ყოველნი სათნოებანი საღმრთონი და საკაცობონი აქუნდეს”.3

თამარ მეფის მეორე ისტორიკოსის, ბასილი ეზოსმოძღვრის მატიანეში – “ცხოვრება მეფეთმეფისა თამარისი” – ზაქარია და ივანე მხარგრძელების შესახებ ნათქვამია: “ესე კაცნი ღირსნი იყვნეს კაცობისანი: დაღაცათუ სჯულითა სომეხნი იყვნეს, გარნა ყოვლითურთ მართლმადიდებლობისა მოსავნი. ესე ივანე წერილთა ზედამიწევნითა სწავლული იყო, რომლისათვისცა გულისხმა ჰყო სიმრუდე სჯულისა სომეხთასა, ნათელ იღო და იქმნა ჭეშმარიტ ქრისტიანე.4”

 ზაქარია მხარგრძელის ვაჟი შანშეც მარლთმადიდებელი, ქართული რჯულის აღმსაარებელი გახდა. თვით ზაქარიაც მოითხოვდა, რომ სომხურ ეკლესიას თავის წესებში, ღვთისმსახურებაში შეეტანა მთელი რიგი ცვლილებები ქართული ეკლესიის გავლენით. იმ ხანებში მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრებიც მომრავლდა სომხეთში, კერძოდ, სომეხთა დედაქალაქ ანისშიც. ეს ეკლესიამონასტრები მიზნად ისახავდნენ, რაც შეიძლება მეტი სომეხი მოექ ციათ მართლმადიდებლობაზე, ქართულ რჯულზე. -

 

1 მხარგრძელები გასომხებული ქურთები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ჩრდილო კავკასიაში ცხოვრობდა ქურდთა ტომი. ქვემო ქართლში მდებარეობდა ქურდვაჭრის ხევი. არსებობს მოსაზრება, რომ მხარგრძელები, შესაძლოა, წარმოშობით ჩრდილო კავკასიიდან იყვნენ და არა ქურთები.

 

2 ქართლის ცხოვრება, ტ. II, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ., 1959, გვ. 90.

 

3 იქვე, გვ. 110.

 

4 იქვე, გვ. 123.

 

***

საქართვლოს კათოლიკოსი მოუწოდებდა ანისის მართლმადიდებელ მღვდლებს: ხალხისგან მცირე გამოსაღებს დასჯერდითო. ეს ხელს უწყობდა სომეხთა მართლმადიდებლად მოქცევას. ყოველივე ამას შედეგად მოჰყოლია ქართულ-სომხური ეკლესიების ურთიერთობის გამწვავება.

მხითარ გოშის “ეპისტოლეში” ჩანს გულისტკივილი იმის გამო, რომ, თურმე, ქართველი სასულიერო მოღვაწეები ამხედრებდნენ “თავის ხალხს” “სომხებზე, რომ ტაჭიკი (მაჰმადიანი - ა. ა.) და ურია უმჯობესია სომეხზეო.” ქართველებიო “იმდენად არიან სომეხთა ძვირის მომხსენებელი, რომ ნაკურთხ ეკლესიას ანგრევენ და საკურთხეველს, რომელზეც შეწირულია ქრისტე, გარეთ აგდებენ; იტყვიან ძაღლის დაკვლას სომეხთა ეკლესიაში”… მხითარ გოში ქართველ მეფეებს, კერძოდ, თამარ მეფეს სთხოვს, რომ მათ “სამეფო ხელმწიფებით რისხვა დასცენ, რათა არ დაარღვიონ ღვთის ეკლესია და (არ) დასწვან ჯვარი”.1

მართალია, ქართულ-სომხური ეკლესიების ურთიერთობა გამწვავდა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს საზღვრებში მოქცეული სომხეთიც ისევე დაწინაურდა, გამდიდრდა, როგორც საკუთრივ საქართველო ჩვენი ისტორიის ოქროს ხანაში. თუ XI საუკუნეში და უფრო ადრეც სომხები ტოვებდნენ თავიანთ სამშობლოს, XII ასწლეულსა და XIII საუკუნის პირველ მეოთხედში ამგვარი რამ თითქმის აღარ ხდებოდა;

საქართველოს წყალობით სომხებმა დაასკვნეს, რომ მათ სომხეთში ცხოვრება და საქმიანობა შეეძლოთ. სომხური “სახარების” 1214 წლის ანდერძ-მინაწერის თანახმად, ამ ხელნაწერის დამზადება მომხდარა “საქართველოში ლაშას მეფობისას, რომელიც ფლობდა ტფილისს, ანისს და ადრინდელ სომეხ, ალან და ალვანელ ტანუტერთა (ხელისუფალთა-ა. ა.) მრავალ სხვა ქალაქს, კარინიდან (არზრუმიდან -ა. ა.) სპარსეთამდე.” 2

 მაშასადამე, გიორგი-ლაშა ისეთივე მფლობელია სომეხთა დედაქალაქ ანისისა და კავკასიის სხვა ქალაქებისა, როგორც თბილისისა. ეს ცნობა, ისევე, როგორც სხვა მასალები, სავსებით დაუჯერებელს ხდიან სომეხ მკვლევართა, კერძოდ, ლ. ბაბაიანის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ზაქარიდებისათვის (ასე სომეხი მკვლევარნი უსაფუძვლოდ უწოდებენ მხარგრძელებს) გადაცემულ ტერი ტორიებს თანამედროვენი არ თვლიდნენ საქართველოს სახელმწიფოს ნაწილად.

 

1 იხ. ა. აბდალაძე, სომხურ ხელნაწერთა X_XIII საუკუნეების ანდერძმინაწერების ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 113-116, 150-157.

 

2 იქვე, გვ. 49.

 

***

მათ ისინი, თითქოს, მიაჩნდათ “ზაქარიდების” დამოუკიდებელ სამფლობელოდ. ქართულ წყაროებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სომხური წყაროების მეცნიერული შესწავლაც ადასტურებს, რომ მხარგრძელებიც ისეთივე ყმები, ქვეშევრდომები იყვნენ საქართველოს მეფისა, როგორც საკუთრივ ქართული მიწა-წყლის ერისთავები.1

თუ თამარ მეფემ ზაქარია და ივანე მხარგრძელები აღაზევა დიდი საქართველოს სამეფო კარზე და ივანესთვის ახალი თანამდებობა, ათაბაგობაც კი დაწესდა, ეს გაკეთდა იმ მიზნით, რომ სომხეთის საქართველოსთან კიდევ უფრო მეტად შემომტკიცება მომხდარიყო, ჩვენს ქვეყანას შემოეერთებინა სამხრეთ სომხეთის მხარეებიც და სომხები მასობრივად მოქცეულიყვნენ მართლმადიდებლობაზე, ქართულ რჯულზე.

 სამხრეთ სომხეთის მაჰმადიანი მფლობელნი შაჰ-არმენებად, ე. ი. სომეხთა შაჰებად (მეფეებად) იწოდებოდნენ. ისინი მტრობდნენ საქართველოს. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო შაჰ-არმენთა განდევნა სამხრეთ სომხეთიდან. არამცთუ საქართველოს ისტორიის ოქროს ხანაში, XIV საუკუნეშიც კი თვით სომხები სომხეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდნენ. ამას განაპირობებდა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაც გიორგი ბრწყინვალის მეფობის ჟამს.

1336 წელს სომეხი მწიგნობარი, ტერტერ(ტირაცუ) ერევანცი, ე.ი. ერევნელი, რომელიც ყირიმში წასულა, წერს: “მე, ტირაცუ, კაცი უღირსი (სასულიერო პირისთვის დამახასიათებელი თავმდაბლობაა - ა. ა.), საბრალობელი, უდები (ზარმაცი, დაუდევარი - ა. ა.) მღვდელი… ჩამოველ საქართველოდან, ხორ-ვირაპის მეზობელი, შესანიშნავ ქალაქ ერევნიდან.” ეს მწიგნობარი მეორეგანაც აღნიშნავს: “მე, ტერტერი, უღირსი მწერალი, რომელმაც ეს წიგნი, “ვარდანი,” დავწერე, ცოდვებით სავსე და თანამდები, უდები მღვდელი, საბრალობელი, მოვედი საქართველოდან, ხორ-ვირაპის და ეჯმიაწინის (ეჩმიაძინის - ა. ა.) მეზობელი შესანიშნავ ქალაქ ერევნიდან.”2

1 იხ. იქვე, გვ. 123-125, 129-130, 144 და სხვაც; ილია აბულაძე, შრომები, ტ. IV, თბ., 1985, გვ. 50_61; ა. აბდალაძე, სომხურ ხელნაწერთა VII-XIII საუკუნეების ანდერძ-მინაწერების (ჰიშატაკარანების) ცნობები საქართველოს შესახებ, კრებულში: ლიტერატურული ძიებანი, ტ. XXIV, თბ., 2003წ.

 

2 სომხურ ხელნაწერთა XIV_XV საუკუნეების ანდერძების (ჰიშატაკარანების) ცნობები საქართველოს შესახებ, ა. აბდალაძის გამოცემა, თბ., 1978, გვ. 22-23.

 

***

როგორც ვხედავთ, ერევანი XIV საუკუნეშიც საქართველოს ორგანული შემადგენელი ნაწილი ყოფილა. ცხადია, ამგვარივე ვითარებაა საქართველოს ისტორიის ოქროს ხანაშიც, დიდი საქართველოს ეპოქაში. XIII საუკუნის სომეხი მემატიანის, კირაკოს განძაკეცის სიტყვით, ხვარაზმელების სულთანთან, ჯალალედიდთან ბრძოლის1 წინ ქართველები “უზომო ყოყოჩობით და ამპარტავნებით პირობას დებდნენ, (რომ) უკეთუ სძლიონ მას (ჯალალედინს - ა. ა.), მათი ხელისუფლების ქვეშ მყოფ ყოველ სომეხს ქართველთა რჯულზე მოაქცევდნენ, ხოლო წინააღმდგომთ მახვილით აღხოცავდნენ.”

 კირაკოსი და ასევე XIII ასწლეულის მეორე სომეხი მემატიანე, ვარდან არეველცი გარნისში საქართველოს ჯარის დამარცხების მიზეზად მიიჩნევენ ქართველთა ძალადობას მონოფიზიტი სომხების (გრიგორიანების) მართლმადიდებლობაზე, ქართულ რჯულზე მოსაქცევად, აგრეთვე ქართველების მიერ სომეხთა წმინდანის საფლავის წაბილწვას.

სომხურ ეკლესიას თავის სამწყსოზე დიდი გავლენა ჰქონდა და, ალბათ, განაწყობდა კიდეც მას საქართველოს წინააღმდეგ. ამდენად, არაა გამოსარიცხი, რომ გარნისის ბრძოლაში, სადაც დასამარდა საქართველოს ოქროს ხანა, სომეხთა ერთმა ნაწილმა უღალატა ჩვენს ქვეყანას. ჯალალედინიც შეეცდებოდა ესარგებლა ქართველ-სომეხთა დაპირისპირებით და სომხები გადაებირებინა. 2

 XIII საუკუნისვე სომეხი მემატიანე, სტეფანოს ორბელიანი (წარმოშობით ქართველი, მაგრამ გასომხებული) გარნისის ბრძოლაში სომეხ-ქართველთა უთანხმოებაზე ლაპარაკობს, რაც გამოიწვევდა საქართველოს ჯარის დამარცხებას. ამ მხრივ აღსანიშნავია XIV ასწლეულის უცნობი ქართველი მემატიანის3 ცნობები. გარნისის ბრძოლაში საქართველოს ჯარის მთავარსარდალი იყო ივანე ათაბაგი, მხარგრძელი (იმ დროს ჩვენი მეფეა რუსუდანი), ქართველთა წინამბრძოლ ჯარს (ავანგარდს) კი მეთაურობდნენ შალვა და ივანე ახალციხელები.

 ქართველი ჟამთააღმწერელი, საერთოდ, აქებს ივანე მხარგრძელს, მაგრამ გარნისის ბრძოლაში საქართველოს სასტიკ მარცხს და 1225 წლიდან ჩვენი ქვეყნის დამხობას, რასაც ის ქრისტეს ჯვარცმას ადარებს, საქართველოს ჯარის მთავარსარდალს, ივანე ათაბაგს აბრალებს. რაკი მემატიანე საქართველოს მეფის სამსახურში ივანე მხარგრძელის ღვაწლსაც წარმოაჩენს, მის მიმართ წაყენებული ბრალდებაც, როგორც ეტყობა, უსაფუძვლო არაა.

 

1 ეს ბრძოლა გაიმართა სომხეთში, გარნისში(ერევანთან ახლოს) 1225წელს.

 

2 იხ. ა. აბდალაძე, სომხურ ხელნაწერთა X_XIII საუკუნეების… გვ. 156.

 

3 ივ. ჯავახიშვილმა მას ჟამთააღმწერელი შეარქვა.

 

***

ჯალალედინისა და ქართველ წინამბრძოლთა ჯარები ერთმანეთის პირისპირ რომ დადგნენ, “აქა დაიპყრა ფერხი ივანე ათაბაგმან. იტყვიან, ვითარმედ შურითა ყო ახალციხელთა შალვა და ივანესითა. ჰოი, შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი.”

 ივანე მხარგრძელს “წინამბრძოლთა ყოველთა მოუვლინეს კაცი და რქუეს: “დაახლოებულ ვართ სულტანსა და სპათა მისთა და ჩუენ დიდად უმცირეს ვართ და ომი ძლიერი წინა გვიც. წარმოიმალონ მხნეთა სპათა მეფისათა და სიმხნემან შენმან.” ესე ორგზის და სამგზის მოუვლინეს, ხოლო იგი არა-რასა მიუგებდა. ხოლო ვინათგან წინამბრძოლნი თორელნი და უმეტეს ახალციხელნი შალვა და ივანე ახოვან იყვნენ და წყობათა შინა (ბრძოლებში - ა. ა.) სახელოვანნი, არღარა რიდეს სიმრავლესა სულტნისა სპათასა, ვითა მხეცნი ზედა მიეტევნეს, და იქმნეს ძლიერნი ომნი. მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი, და ძლიერად მბრძოლობდეს შალვა და ივანე, ახოვანთა და ძლიერთა სრვიდეს, და განგრძელდა ომი სასტიკი. ხოლო ივანე ათაბაგი და სპანი… ხედვიდეს ძლიერსა ომსა და არა შეიწყალებდეს თანამონათესავეთა და ერთსჯულთა, ქრისტეს აღმსარებელთა თორელთა და მათ თანა მრავალთა სახელოვანთა, არამედ დგეს შორით, და არა ინება შუელა ივანე ათაბაგმან, რომელსა შურით იტყვიან ამას ყოფად და არა თუ შიშითა. და ვითარ განგრძელდა ომი, ორთავე ძმათა ახალციხელთა დაუხოცეს ცხენნი, და ქუეითნი მხნედ იბრძოდეს და მოისრნეს ორგნითვე ურიცხუნი, და უმეტეს თორელნი. და ვითარ შენივთდა ძლიერად ომი, ხრმალნიცა ახალციხელთანი განტყდეს ჩაბალახსა ზედა, მაშინ ივლტოდეს ქართველნი”.1

შესაძლებელია, ივანე ათაბაგის ღალატის ამბავი ასახული იყოს ერთ ჯავახურ თქმულებაშიც: “თამარ დედოფლი შულისათვინ (შვილისათვის - ა. ა.) უღალატნია მთავარ ათაბეგებს”…2 რაკი “ათაბეგი” მრავლობით რიცხვშია, ივანესთან ერთად, შესაძლოა, ნაგულისხმევია მისი ვაჟი ავაგიც. გასომხებულმა ქურთმა თუ ქურდმა, ივანე ათაბაგმა თავის შურიანობას, პირად ინტერესებს ანაცვალა ოქროს ხანის საქართველო. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმითაც, რომ ბევრი სომეხი ვერ ეგუებოდა საქართველოს ძლიერებას, ქართული დროშის ქვეშ კავკასი ის გაერთიანებას.

 

1 ქართლის ცხოვრება, ტ. II, გვ. 169-170.

 

2 ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, ტ. I, თბ., 1961, გვ. 351.

 

***

XIII საუკუნეშიც არაერთი სომეხი ლანძღავდა ქართველებს, მაგ., ისტორიკოსები კირაკოს განძაკეცი და ვარდან არეველცი. მათი აღმზრდელი მასწავლებელი, ვანაკანიც უკმაყოფილებას გამოთქვამს ქართველთა მიმართ. მისი სიტყვით, “ქართველნი გვგმობენ ჩვენ და გვღალატობენ,” მიუხედავად იმისაო, რომ “მესროპმა მისცა მათ ანბანი, და ვარძიის ჯვარი მანვე აკურთხა.” ქართველები უმადურობას იჩენენო სომხებისადმი.1

გამოდის, რომ ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ვანაკანს V ასწლეულის ძეგლად მიუჩნევია, რითაც, ცხადია, დიდი შეცდომა მოსდის. ასევე დაუჯერებელია მისი ზღაპრები მესროპ-მაშტოცის დიდ ღვაწლზე ქართული კულტურის განვითარებაში. ისევ და ისევ საქმე გვაქვს სომხურ იდეოლოგიასთან, რომლის მიხედვითაც კავკასიაში წამყვანი ერი სომხები უნდა იყვნენ და არა ქართველები.

ვანაკანს და მის ამქარს, ალბათ, არაფერი სმენიათ დინოზავრებსა და სათაფლიაზე, თორემ იტყოდნენ - სათაფლიაში დინოზავრები სომხეთიდან მოვიდნენო! რა შეუშლიდათ ხელს დინოზავრებს, სათაფლიიდან წასულიყვნენ სომხეთში? სომხების აზრით, ქართულმა ეკლესიამაც თავი დაიღუპა, როდესაც, თითქოს, გამოეყო სომხურ ეკლესიას ქართველთა კათოლიკოსის, კირიონ I-ის დროს. ამის გამო XIII ს-ის სომეხი მემატიანე, მხითარ აირივანეციც, აგრძელებს რა სომხურ ტრადიციას, კირიონს ბილწს უწოდებს.2

ქართველ-სომეხთა მეტოქეობა, დაპირისპირება ჩანს ლ. მაღალაშვილისეული “სახარების” 1310 წლის ანდერძ-მინაწერიდანაც. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ექვთიმემო “მიბრძანა ქურმუხისა მთავარეფისკოპოსსა და ყოვლისა მთეულისა წინამძღუარსა კვირილე დონაურსა გარდაწერინებად სახარებისა და წარგზავნად თუითეულისათვის ეკლესიისა.” მე “სახარებაო” “წარვგზავნენ საყდართა, მონასტერთა და შვიდთა სასწავლელთა თავსმდგომთადმი და ვუბრძანე სწავლებად სჯული ჭეშმარიტი… ქართლისა ცხორება[ ი] და ცხორება[ი] ალვანიისა (კავკასიის ალბანეთის _ ა. ა.)… რომელი დაწერა პეტრე ლაგაძემან და ვინმე სომეხმან გა[დაიღო]იგი.

 

1 ლ. მელიქსეთ-ბეგი, ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, გვ. 131-132. როგორც ეტყობა, ვანაკანს სამცხე-ჯავახეთი, ცხადია, უსაფუძვლოდ, სომხურ მიწაწყლად მიაჩნია და ვერ ეგუება, რომ მის დროს ეს მხარე ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენდა.

 

2 მხითარ აირივანეცი, ქრონოგრაფიული ისტორია, 1990, გვ. 32.

 

***

 და საკუთრად დაწერილად გამოაცხადა და სომეხთაც ადვილად იწამეს ჩუეულებისამებრ.”1 მას შემდეგ, რაც თემურ ლენგის ურდოებმა ააოხრეს საქართველო, 1412 წელს ჩვენი ქვეყნის მეფე გახდა ალექსანდრე I. მაჰმადიანი დამპყრობლები ალექსანდრეს მეფობის ჟამსაც გაცხარებით უტევდნენ საქართველოს, მისი მიწასთან გასწორება სურდათ. მიუხედავად ამისა, 1431 წელს ალექსანდრე მეფემ დიდი ლაშქრობა მოაწყო ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილის, ლორე-ტაშირის გასათავისუფლებლად და ეს მხარე კვლავ საქართველოს დაუბრუნდა.

ლორე-ტაშირისათვის ბრძოლაში დიდი წვლილი შეუტანია ქართველთა იმდროინდელ კათოლიკოსს თევდორეს.მას ასე მიუმართავს საქართველოს ჯარისთვის: “ამა უსჯულოთა აგარის ნათესავთა (მაჰმადიანებს - ა. ა.) ანდრონიკეს შვილი ალასტანელი გიორგი მოუკლავს (ალასტანი სოფელია ჯავახეთში - ა. ა.) და მრავალნი ქრისტიანენი წამებითა აღუსრულებიან და დაუტყუეებიან, და ტახტი მეფეთა განურყვნია და საპატიონი და ცამდის მაღალნი საყდარნი შეურაცხ უქმნიან, სახლ-სალოცველი ქუაბ ავაზაკთა უქმნია და უნეთა (ცხენებისთვის - ა. ა.) მათთვის საყოფად განუჩენია. აწ ბრძოლეთ ძლიერად და დაღათუ ვინმე ომსა შიგან აღსასრული მიიღოთ, ქრისტესთუის წამებულთა გუერდის მიითუალვით; და დაღა- თუ ვინმე დაკოდითა (დაჭრით - ა. ა.) ანუ დაშავებითა და რათაცა ტკივილით იტანჯებით, ყოველსავე ქრისტე მისად ნებისმყოფელად მიითუალავს”.2

როგორც ვხედავთ, საქართველოს კათოლიკოსი თევდორე შთააგონებდა ქართველთა ჯარს, რომ მას ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყო ქართული მიწა-წყლის, ლორე-ტაშირის გასათავისუფლებლად. მეფე ალექსანდრე I-ს ლორელი უნდა ეწოდოს, რადგან მან საქართველოსთვის უაღრესად მძიმე პირობებში შესძლო ქართული ჯარის ფეხზე დაყენება და იმდენად გაძლიერება, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის მეტად მნიშვნელოვანი ლორეს ციხე-სიმაგრე, ლორე-ტაშირის მხარე მტრისგან გაწმენდილ იქნა. მსგავსი სახელწოდებები კი, მაგ., აფრიკელი, ნეველი, ერევნელი (პასკევიჩ-ერევნელი) დამკვიდრებულია მსოფლიო ისტორიაში. 1921 წელს რუსეთის იმპერიამ ლორე-ტაშირი წაართვა საქართველოს, სომხეთს გადასცა.

 

1 მ. ჯანაშვილი, საქართველოს ისტორია, თბ., 1895, გვ. 204-205.

 

2 ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, ი. დოლიძის გამოცემა, თბ., 1965, გვ. 123.

 

***

 იყვნენ ისეთი სომხებიც, რომლებსაც საქართველოს მარცხი არ მოსწონდათ. მაგ., სომეხი მწიგნობარი, მათეოს მონაზონი წუხს XV საუკუნის დასაწყისში მტრის მიერ საქართველოს მეფის, კონსტანტინეს მოკვლის გამო: “წარწყმიდეს მეფე საქართველოსი, თურქმენის ბოროტი ნათესავის, [ი]უსუფად სახელდებული სატანის მიერ დატყვევებული კოსტანტინე. მოიცვა დიდმა მწუხარებამ გონებაცა და არსება ჩვენი, რადგანაც დიდსა ნათესავს ჩვენსას (სომეხ ერს - ა. ა.) ჰყავდა ის თავის მეფის მაგივრად; დავკარგეთ იგი…”1

დაახლოებით 1411 წელს მეორე სომეხი სწავლული, მათეოს ჯუღაეცი აღნიშნავდა: სიკეთე ოთხი სახისაა, ესენია - შეწყალება, კაცთმოყვარეობა, სტუმართმოყვარეობა და გულუხვობა; “ქართველთა ნათესავს აქვს ეს [თვისებები] სრულყოფილად, ამის გამო გადარჩა მათი სამეფო.”2

ამ სომხებს იმედი ჰქონდათ, რომ საქართველო თუ შეძლებდა, დაეხმარებოდა მათ, ყოველ შემთხვევაში, სომხეთიდან ლტოლვილ სომხებს თავშესაფარს მისცემდა. XV საუკუნის მიწურულს საქართველოსთვის, კერძოდ, ლორე-ტაშირში მდებარე მონასტრის, ჰაღბატისათვის (ახპატისათვის) თავი შემოუფარებია ეჯმიაწინიდან ლტოლვილ სომეხთა კათოლიკოს სარგისს.3 ეჯმიაწინში სომეხთა საკათოლიკოსო გადმოტანილ იქნა 1441 წელს. როგორც ზემოთ ითქვა, სომეხთა საკათოლიკოსო სომხეთს მოა-შორა ბიზანტიის იმპერიამ XI ს-ის შუა ხანებში. საქართველოში სომეხთა კათოლიკოსს XVII ასწლეულშიც უპოვია თავშესაფარი.

 1437 წელს გადაწერილი სომხური ხელნაწერის ანდერძ-მინაწერში ნათქვამია: ხელნაწერი წიგნი დამზადდაო “სანაინის მონასტერში… საქართველოში ღვთისმსახური ალექსანდრეს მეფობისას.” ხელნაწერის გადამწერი ჟამთა სიავეს უჩივის: “სასოწარკვეთილი ვარ დროის სისასტიკისა და სომეხთა ქვეყნის მრავალი ვაებისა და აოხრების გამო, რამეთუ მოვიდა შეჩვენებული, ბოროტი მძლავრი და ანტიქრისტეს წინამორბედი, ძე სატანისა შაჰრუხი, ლანგ-თამურის შვილი, ტომით სპარსი (მაჰმადიანი იგულისხმება - ა. ა.); იგი სამხრეთიდან დაიძრა დიდი ლაშქრით, ურიცხვი მხედრობით, მოვიდა და დააქცია ჩვენი ქვეყანა, გაძარცვა და დაატყვევა ყოველივე… ეს მესამედ მოსვლა და დარბევა იყო, ჩვენი ეკლესიები სიბნელემ მოიცვა… ჩვენი ძმობის წევრები (სომეხი ბერები - ა. ა.) გავიქეცით და გავიფანტეთ ქართველთა ქვეყანაში…

 

1 სომხურ ხელნაწერთა XIV_XV საუკუნეების ანდერძების… გვ. 35-36.

 

2 იქვე, გვ. 138.

 

3 იქვე, გვ. 99-101.

 

***

 ამ მიზეზის გამო დავმკვიდრდით სანაინის ამ წმ. მონასტერში”.1 სანაინის მონასტერი ლორე-ტაშირში მდებარეობდა. როგორც ვხედავთ, სომეხი მწიგნობარი სანაინსა და ლორე-ტაშირს ქართველთა ქვეყნის ნაწილად მიიჩნევს და არა სომხეთისად. რაკი საქართველოს ხელისუფლება სომხეთიდან ლტოლვილ სომხებს თავშესაფარს აძლევდა, ბუნებრივია, მათ ჩვენს ქვეყანაში სომხური ეკლესია-მონასტრებიც ჰქონდათ.

ყურადღებას იპყრობს 1438 წელს გადაწერილი სომხური ხელნაწერის ანდერძ-მინაწერიც: …”თამურის ძე, შაჰრუხად სახელდებული, დიდძალი მხედრობით, სასტიკი, გულქვა, უწყალო და ქრისტიანთა სისხლს მოწყურებული, ოთხგზის დაესხა თავს თავრიზის ქვეყანას და დიდი, ენით უთქმელი ზიანი მიაყენა სომხეთს, რამეთუ ზოგი მახვილით მოსრეს, ზოგი შეუბრალებლად ტყვედ წაასხეს და წარწყმიდეს; სხვები შიმშილისაგან მიმკვდარებულიყო. მათგან ზოგი მოკვდა, ზოგიც მგლებმა და მხეცებმა შეჭამეს და დაგლიჯეს, ხოლო დანარჩენი, განადგურებულები აქეთ-იქით მიაწყდნენ და მიაშურეს საქართველოს.

სრულიად გაუკაცრიელდა და აოხრდა ჩვენი ქვეყანა, ცის მობაძავ ტაძართა კარნი დაიკეტა, ლამპრები და სანთლები ჩაქრა, დაბნელდა, საკმეველი და შესაწირავი შემცირდა, ლოცვამ და ფსალმუნთა გალობამ იკლო და შეწყდა, მსხვერპლად შესაწირი და ეკლესიის ყოველი სიწმინდე, ჯვარი და სახარება, ყველა სამოსელი და ეკლესიის სამსახურებელი ურჯულოებმა ხელთ იგდეს ტყვედ. დიდად დამწუხრდა, შეძრწუნდა, მოთქვამდა და გოდებდა სომეხთა ეკლესია. გავხდით ვითარცა ძველი ისრაელი, ყველა ნათესავისაგან დათრგუნვილი და დამცირებული…

ამ სასტიკ და უბედურების ხანაში, დიდ გაჭირვებასა და სიღატაკეში დავაწერინე ეს წიგნი უცხო ქვეყანაში, საქართველოში, ჰოჰანეს მღვდელს, ჰაღბატის მონასტერში… საქართველოში ალექსანდრეს მეფობისას”.2 ჰაღბატის ანუ ახპატის მონასტერიც ლორეტაშირში მდებარეობდა. ანდერძ-მინაწერის სომეხი ავტორი ლორეტაშირს სომხებისათვის უცხო მხარედ, საქართველოს ორგანულ ნაწილად მიიჩნევს. სომხეთიდან ლტოლვილ, გაჭირვებულ სომხებს საქართველოში, კერძოდ, ლორე-ტაშირში დასახლებაზე, შემოხიზვნაზე ქართველები უარს რომ არ ეუბნებოდნენ, ეს იმიტომაც ხდე ბოდა, რომ ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, კვლავ აღიდგენდნენ, ხელმეორედ შეიქმნიდნენ საქართველოში ოქროს ხანას, სჯეროდათ, რომ ქართული სული კვლავაც გაშლიდა, შეისხამდა ფრთებს, ჩვენს ქვეყანას ისევ მოევლინებოდა დავით აღმაშენებელი და თამარი, რომლებიც შეძლებდნენ კავკასიის გაერთიანებასაც, რაც აუცილებელი იყო მოზღვავებულ მტერთა მოსაგერიებლად. -

 

1 იქვე, გვ. 51.

 

2 იქვე, გვ. 53-54.

 

***

კავკასიის გასაერთიანებლად კი საჭირო იყო ნორმალური ურთიერთობები დამყარებულიყო კავკასიელ ხალხებს, ერებს შორის. ამ მიზნით ქართველი ხელისუფალნი მარტო სომხებს კი არა, საერთოდ, ყველა კავკასიელს უღებდნენ ჩვენი ქვეყნის კარებს, შეძლებისდაგვარად მასპინძლობდნენ.

 

ლორე-ტაშირისათვის ბრძოლას ქართველები საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგაც აგრძელებდნენ. 1491 წელს ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს, მაჰმადიან დამპყრობთა რაც შეიძლება შორს გასარეკად, სევანის ტბამდე ულაშქრია. ამ დროს ქართლის “მეფემ აიღო ლორეს ციხე და მბრძანებლობს ამ ქვეყანაზე.”1

ლორე-ტაშირისათვის ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდა XVI საუკუნეში, კერძოდ, ქართლის მეფის, სიმონის დროს. 1579 წელს, როდესაც თურქ-ოსმალები თარეშობდნენ ქართლში, სიმონ მეფეს დაულაშქრავს ლორე-ტაშირი, მაგრამ ლორეს ციხე-სიმაგრე ვერ გაუწმენდია თურქთაგან. 1586 წელს სიმონმა “კუალად შეჰყარა სპა თავისი და წარემართა ლორესა ზედა. რა მივიდა, გამოვიდა ფაშა მუნებური (იქაური - ა. ა.) და ეწყუნენ (შეებრძოლნენ – ა. ა.) ურთიერთას და იქმნა ბრძოლა ძლიერი და ღვთით გაემარჯუა მეფესა სვიმონს, და მოსწყდა ურუმი (თურქი – ა. ა.) მრავალი… და აღიღო ქუაბები (გამოქვაბულები – ა. ა.) ლორისა, დაიპყრა2 ლორე, და ციხე მათვე ურუმთ ეჭირა. და გამოვიდა ხანი, მცირედთა ჟამთა შეისუენა და კუალად შეიყარა და წარმოვიდა და მოადგა ციხესა ლორისასა, დაუწყო ბრძოლა და აღიღო ციხე ლორისა.”3 ასე გრძელდებოდა გაუთავებლად საუკუნეების განმავლობაში.4  

1 იქვე, გვ. 98.

 

2 იმდროინდელ ქართულ ენაში ეს სიტყვა დაკავებას, დაჭერასაც ნიშნავს.

 

3 ქართლის ცხოვრება, II, გვ. 372-374.

 

4 იხ. პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოცემა, თბ., 1981, გვ. 67, 99, 121-122, 125, 139

 

***

 ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ქართველებს, ასწლეულების მანძილზე, ლორე-ტაშირის გასათავისუფლებლად, შესანარჩუნებლად ზღვა სისხლი აქვთ დაღვრილი. ამდენად, უსამართლობაა, რომ დღეს ლორე-ტაშირი სომხეთის შემადგენლობაშია და არა საქართველოს საზღვრებში. XVI საუკუნის ერთ თურქულ დოკუმენტში ნათქვამია: “სეიდ ჩუქურის რეაიას (ე. ი. ერევნის მხარის გლეხების – ა. ა.) უმრავლესობამ თავისი ოჯახის გამოსაკვებად ლუკმა-პურისათვის საქართველოს მიაშურა.” ძალიან ხშირად ხდებოდა ასე.1 ლუკმა-პურის არმქონე სომეხი გლეხები შორეულ ქვეყნებში გადახვეწას ვერც შეძლებდნენ უსახსრობის გამო. საქართველომდე კი როგორმე მოაღწევდნენ და დარწმუნებულიც იყვნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში თავშესაფარსაც და “არსობის პურსაც” მოიპოვებდნენ.

 მიუხედავად იმისა, რომ XV საუკუნიდან ქართველებსაც ძალიან უჭირდათ და საქართველო ცალკეულ სამეფო-სამთავროებადაც დაიშალა დამპყრობთა შემოტევების, ვერაგობის შედეგად, ქართველი ერის ჯანსაღი ნაწილი მუდამ იბრძოდა საქართველოს გასაერთიანებლად და კავკასიის ერთობისთვისაც. კავკასიელებსაც, შეძლებისდაგვარად, ეხმარებოდნენ, მფარველობდნენ ჩვენი წინაპრები. XVI ასწლეულში თურქეთმა დაიპყრო ჯავახეთი. ამავე საუკუნის ბოლოს დამპყრობელმა თურქებმა, რაც შეიძლება მეტი ხარკის აკრეფის მიზნით, აღწერეს ჯავახეთი.2

აღწერის მასალებიდან ირკვევა, რომ XVI საუკუნეში ჯავახეთის მოსახლეობის 90 - 95 პროცენტს ქართველები შეადგენდნენ. ასე, რომ უსაფუძვლოა სომეხ მკლევართა, პუბლიცისტთა თუ პოლიტოლოგთა განცხადებები, თითქოს, ჯავახეთი XIX საუკუნემდეც სომხურ მხარეს წარმოადგენდა.

 რუსეთის იმპერიისა და სომხური წრეების ნებითა თუ მცდელობით ჯავახეთი ხელოვნურად აქციეს სომხურ მხარედ სწორედ XIX-XX ასწლეულებში. დამპყრობლები ცდილობდნენ, საქართველოში მცხოვრები სომხები თავიანთ საყრდენად გამოეყენებინათ ქართველი ერის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს მოვლენა ადრიდანვე დასტურდება, მაგ., მონღოლთა ბატონობის დროს.3 ამასვე აკეთებდა სისხლისმსმელი შაჰ-აბას I-ც. მას მიუმხრია, კერძოდ, თბილისელი სომხები, რომლებიც გიორგი სააკაძის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, მხარს უჭერდნენ ყიზილბაშებს.

 

1 თურქული წყაროები სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის, ც. აბულაძის გამოცემა, თბ., 1983, გვ. 28-29, 48, 52.

 

2 იხ. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ს. ჯიქიას გამოცემა, ტ. II, თბ., 1941 წ. 3 ქართლის ცხოვრება II, გვ. 244.

 

***

 გიორგი სააკაძეს კიცხავს წარმოშობით სომეხი მემატიანე, გორელი ფარსადან გორგიჯანიძეც - როგორ მისცა თავს უფლება სააკაძემ, როგორ გაბედა შაჰ-აბასის წინააღმდეგ აჯანყებაო. 1 როცა ამას საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვდა, ქართველები შაჰ-აბასის, თემურ ლენგის და ნებისმიერი მტარვალის წინააღმდეგ აჯანყებას, ბრძოლას ბედავდნენ და თუ მთლიანად ვერა, ნაწილობრივ მაინც მიზანსაც აღწევდნენ, ავად თუ კარგად ახერხებდნენ სამშობლოს დაცვას, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას.

სომხების მსგავსად, ქართველებსაც რომ მიეტოვებინათ თავიანთი სამშობლო და სხვადასხვა ქვეყნებში გადახვეწილიყვნენ (სპარსეთ-თურქეთი ხომ ყოველი ღონით ცდილობდა ქართველი ერის წინააღმდეგობის გატეხვას, ქართველობის გადაგვარებას, მათ მოსპობას), ისლამური სამყარო შეისრულებდა თავის მიზანს და მთელს კავკასიას გაამაჰმადიანებდა. ასეთ შემთხვევაში სომხებს გაუჭირდებოდათ XIX-XX საუკუნეებში სომხეთში დაბრუნება თუნდაც რუსეთის იმპერიის დახმარებით.

იტალიელმა პიეტრო დელა ვალემ 1627 წელს რომის პაპს წარუდგინა “ინფორმაცია საქართველოს შესახებ.” პიეტრო საქართველოში ნამყოფი არ არის, მან ეს “ინფორმაცია” სხვათაგან გაგონილი ამბების საფუძველზე შეადგინა. პიეტროს სიტყვით, ცალკე მეფე ჰყავს ქართლსაც, “რომელიც წარმოადგენს დიდი სომხეთის ნაწილს და მისი მთავარი რეზიდენციაა ტფილისი.” ახლანდელი საქართველოს შემადგენლობაში მოქცეულიაო სომხეთის ერთი ნაწილი. 2

საქართველომ თავისი არაერთი მხარე დაკარგა საუკუნეების განმავლობაში, მაგ., ტაო-კლარჯეთი, კოლა-არტაანი და სხვებიც და მაინცდამაინც სომხურ მიწა-წყალს დაეხარბა? იგივე სპარსეთი და თურქეთი ქართულ მხარეებს რომ იტაცებდნენ და მთელი სომხეთიც დაპყრობილი ჰქონდათ, საქართველოსაგან სომხური მიწაწყლის მისაკუთრებას მოითმენდნენ? ცხადია, არა! აშკარაა, რომ საფრანგეთის აგენტ პიეტრო დელა ვალეს სომხებმა მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია; შესაძლოა, სომეხმა ვაჭრებმა, სომხურმა ეკლესიამ პიეტრო მოისყიდა კიდეც.

 

1 იხ. საისტორიო მოამბე, II, 1925წ., გვ. 233.

 

2 გ. ჟორდანია, ზ. გამეზარდაშვილი, რომის კათოლიკური მისია და საქართველო, ნაწილი I, თბ., 1994, გვ. 347, 351-352, რუსულ ენაზე; მსგავსი ცნობები სხვა უცხოელ ავტორთა ნაწერებშიც გვხვდება.

 

***

 პიეტრო დელა ვალეს “ინფორმაცია” საეჭვოდ ემთხვევა ერთი სომხური ხელნაწერის 1629 წლის ანდერძ- მინაწერის ცნობას, სადაც თბილისს სომეხთა ქალაქი ეწოდება. 1 სინამდვილეში, იმ დროს თბილისი ქართლის სამეფოს დედაქალაქი იყო და, ტრადიციულად, სრულიად საქართველოს, ყოველთა ქართველთა სატახტო ქალაქად აღიქმებოდა. ქართველები ათასწლეულების განმავლობაში თავგანწირვით იმისთვის არ ომობდნენ, ბრძოლის ველზე ჩვენი წინაპრების ზღვა სისხლი იმიტომ არ იღვრებოდა, რომ საქართველოს დედაქალაქი თბილისი სომხებისთვის დაეთმოთ.

 XVIIს-ის პოეტის, ფეშანგის თანახმად, სპარსეთის შაჰს უთქვამს ქართველებზე: “ვერ ეწყობიან მუქარას მათი მოდგმა და ჯილაგი.” XVIIIს-ის უცნობი პოეტი ამბობს: “ქართველნი ლომნი, უყვარან ომნი.” ომი რა საყვარელია, მაგრამ სამშობლოს, იგივე თბილისის გადარჩენა სხვაგვარად არ იქნებოდა. თუ ქართველთა მეფეები სომხებს თბილისში დასახლების ნებას რთავდნენ, ეს ხდებოდა იმის გამოც, რომ საქართველოში ჟამთა სიავის დროსაც ცოცხლობდა კავკასიის ერთიანობის იდეა.

 XVII-XVIII საუკუნეების ცნობილი სომეხი მოღვაწე, სომხური სახელმწიფოებრიობის, სომხეთის სამეფოს აღდგენის მოსურნე ისრაელ ორი ევროპელებს უმტკიცებდა, რომ “საქართველო დიდ სასომხეთშია და ყველა იქაური ქრისტიანებიც სულ სომხები არიანო.” 2

სომხურ წრეებში მარადჟამს ცოცხლობდა კავკასიაში სომეხთა პირველობის იდეა. მათ მიაჩნდათ, რომ როდესაც სომხეთის სამეფო მკვდრეთით აღდგებოდა, საქართველო მისი ნაწილი უნდა გამხდარიყო, რამეთუ სომხური იდეოლოგიის მამებს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა სხვაგვარად ვერ წარმოედგინათ. ამ დროს ქრისტიანული სამეფოები მხოლოდ საქართველოში არსებობდა და ისინი თავგანწირვით ებრძოდნენ ურიცხვ მტერს კავკასიაში ქრისტიანობის გადასარჩენად.

ქართველები სომხეთის გათავისუფლებასაც რომ ისახავდნენ მიზნად, ამის დასტურია XVIII ს-ის 20-იანი წლების ამბებიც. იმ დროს სომხეთის ერთ-ერთ მხარეში, სიუნიქში (სივნიეთში) სომხები აუჯანყდნენ დამპყრობლებს და დახმარება სთხოვეს ქართლის სამეფო კარს. ქართლის ხელისუფლებამ სივნიეთში გაგზავნა ქართულ ჯარში გამოწრთობილი, საქართველოში  მცხოვრები სომეხი დავით-ბეგი და სხვებიც. დავით-ბეგის რაზმმა სივნიეთში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა. დავით-ბეგი სომეხთა ეროვნულ გმირად იქცა.

 

1 სომხურ ხელნაწერთა XVII საუკუნის ჰიშატაკარანები, ტ. II, შეადგინეს ვ. აკოფიანმა და ა. ოვანისიანმა, ერევანი, 1978, გვ. 321, სომხურ ენაზე.

 

2 იხ. მ. თამარაშვილი, პასუხათ სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას, თბ., 1904, გვ. 43.

 

 

***

ქართველი მეფეები ფიქრობდნენ, რომ კავკასიაში სომეხი ქრისტიანების არსებობაც აუცილებელი იყო, რათა ამით ეჩვენებინათ მსოფლიოსათვის, რომ კავკასიაში ქრისტიანობას მეტი საფუძველი, უფლებები გააჩნდა, ვიდრე მაჰმადიანობას, რომელიც წალეკვით ემუქრებოდა მთელს კავკასიას. სომხეთი კი თანდათან სომხებისგან იცლებოდა. XVIII საუკუნის ბოლოს სომხეთში მხოლოდ 25000 სომეხი ცხოვრობდა, დანარჩენი მოსახლეობა სომხეთისა არასომხური, მაჰმადიანური იყო.

 ეჯმიაწინის სომხური საკათოლიკოსო ჰაერში გამოკიდებული რომ არ დარჩენილიყო, ამიტომაც ასახლებდნენ ქართველი მეფეები სომხეთიდან ლტოვილ სომხებს საქართველოს იმ მხარეებში, კერძოდ, ლორე-ტაშირში, რომლებიც სომხეთს ესაზღვრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ XIII საუკუნიდან, მეტადრე, XV ასწლეულიდან საქართველოც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, გაჭირვებული სომხები მაინც მოილტვოდნენ ჩვენი ქვეყნისაკენ.

ამ მხრივ საყურადღებოა XVII-XVIII საუკუნეების სომეხი პოეტის, ნაყაშ იონათანის მაგალითიც. ის აღნიშნავს, რომ ერევანში “ჰავა მავნებელია, არის ციებ-ცხელება, წყალი მღვრიეა”. ამ ქალაქში არაფერია საქებელი, ყველაფერი ძვირიაო. პოეტის სიტყვით, მას ერევანში გულ- ღვიძლი დაეხრუკა, დაავადდა და თბილისში გამოიპარა.1

მოისწრაფვოდნენ სომხები საქართველოსკენ, თბილისისკენაც, მაგრამ ამის გამო სამშობლოს წართმევა ხომ არ უნდა დაგვიპირონ?! სომხური ეკლესიის საჭეთმპყრობელთაც XVIII საუკუნეშიც კვლავ ჰქონდათ პრეტენზია, რომ სასულიერო სფეროში მათ ქართველებზე უფრო ძველი და ძლიერი ტრადიციები გააჩნდათ. ამის დასტურია ერეკლე II-ის თანამედროვე სომეხთა ცნობილი კათოლიკოსის, სიმეონ ერევანცის გამოკვეთილად (ცხადია, უსაფუძვლოდ) ნათქვამი სიტყვები: წყეულ კირიონამდეო2 ქართველები ყველაფერში ემორჩილებოდნენ სომხურ ეკლესიას.3

 

1 ლ. მელიქსეთ-ბეგი, ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, გვ. 183-187; ნაყაშ იონათანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ ხანებშიც ურიცხვმა მტერმა ვერ დააჩოქა ქართველი ერი: “საქართველოს ხალხი ღონიერია, სხვა მილეთზე უძველესი ერია, ურცხვი მტერი ბევრჯერ მოიგერია.”

 

2 ნაგულისხმევია VI-VII საუკუნეების ქართველთა კათოლიკოსი, კირიონ I.

 

3 სიმეონ ერევანცი, ჯამბრი, 1958, გვ. 138-139, რუსულ ენაზე.

 

***

 სომეხთა ამგვარი, ანტიქართული პოზიცია აღიზიანებდა ზოგიერთ ქართველს, რამეთუ ისინი მიიჩნევდნენ, რომ სომხები საქართველოს, ქართველი ერის მიმართ უმადურობას იჩენდნენ. სომხებით გაღიზიანებულ ქართველთა რიცხვს ეკუთვნის, კერძოდ, ერეკლე II-ის თანამედროვე მწერალი იესე ბარათაშვილი: “უღმთონი სომეხნი, მტერნი ქრისტესნი და მესისხლენი მართლმადიდებელთანი, რაოდენ ძალუცსთ და თუ დროს იცემენ, ვაჭარნი ვაჭრულად და ცოდვისათვის ჩვენისა მეფისა პალატსა შემოცვივნულნი, კალმით სისხლის მღვრელნი, რომლისა ბრალი ქრისტემან მათგან იზღვოს… მთავრობა და მეფობა-აღძრცვილნი და ყოელსა პირსა ქვეყანისასა ღვთის მიერ მონად მიცემულნი, საქართველოში უფლად და განმგედ და აზნაურად დაუდგენიათ, წინააღმდეგად ღვთის ბრძანებისა… ნახეთ აღმოსავალი, დასავალი… სადა აქვს სომეხსა აზნაურება! ღმერთმან განხეთქა, კაცმა ვით აღადგინოს?”1

ერეკლე II სომხებს თავის სამსახურში თუ აწინაურებდა, ამას იმ მიზნით შვრებოდა, რომ ერევნის სახანო ერეკლეს ექვემდებარებოდა, მისი მოხარკე იყო. არაერთხელ მკვდრეთით აღმდგარი საქართველო, ერეკლეც, ქართული ტრადიციისამებრ, ფიქრობდა კავკასიის გაერთიანებაზე, კერძოდ, სომხეთის გათავისუფლებაზე მუსლიმთა ბატონობისაგან, საქართველოსთან სომხეთის შემოერთებაზე.

იმდროინდელ რთულ ვითარებაში საამისოდ ერეკლე მეფეს სომეხთა, სახელდობრ, ეჯმიაწინის საკათოლიკოსოს მხარდაჭერაც სჭირდებოდა. XVIII საუკუნის მეორე ნახევრის გერმანელი მოგზაურის, აკადემიკოს გიულდენშტენდის ცნობით, “ჯავახეთი… არის ქართული მხარე, რომელიც ამჟამად მთლიანად თურქების ხელშია და ეკუთვნის ახალციხის გუბერნიას.” ჯავახეთი დასახლებულიაო ქართველებით, რომლებიც ქართულად ლაპარაკობენო.2

 ქართველებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ XVI საუკუნიდან თურქეთის საზღვრებში მოქცეულ ჯავახეთს ქართული იერ-სახე შეენარჩუნებინა. ასე, რომ სომხები ჯავახეთში, ისევე, როგორც, საერთოდ, საქართველოში მოსახლეობის უმცირესობას შეადგენდნენ XIX საუკუნემდე და არა უმრავლესობას.

1 ქართული პროზა, V, თბ., 1983, გვ. 645.

 

2 გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. I, გ. გელაშვილის გამოცემა, თბ., 1962, გვ. 215, 315, 317.

 

***

 ჯავახებში არსებობს გამოთქმა: “ჯავახეთი ოთხმოცჯერ წახდენილა და ოთხმოცდაათჯერ აღშენებულა.” 1

სომხები, როგორც უკვე ითქვა, სამშობლოს მასობრივად ტოვებდნენ და სხვადასხვა ქვეყნებს ეხიზნებოდნენ. მტერთაგან დაცული არც ჯავახეთი იყო, ამ მხარეში ხშირად თარეშობდნენ დამპყრობნი და ჯავახეთის 90-ჯერ აღშენებას სომხები თავს არ შეაკლავდნენ. ეს რომ ნდომოდათ, თავიანთ სამშობლოსაც არ მიატოვებდნენ. აქედანაც გამომდინარეობს, რომ ჯავახეთში სომხებს XIX საუკუნემდე მხოლოდ მცირე რაოდენობით შეიძლება ეცხოვრათ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სომხები, ხედავდნენ რა ქართველთა შეუპოვარ ბრძოლას ირან-თურქეთისა და ლეკების წინააღმდეგ, დარწმუნდნენ, რომ ამიერკავკასიაში ქრისტიანული სამეფოს არსებობა თურმე შეიძლება.

სომხებშიც გაძლიერდა სწრაფვა სომხური სამეფოს აღდგენისა. დამპყრობლები, როგორც სპარსეთისა და თურქეთის, ასევე რუსეთის იმპერიები ცდილობდნენ გაეჩინათ, გაემრავლებინათ აგენტები, ჯაშუშები საქართველოს სომხურ მოსახლეობაში. მათ ეს სომხები გამოიყენეს როგორც კრწანისის ომში, 1795 წელს ერეკლე II-ის დასამარცხებლად, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის მიზნით.

ამის თაობაზე არსებობს სხვადასხვა სახის ცნობები, გადმოცემები. სპარსეთის საჭურისმა მბრძანებულმა, აღა-მაჰმად- ხანმა 1795 წელს თბილისი რომ გადაბუგა, დაანგრია და რბევა- თარეშით საქართველოს დროებით გაეცალა, იმ დღეებში შიოშ თუმანიშვილი წერდა სულხან და მანუჩარ თუმანიშვილებს (ეს სომხური წარმომავლობის პირები დაწინაურებული იყვნენ მეფე ერეკლეს სამსახურში): “ბატონი (ერეკლე II - ა. ა.) თიანეთს წაბრძანდა, თავი ვერ დავაღწიეთ, თან ვიახელ. აქ დარჩა ჩვენი ყუთები, დამტვრეული და უკლიტო, საბლებით შემიკრავს და თვითეულად დამიწერია. აქ დუშეთის მიშკარბაშს და ქალუას მივაბარე… თქვენ რომ მობრძანდებით, მე კი წამოვალ. თუ იშოვნოთ, ცოტა თეთრი (ფული - ა. ა.) წამოიღე ქალაქისა, კარგი დრო არის, ეგების ცოტათი ბევრი ვიშოვოთ.”

 მაშასადამე, ერეკლე მეფის სომეხი მოხელეები ცდილობდნენ, ხელი მოეთბოთ იმ ცეცხლზე, რომლითაც იწვოდა თბილისი და მთელი საქართველო, რასაც ეწირებოდნენ სამასი არაგველნი და მრავალი სხვა ქართველნი. თბილისელი სომეხი მონაზვნების, თაგუჰი მირიმანიანისა და გაიანე ხოჯა-ბეჰბუდიანის 1795 წ. ოქტომბრით დათარიღებულ წერილში  ნათქვამია: ქართველებიო “ჩაებნენ ბრძოლაში მის (აღამაჰმად- ხანის - ა. ა.) წინააღმდეგ; მაგრამ მცირე ჯარით (უფრო მეტად იმის გამო, რომ ქართველთა და სომეხთა შორის განხეთქილება არსებობდა) მეფემ ვერ შეძლო წინ აღდგომოდა სპარსთა ჯარს.”

 

1 ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, I, გვ. 331.

 

***

მეფე ერეკლეს შვილიშვილი, მეცნიერი თეიმურაზ ბაგრატიონი გვაუწყებს: კრწანისის ომში დამარცხებულ, მთიულეთში გახიზნულ ერეკლესთან მისულან განჯის ხელისუფლის, ჯავად ხანის ელჩები. მათ მოახსენეს აღა-მაჰმად-ხანს: “ჩვენი არა ნებავდათ გამოტევებაი (გამოშვება _ ა. ა.)1… მაგრამ იდუმალ მოვიდეს ჩვენ თანა მახლობელნი ვინმე კაცნი მეფისანი, რომელნიცა არიან მეგობარ ჯავადხანისა და დაფარვით ღამე გამოგვიტევეს მათ.”

 მაშასადამე, მეფისთვის მის მოხელეებს უღალატნიათ. ერეკლეს მრავალი სომხური წარმოშობის მოხელე ჰყავდა, კერძოდ, უკვე ნახსენები თუმანიშვილები და მათი მსგავსნი, რომლებიც ღალატსაც არ ითაკილებდნენ. ცნობილია, რომ საქართველოსკენ, თბილისისკენ აღა-მაჰმადხანის ჯარს მოუძღოდა ყარაბაღელი სომეხი მელიქი (გამგებელი) მეჯლუმი, თავისი რაზმით. ამის გამო მას კიცხავს სომეხი პოეტი შამჩი-მელქო: “მელიქ-მეჯლუმ ძაღლი გახდეს…”2

ამ უტყუარი მასალების შუქზე სარწმუნო ხდება ერეკლე II-ის შვილიშვილის, ალექსანდრე ორბელიანისეული და სხვა გადმოცემებიც სომეხთა ღალატზე, კერძოდ, იმის შესახებ, რომ აღა-მაჰმად- ხანს არ ჰქონდა იმედი მეფე ერეკლეს დამარცხებისა, ბრძოლის ველიდან უკან გაბრუნებასაც აპირებდა, მაგრამ “იუდა ჟამს ეძიებდა.” 3 ჯაშუშებმა, მათ შორის, სომხებმა აღა-მაჰმად-ხანი დაარწმუნეს, რომ ერეკლეს მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა და დიდხანს ვერ გაუძლებდა სპარსელთა ურდოებს.

ერეკლეს საკმაო რაოდენობით რომ არ ჰყავდა ლაშქარი, ესეც, მნიშვნელოვანწილად, იგივე ჯაშუშების დამსახურებაა. ისინი ქართლ-კახეთში ხმებს ავრცელებდნენ, რომ სპარსელები მთელ აღმოსავლეთ საქართველოს აიკლებდნენ, ლეკებიც შემოესეოდნენ ქართლ-კახეთს. ამიტომ ყველამ თავიანთი კუთხე-კუნჭული უნდა დაიცვას და ერეკლესთან თბილისში ჯარი არ უნდა გაგზავნოთო. დავით გურამიშვილის სიტყვით, “თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი, სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თვითო ქიშტი!”

 

1 ამ დროს ერეკლე ახალ ჯარს აგროვებდა სპარსელებთან საომრად.

 

2 ლ. მელიქსეთ-ბეგი, ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, გვ. 212; ვ. ნალბანდიანი, თბილისი ძველ სომხურ მწერლობაში, თბ., 1959, გვ. 166.

 

3 ეს სიტყვები ნიკოლოზ ბარათაშვილს ეკუთვნის. ამ ამბებზე იხ. ა. აბდალაძე, კრწანისის ომი და სომეხთა პოზიცია, გაზეთი “ბედი ქართლისა,” 7. IX. 1995წ., #3.

 

***

ამ კავკასიელებს ირან-თურქეთი აქეზებდა. და მაინც საქართველო ცდილობდა ერთობის მიღწევას კავკასიაში. 1783 წ. ტრაქტატის ძალით, რუსეთი ერეკლეს მხედრობით უნდა დახმარებოდა აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს მით უფრო აუცილებელი იყო, რომ ტრაქტატით შეშფოთებულმა ისლამურმა სამყარომ გაორკეცებული ძალებით შემოუტია ქართლ-კახეთს, რის შედეგადაც ქართლ-კახეთის მოსახლეობა 1783-1801 წლებში განახევრდა, როგორც ამას აღნიშნავს ივანე ჯავახიშვილი. 1

რუსეთის იმპერია იმიტომ არ დაეხმარა ერეკლეს კრწანისის ომში, რომ მას აწყობდა ქართველთა დამარცხება, რათა ამით გაადვილებოდა ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთება. არადა, ტრაქტატის მიხედვით, ქართული სახელმწიფოებრიობა რუსეთს არ უნდა მოესპო, ქართლ-კახეთის სამეფო უნდა შესულიყო რუსეთის მფარველობის ქვეშ, მისი ვასალი უნდა გამხდარიყო. ეს რუსეთს სჭირდებოდა იმისთვის, რომ კავკასიაში საყრდენი მოეპოვებინა და აქედან შეეტია თურქეთისა და სპარსეთისათვის. რუსეთი ქართლკახეთის სამეფოს ვასალობას აღარ დასჯერდა და ქართული სახელმწიფოებრიობა გაანადგურა.

 რაც თურქეთმა და სპარსეთმა ვერ შეძლეს, ის გააკეთა მოყვრულად მოსულმა, შემოპარულმა მტერმა, რუსეთის იმპერიამ. ერეკლე ფიქრობდა, რომ რუსეთის მფარველობით საქართველო გაძლიერდებოდა, გაერთიანდებოდა და სომხეთიც საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდა. ეს არც რუსეთს და არც სომეხთა გარკვეულ წრეებს არ აწყობდათ. ამის გამო რუსეთის ხელისუფლებამ ერეკლესთან დაახლოებული სომხებიც გამოიყენა მახის დასაგებად, ერთმორწმუნე2 ქართველების მოსატყუებლად, რის შედეგადაც სამიათასწლოვანი ქართული სახელმწიფოებრიობა ჩვენს მრავალტანჯულ წინაპრებს თავზე დაამხეს. სომხებმა მიზნად დაისახეს, რომ რუსეთთან ალიანსით პირველობა მოეპოვებინათ ამიერკავკასიაში. მათ აწყობდათ ქართლ-კახეთის სამეფოს მოსპობა.

 

1 იხ.ივ. ჯავახიშვილი, პ. სურგულაძე, პროფ. ლისტი, ისტორიული რარიტეტები, თბ., 1989წ.

 

2 ცხადია, იმპერიისთვის ერთმორწმუნეობა არაფერს ნიშნავს და ის შეიძლება მხოლოდ ვინმეს გასაბრიყვებლად გამოიყენოს. მტერთაგან შევიწროებული ქარ- თველები რუსეთის ხელისუფლების ვერაგობას გვიან მიხვდნენ.

 

***

 იოანე ბაგრატიონი XVIII საუკუნის ბოლოს ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფოებრივი რეფორმების პროექტში აღნიშნავდა: “პირველი საქმე არს, რითაც შეიძლებოდეს ვაჭრობა დავაგვაროთ ქართველთა კაცთა შორის. ამისთვის, რომელ რისაც სარწმუნოებისა არის მეფე და ერნი, ვაჭარნიცა მისივე სარწმუნოებისანი უმჯობეს იქმნებიან. ჩვენ თითქმის სომხების და თათრების ვაჭრების ხელის შემხედველნი ვართ და ეს ძლიერება იქმნება ჩვენი, ოდესცა ვაჭარნიცა ჩვენნი იქმნებიან. და ამისთვის გამოვარჩიოთ ქართლიდამ, კახეთიდამ, რაოდენნიმე კაცნი, ისევ ვაჭრებთან ნამყოფნი და შევაჩვიოთ ვაჭრობას. ამათ ხელი განემართოს საქვეყნოს შემოსავლიდამ, რათა ისწავლონ ვაჭრობაი.”1

როგორც ვხედავთ, ქართლ-კახეთის მეფის შვილი იოანე არ ენდობა სომეხ და მაჰმადიან ვაჭრებს. ეს ფაქტიც მოწმობს, რომ ქართველ-სომეხთა ურთიერთობა იმ ხანებში გამწვავებული ყოფილა. ქართველები განუწყვეტლივ ომობდნენ და მათ შორის დამკვიდრდა ტრადიცია, რომ ვაჭრებს ზემოდან უყურებდნენ. თუ საქართველოში შემოხიზნულ სომხებს ჩვენმა მეფეებმა ვაჭრობის საქმე მიანდეს, ეს მოხდა ისევ და ისევ იმ მიზნით, რომ კავკასიის ერთიანობას, სომხეთში საქართველოს გავლენის გაძლიერებას, დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველ-სომეხთა ერთობლივ ბრძოლას ამით ხელი შეწყობოდა.

თუ ამ მოსაზრებით არ ხელმძღვანელობდნენ, ქართველთა მეფეებს, ცხადია, შეეძლოთ ვაჭრობის საქმე უფრო მეტად ქართველი ებრაელებისათვის მიენდოთ და არა სომხებისათვის.

 

1 იოანე ბაგრატიონი, სჯულდება, ივ. სურგულაძის გამოცემა, თბ., 1957, გვ. 39-40.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq